ამბები

რეფნანსირების განაკვეთის ზრდა შეიძლება ეკონომიკის შეფერხების ინდიკატორი იყოს

by | Jul 2, 2015
National_Bank

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 5.5 პროცენტამდე გაზარდა (IPN)

ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის გაზრდის მოლოდინის გამო რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კლიენტების გარკვეულ კატეგორიას სესხი კიდევ უფრო გაუძვირდება, რაც ცალკეული ადამიანებზეც აისახება და ეკონომიკის განვითარებაზეც.

ამის შესახებ გადაწყვეტილება  ეროვნულმა ბანკმა ოთხშაბათს მიიღო და არგუმენტად სწორედ ინფლაციის ზრდის მოლოდინი დაასახელა მაშინ, როცა ხელისუფლებაში ამ საფრთხეზე არაფერს ამბობენ.

რეფინანსირების განაკვეთი ამჯერადაც 50 პუნქტით გაიზარდა და 5,5% შეადგინა. ამასთან, უკვე გაცხადდა ისიც, რომ წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთი იდევ გაიზრდება.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ,  მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეფუძნება მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვით გაიზარდა ინფლაციის მოლოდინი და საპროგნოზო ინფლაციაზე მოქმედი  შიდა და გარე რისკი.

„არსებული პროგნოზის შესაბამისად მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს საპროცენტო განაკვეთის ეტაპობრივ ზრდას 2015 წლის ბოლოს 6.5 პროცენტამდე,“ – ნათქვამია  ეროვნული ბანკის განცხადებაში, სადაც  დეტალურად არის განმარტებული ამ გადაწყევტილების მიზეზები.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო თვეების განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი იზრდება. საწვავზე ფასის წლიური კლება ნაწილობრივ აბალანსებს ინფლაციის ზრდას. ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებული ნეგატიური ეკონომიკური ტენდენციები განაგრძობს უარყოფითი გავლენის გადმოცემას საქართველოს ეკონომიკაზე. შემცირებულია საქონლის ექსპორტი და ფულადი გზავნილები. ტურისტული შემოდინების ზრდის ტემპი დაბალია.

ასევე, ეროვნული ბანკის პოლიტიკაზე წნეხი ზრდის გრძელვადიან საპროცენტო განაკვეთებს, ასუსტებს მონეტარული პოლიტიკის გადაცემის ეფექტიანობას და ხელს უწყობს ინფლაციის მოლოდინის ზრდას.

„მიმდინარე პროგნოზის მიხედვით, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს 2015 წლის მეორე ნახევარში მიაღწევს,“ – ნათქვამია განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ „მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილების დინამიკა დამოკიდებული იქნება მოსალოდნელი ინფლაციის დინამიკაზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდის ტენდენციებზე, გლობალურ და რეგიონალურ ეკონომიკურ გარემოზე”.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ  მომხმარებელთა სააკმაოდ დიდ  ნაწილს სესხი გაუძვირდება.

ეკონომიკური საკითხების ექსპერტები  კი გაცილებით დიდ პრობლემას იმაში ხედავენ, რომ  ეროვნული ბანკის ეს ნაბიჯი შეიძლება ეკონომიკის განვითარების  შეფერხების ინდიკატორი იყოს.  მათი თქმით, შექმნილ ვითარებასა და ფასების მოსალოდნელი ზრდის თავიდან ასაცილებლად ეს ერთადერთი გამოსავალი იყო. თუმცა აღნიშნავენ, რომ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა საბოლოოდ ბანკებისთვის და ზოგადად ქვეყანაში ბიზნესის განვითარებისთვის უარყოფითი შედეგის მომტანი იქნება.

“რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა არის ერთ-ერთი საშუალება  ლარის სტაბილურობისთვის, მაგრამ ბიზნესის აქტიურობის შეკვეცის ხარჯზე. ეს არის იძულებითი ნაბიჯი და, ცხადია, ამით ბანკების საკრედიტო აქტივობა შემცირდება, რადგან პროცენტი იწევს. ეს ნიშნავს ბიზნესისთვის სესხების გაძვირებას და აქტივობის შეკვეცას ლარის სტაბილურიბის  მიღწევის მიზნით,”  – ამბობს DFWatch-თან ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი (2005-07 წწ.) და არასამთავრობო ორგანიზაცია  “ეკონომიკური  განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი, რომან გოცირიძე.

მისი თქმით, ეროვნული ბანკის მოტივაცია ასეთ შემთხვევებში, როდესაც რეფინანსირების განაკვეთს ზრდის, არის ის, რომ საპროცენტო განაკვეთი აიწიოს, რაც ფასების ზრდის შენელების ერთ-ერთი მეთოდად ითვლება.

„მაგრამ პროცენტის აწევა იწვევს ეკონომიკის მიერ მოქნილობის კიდევ უფრო დაკარგვასა და ბიზნესის შენელებას,” – ამბობს გოცირიძე.

ის აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ეროვნული ბანკის  ეს ნაბიჯი ზოგადად იმის მაჩვენებელია, რომ სავალუტო კრიზისი სულ უფრო ღრმავდება და ეს პირველ რიგში ეკონომიკაზე აისახება, რაც შემდეგ უკვე თითოეულ მოქალაქესაც შეეეხება.

ეროვნულმა ბანკმა  ამ წლის განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთი უკვე მესამედ გაზარდა და  ყველა ჯერზე 50 პუნქტით ზრდიდა, რამაც საერთო ჯამში 150 პუნქტი შეადგინა.  წლის დასაწყისში რეფინანსირების განავეთი 4% იყო, ახლა უკვე 5,5%-ია და წლის ბოლომდე კიდევ 100 პუნქტით გაზრდას პროგნოზირებენ.

რეფინანსირების განაკვეთის შემდეგი შეცვლა კი 12 აგვისტოსთვის არის დაგეგმილი, როდესაც  გადაწყვეტილების მიმღები საბჭო შეიკრიბება.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031