რუსლან გვაშევი (kavkaz-uzel.eu)

რუსეთის კრასნოდარის მხარეში ჩერქეზების უფლებების დარღვევის გამო ერთი თვეა პროტესტი არ ცხრება. ამ პროტესტის მთავარი ფიგურა კი უხუცესი და აფხაზეთის „გმირად“ შერაცხული 67 წლის რუსლან გვაშევია.

სოჭის მახლობლად ჩერქეზებისთვის წმინდა ტიტას ხესთან მლოცველების დარბევის და შემდეგ „არასანქცირებული“ ლოცვის და „ექსტრემიზმის“ ორგანიზატორობის ბრალდებით რუსლან გვაშევი 10 000 რუბლით დააჯარიმეს, რის გამოც 11 სექტემბერს გვაშევმა შიშილობა დაიწყო, მისი უფლებების შელახვის გამო კი საპროტესტო გამოსვლები რამდენჯერმე გაიმართა კრასნოდარში, სოჭსა და სოხუმში  და აცხადებენ, რომ სამართლის პოვნამდე ბრძოლის შეჩერებას არ აპირებენ.

რუსლან გვაშევს გაცხადებული ჰქონდა, რომ სანამ სასამართლო არ გაამართლებდა, შიშმილობას არ შეწყვეტდა, თუნდაც ამას მისი სიკვდილი გამოეწვია, თუმცა 5 ოქტომბერს ჩანიშნული სასამართლო სხდომა 16 ოქტომბრამდე გადაიდო და რადგანაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, სასამართლოს შენობასთან შეკრებილი ჩერქეზი აქტივისტების საჯარო თხოვნის გამო 25 დღის შემდეგ მან შიმშილობა შეწყვიტა. თუმცა ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა.

ჩერქეზები საბოლოო გადაწყვეტილებას კრასნოდარის სასამართლოსგან 16 ოქტომბერს ელოდებიან და თუ სასამართლო გვაშევს უდანაშაულოდ არ ცნობს და ჯარიმას არ გააუქმებს, ისინი დანებებას არ აპირებენ და დიდი პროტესტით იმუქრებიან.

რუსლან გვაშევი 67 წლისაა. ის ჩერქეზეთში ძალიან ცნობილი და პატივსაცემი ადამიანია, წლების წინ  ჩერქეზებისა და შაფსუღების უხუცესთა საბჭოს ხელმძღვანელობდა. მას ასევე დიდ პატივს სცემენ აფხაზეთში, რადგან მონაწილეობდა 1992-1993 წლების ომში და ჩრდილოეთ კავკასიიდან „მოხალისე მეომრების” მობილიზებას ახდენდა, რის გამოც აფხაზეთის მთავარი ჯილდო, „ლეონის ორდენი“ აქვს მიღებული და ამავე დროს  – აფხაზეთის მოქალაქეობაც. გვაშევს აფხაზეთში მიღებული ჭრილობების გამო ფეხი ამპუტირებული აქვს.

თავად გვაშევი ეთნიკურად შაფსუღია. შაფსუღები დიდი ჩერქეზული ეთნოსის მცირერიცხოვან ქვეჯგუფს წარმოადგენენ, რომლებიც მე-19 საუკუნეში რუსეთის ექსპანსიის შედეგად თითქმის გადაშენდნენ და ამჟამად სულ რაღაც 4 000-მდე არიან. ჩერქეზები საკუთარ თავს „ადიღებად“ მოიხსენიებენ და ამჯამად ამ ეთნოსში საკუთრივ ჩერქეზების გარდა (დაახლ. 60 ათასი), შედიან ყაბარდოელები (დაახლ. 0,5 მილიონი) და საკუთრივ ადიღები (დაახლ. 110 000). ამას გარდა, დიდი ჩერქეზული დიასპორა ცხოვრობს თურქეთში (1,5 მილიონი) და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით იორდანიაში, სირიაში, ერაყსა და ლიბიაში, სადაც ისტორიულად სამხედრო ელიტას წარმოადგენენ.

ჩერქეზების წმინდა ხე სოფელ გოლოვინკაში, სოჭის მახლობლად. (onkavkaz.com)

აფხაზები ჩერქეზების მონათესავე ეთნოსია, რომელსაც მათთან ისტორიულ-კულტურული ერთობის აღქმა აქვს. სწორედ ამიტომ, 1992-93 წლების ომის დროს ადიღე-ჩერქეზ-ყაბარდოელები აქტიურად მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში აფხაზების მხარეს.

ჩერქეზების პროტესტის ეს ისტორია 21 მაისის ამბიდან დაიწყო. 21 მაისი ჩერქეზებისთვის გლოვის დღედაა მიჩნეული. ქალაქ სოჭის მახლობლად მდებარეობს პატარა სოფელი გოლოვინკა, სადაც 200-წლოვანი კავკასიელი ხალხისათვის  წმინდა ტიტას ხე ხარობს  და სადაც ბოლო 20 წელია ჩერქეზები 21 რიცხვში სალოცავად დადიან 1817–1864  წლების კავკასიური ომის მსხვერპლთა ხსოვნის აღსანიშნავად.

ჩერქეზებისთვის სოჭი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ადგილია, რადგან მე-19 საუკუნის ბოლოს რუსებმა ამ ტერიტორიიდან გაასახლეს დიდი ჩერქეზული ერთობის წევრი სუბეთნოსები – შაფსუღები და უბიხები.

ჩერქეზების ხსოვნის ლოცვა წელს პირველად დაარბია პოლიციამ. მათ მლოცველები დაშალეს, რამდენიმე დააპატიმრეს, მათ შორის ლოცვის წინამძღვარი უხუცესი რუსლან გვაშევიც. როგორც შშმ პირი, ის ციხიდან მალევე გაუშვეს, თუმცა 2 ივნისს სოჭის სასამართლომ ლოცვა „ექსტემიზმის აქტად“  შეაფასა, გვაშევი კი 10 000 რუბლით დააჯარიმა, როგორც „უნებართვოდ ჩატარებული აქციის ორგანიზატორი“. გადაწყვეტილება კრასნოდარის საოლქო სასამართლოს გადაიგზავნა და ჯარიმა ძალაში 30 აგვისტოს შევიდა. გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად გვაშევმა სასამართლოში საჩივარი შეიტანა, 11 სექტემბერს კი შიმშილობაც დაიწყო. ამის შემდეგ გვაშევის პროტესტი კავკასიელებში მთავარ მნიშვნელოვან ფაქტად გადაიქცა.

გვაშევის მხარდასაჭერად აქციები რამდენჯერმე გაიმართა კრასნოდარში, სასამართლოს წინ, აფხაზები გამოვიდნენ სოხუმშიც. გვაშევს მხარდაჭერას უცხადებენ აფხაზები და სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებაც. რაულ ხაჯიმბამ ის სოხუმში სამკურნალოდაც მიიწვია.

გვაშევის სასამართლო განხილვა კრასნოდარის სამხარეო სასამართლოში 5 ოქტომბერს იყო დანიშნული. 25-დღიანი შიმშილობის გამო ჩერქეზი უხუცესი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, გადაადგილება არ შეეძლო, ამიტომაც სოჭში მას სასწრაფო დახმარების მანქანა სოხუმიდან დე ფაქტო ხელისუფლებამ გაუგზავნა. თუმცა სასამართლო სხდომა არ შედგა, ის 16 ოქტომბრამდე გადაიდო. ამ გადადებამ კიდევ უფრო განარისხა ჩერქეზი აქტივისტები. მათ სასამართლოს წინ აქცია მოაწყვეს, სადაც აცხადებდნენ, რომ სასამართლო ამ გადადებით ცდილობს ჩერქეზი უხუცესი შიმშილობისგან მოკვდეს, შემდეგ უკვე ისედაც უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფ გვაშევს მიმართეს თხოვნით, შეეწყვიტა შიმშილობა. გვაშევმა 25 დღის შემდეგ თანამემამულეების მოწოდების გამო შიმშილობა შეწყვიტა. ახლა კი ყველა 16 ოქტომბრისთვის ემზადება.