eka-gigauri

Eka Gigauri

დასავლეთთან ინტეგრაციის შენელება და საქართველოში პრორუსული განწყობების ზრდა  – ეს არის ორი მნიშვნელოვან საკითხი აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ჯეიმს კლაპერის მოხსენებაში. რუსული პროპაგანდის ზრდისა და ამის წინააღმდეგ მოქმედების გზებზე საუბრობენ საქართველოს მთავრობის წევრებიც. დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, მთავრობაში დიდი ხანია, ფიქრობენ, რომ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ქვეყანაში რუსულენოვანი არხი ან გადაცემები გაჩნდეს, რომელთა საშუალებითაც რუსულენოვანი მოსახლეობა არადამახანიჯებულ, არაინტერპრეტირებულ ინფორმაციის მიიღებს.

ქვეყანაში პრორუსული განწყობის გაძლიერებაზე საუბარი პირველი არაა. არასამთავრობო ორგანიზაცია NDI-ს 2015 წლის კვლევის შედეგების თანამხად, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ მოქალაქეთა რაოდენობა  წინა წლებთან შედარებით, 10-11%-ით შემცირდა. გვახსოვს ასევე, თბილისსა თუ რეგიონებში პრორუსული, ანტიდასავლური განწყობის მქონე ორგანიზაციებისა, მაგალითად „ევრაზიული კავშირის“ და მოქალაქეების მიერ გამართული აქციები.

ანტიდასავლური პროპაგანდის გაძლიერებაზე, DFWatch-თან  არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ თავმჯდომარე ეკა გიგაური საუბრობს. მისი თქმით, ბოლო დროს რეგიონებში პრორუსული განწყობის ბუკლეტები რიგდება. რომელთა მთავარი შინაარსია, რომ დასავლეთი ცუდია და რუსეთი კარგი.

„არის ძალიან ეფექტური გზავნილები. მაგალითად, ის, რომ დასავლეთი საქართველოში  ერთსქესიანთა ქორწინებას ითხოვს. მეორე გზავნილია – გართულებული პროცედურები, რომელიც სოფლის მეურნეობაში უნდა დაინერგოს. მაგალითად, რა მოთხოვნები აქვს ევროკავშირს, რომ პროდუქცია მათთვის მისაღები გახდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, იმაზე, რომ პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება ამ ადამიანებისთვისაც ვინც ამ პროდუქტს გამოიყენებს უკეთესი იქნება, საუბარი არაა.

„მთავარი პრობლემა ისაა, რომ ეს რიგითი მოსახლეობისთვის გასაგებ ენაზე ხდება. როდესაც ჩვენ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრები გვქონდა, ისეთი შთაბეჭდილება შეგვექმნა, რომ მოსახლეობას ევროკავშირთან დაკავშირებით ბევრი ინფორმაცია არ აქვს. ამიტომ სახელმწიფოს მხრიდან მეტი აქტიურობაა საჭირო“, – აღნიშნა გიგაურმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ თავმჯდომარის შეფასებით,  ანტიდასავლური პროპაგანდის გაძლიერება იმან გამოიწვია, რომ სპეცსამსახურები, რომელსაც ეს ევალება, ასეთი ტიპის საქმინობას მონიტორინგს არ უწევენ. ამ ორგანიზაციებსაც თუ კონკრეტულ პირებსაც  არ ეშინიათ, რომ მათი უკანონო შემოსავლები  ცნობილი გახდება და შესაბამისი რეაგირებაც მოყვება. მათი გააქტიურების  მიზეზად შესაძლოა, ისიც მივიჩნიოთ, რომ რიგი პოლიტიკოსების (რედ. მაგალითად, გოგი თოფაძის)  განცხადებების გამო, რომ თურმე საქართველოს ნატოში გაწევრიანებას არ ემხრობიან და მსგავსი, ეს ორგანიზაციებიც ფიქრობენ, რომ თანამოაზრეები ასეთ მაღალ წრეებშიც ყავთ.

“პოლიტიკოსების მსგავსი განცხადებები სულ ცოტა არასასურველია. რადგან მართალია, მათი კოლეგები შემდეგ გამოდიან და აცხადებენ, რომ ამ მოსაზრებებს არ იზიარებენ, მაგრამ იმ ფაქტმა, რომ მსგავსი განცხადების ავტორები კვლავ კოალიციაში რჩებიან, შესაძლოა, დასავლელი პარტნიორების დაბნეულობაც გამოიწვიოს. ეს კი უარყოფითად თუ არა სასიკეთოდაც არ წაადგება ქვეყნის საგარეო კურსს. საგარეო კურსთან დაკავშირებით, კოალიციაში შემავალ სხვადასხვა პარტიებსა თუ პირებს ამდენად განსხვავებული მოსაზრებები არ უნდა ჰქონდეთ. ვერ ვხდები, რატომ არიან ეს პარტიები თუ პირები  კოალიციაში. რატომ არ ხდება კოალიციის მხრიდან უფრო მკაცრი რეაგირება და მათი  კოალიციიდან გარიცხვა,“ – განაცხადა გიგაურმა.

როგორც გიგაურმა DFWatch-ს უთხრა, მათმა ორგანიზაციამ კვლევის შედეგად დაადგინა, რომ საქართველოში ანტიდასავლური მედიაც არსებობს. კვლევის მიზანი იყო, ენახა მედიასაშუალებების მფლობელები და დაედგინა არსებობდა თუ არა რაიმე კავშირი სხვადასხვა მედიასაშუალებების დამფუძნებლებსა და  იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევიან. კვლევის შედეგად კი აღმოჩნდა, რომ ისეთი პრორუსული მედიასაშუალეების უკან, როგორიცაა მაგალითად, გაზეთი „ასავალ-დასავალი“, ონლაინ გამოცემა „მარშალპრესი“, სატელევიზიო არხი „ქართული არხი“ და სხვა, ის ადამიანები დგანან,  რომელთაც  ანტიდასავლური განწყობის ერთი ან რამდენიმე არასამთავრობო აქვთ დაფუძნებული.

გიგაური აღნიშნავს იმასაც, რომ მედიაში მსგავსი პროპაგანდის თავიდან ასაცილებლად საჭიროა მედიასაშუალებების მფლობელთა და მათი შემოსავლების გამჭვირვალობა, ასევე შესაბამისი მონიტორინგიც. ამ შემთხვევაში საზოგადოებას ეცოდინება, რომ კონკრეტული მედიასაშუალება პრორუსული განწყობის, სენტიმენტების მქონე ადამიანის მიერ ფინანსდება, შედეგად ამ საშუალების მიმართ ნდობაც შესაბამისი იქნება.