ჭიათურელი ქალები (მარი ნიკურაძის ფოტო)

ჭიათურელი ქალები (მარი ნიკურაძის ფოტო)

თბილისი, DFWatch – საშუალოსტატისტიკური ქალის შემოსავალი საქართველოში მამაკაცის შემოსავლის 2/3-ს შეადგენს, რაც შრომის ბაზარზე არსებული სეგრეგაციითა და გენდერული როლების ტრადიციული აღქმითაა გამოწვეული.

ქალთა პოლიტიკის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის  (IWPR) მონაცემებით,  გლობალური მასშტაბით, ქალის ხელფასი მამაკაცისას მხოლოდ 2058 წელს გაუტოლდება. 2013 წელს კი საშუალოსტატისტიკური ქალის ხელფასი მამაკაცისის ხელფასის მხოლოდ 78%-ს შეადგენდა.

კავკასიაში ეს სხვაობა კიდევ უფრო თვალშისაცემია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 63%-ს შეადგენს, აზერბაიჯანში 47.5%-ს, სომხეთში კი 64%-ს.

2014 წლის ივნისში თსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ცენტრმა საქართველოს შრომის ბაზარზე გენდერული დისკრიმინაციის კვლევა ჩაატარა. მათ ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ფორმალურად თუ არაფორმალურად დასაქმებული 1364 ადამიანი  გამოკითხეს.

როგორც ცენტრის კვლევამ აჩვენა, საქართველოში საშუალოდ ქალის ხელფასი 251-400 ლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო მამაკაცისა კი 401-700 ლარია. კვლევის თანახმად, სამსახურში დაწინაურების და ხელფასის ზრდის მხრივ ორივე სქესს მეტ-ნაკლებად თანაბარი შესაძლებლობა აქვს, თუმცა ქალებს, მამაკაცებთან შედარებით,  პრემიის მიღების დაბალი შანსი გააჩნიათ (34% და 66% შესაბამისად).
ამავე დროს, ქალების მხოლოდ 53% და მამაკაცების  42% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ერთი და იგივე თანამდებობაზე სქესის მიხედვით სხვადასხვა გასამრჯელოს დაწესება დისკრიმინაციულია. როგორც მკვლევარები აცხადებენ, თუ თანაბარი შესაძლებლობების  პრინციპი ფუნდამენტურ უფლებად არ იქნება აღიარებული, ძნელია ანაზღაურებაში  გენდერულ უფსკრულთან და შრომის ბაზარზე არსებულ ზოგად უთანასწორობასთან ბრძოლა.

ამასთანავე, კვლევის თანახმად, განათლების დონე, გარდა მეცნიერებათა დოქტორის ხარისხისა, მამაკაცის ხელფასზე გავლენას არ ახდენს. ამავდროულად, ქალს უნდა ჰქონდეს მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი მაინც, მისი ხელფასი საშუალო განათლების მქონე  კაცის ხელფასს რომ გაუთანაბრდეს.  როგორც კვლევის ხელმძღვანელი, ნანი ბენდელიანი DFWatch-თან საუბრისას ამბობს, ეს შეიძლება, როგორც მინიმუმ, ნაწილობრივ  მაინც აიხსნას  შრომის ბაზარზე არსებული გენდერული სეგრეგაციით. როგორც ამ ცხრილში ჩანს (სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით),  შრომის ბაზარზე მკვეთრი მიჯნა არსებობს ქალებისა და მამაკაცებისთვის დამახასიათებელ სექტორებს შორის.

ცხრილი 1. გენდერული სეგრეგაცია შრომის ბაზარზე

ცხრილი 1. გენდერული სეგრეგაცია შრომის ბაზარზე


ქალები ისეთ სექტორებში დომინირებენ, როგორიცაა განათლება, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და სოციალური სფერო, მომსახურება და ადმინისტრაცია, ასევე ფინანსები და დაზღვევა. ბენდელიანი ყურადღებას იმ გარემოებაზე ამახვილებს, რომ, მართალია,საფინანსო სექტორში უფრო მეტი ქალია დასაქმებული, მაგრამ, ისინი ძირითადად დაბალანაზღაურებად პოზიციებზე მუშაობენ, როგორიცაა, მაგალითად, საბანკო ოპერატორი, კაცებს კი ხელმძღვანელი პოზიციები უკავიათ. იმავდროულად, მამაკაცები სატრანსპორტო, სამშენებლო და თავდაცვის სფეროებში დომინირებენ.

შესაბამისად, ბენდელიანის განცხადებით, ქალები, როგორც წესი, დომინირებენ ისეთ სექტორებში, სადაც მუშაობის დასაწყებად უმაღლესი განათლება აუცილებელია, მაგალითად განათლების სფერო ან ფინანსები, მამაკაცები კი ისეთ სფეროებში არიან მეტწილად წარმოდგენილი,სადაც მუშაობის დასაწყებად უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი საჭირო არ არის.

აღსანიშნავია, რომ ის “ქალური” სამუშაო, სადაც დიპლომია საჭირო (ძირითადად საჯარო სექტორში), მაინც უფრო ნაკლებანაზღაურებადია, ვიდრე “კაცური” სამუშაო (ძირითადად კერძო სექტორში).

დისკრიმინაცია გასაუბრებისას

სამუშაოს საპოვნელად ქართველების 44% ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ნაცნობებს იყენებს, და მათი თითქმის 2/3, ვინც სამსახურის საშოვნელად ახლობლების წრეს ეყრდნობა, საბოლოოდ მიზანს აღწევს კიდეც. ასეთი არაფორმალური სამუშაო ბაზარი გენდერულ სეგრეგაციაზე თავის ზეგავლენას ახდენს. მკვლევართა განცხადებით, “რადგან ქალებს უფრო მეტი კონტაქტი აქვთ ქალებთან, მამაკაცებს კი მამაკაცებთან, ასეთ პირობებში რეკომენდაციის საფუძველზე დასაქმება სეგრეგაციას კიდევ უფრო აძლიერებს”.
რადგან ბევრი ქართველი სამუშაოს არაფორმალური გზით ეძებს, გასაკვირი არ არის, რომ გასაუბრება საქართველოში დასაქმებისას გავრცელებული პრაქტიკა არ არის. გამოკითხულთა მხოლოდ ნახევარს ჰქონდა ოდესმე მონაწილეობა მიღებული გასაუბრებაში. მაგრამ, თუ ვინმეს სამუშაოს ძიების პროცესში  გასაუბრება მაინც მოუწია, დიდი ალბათობით მათ ისეთ პირად საკითხებზე დაუსვამენ კითხვებს, რაც მათ კარიერასთან კავშირში არ არის. გამოკითხულთა 65%-ზე მეტისთვის, როგორც ქალების, ასევე მამაკაცებისთვის, დაუსვამთ კითხვები მათი ოჯახური მდგომარეობის შესახებ, 40%-ს კი შვილების რაოდენობა შეეკითხნენ.
ასეთმა კითხვებმა შეიძლება დისკრიმინაციული მიდგომა გამოიწვიოს, რადგან, როგორც ბენდელიანი ამბობს, ოჯახის ყოლა კაცისთვის უპირატესობად ითვლება და ქალისთვის კი ერთგვარ “ნაკლად”. კაცი ოჯახის მარჩენალად აღიქმება, ხოლო ქალისთვის შეიძლება ოჯახი კარიერაში დაბრკოლებად იქნას აღქმული, რადგან მიიჩნევა, რომ იგი, სავარაუდოდ, ოჯახს დააყენებს პირველ ადგილზე, სამუშაოს კი  ნაკლები დროს დაუთმობს.

ტრადიციული გენდერული როლები

შრომითი ანაზღაურების მხრივ საქართველოში არსებული უთანასწორობა შეიძლება აიხსნას გენდერული როლების გავრცელებული აღქმით. 2013 წელს გაეროს განვითარების ფონდმა (UNDP) გამოაქვეყნა კვლევა  საქართველოში გენდერულ თანასწორობაზე. ამ კვლევამ აჩვენა, რომ ქართველები ჯერ კიდევ განიხილავენ ქალის ძირითად ფუნქციად ბავშვების გაჩენასა და ოჯახზე   საყოფაცხოვრებო კუთხით ზრუნვას, მამაკაცის მთავარ დანიშნულებად კი  ოჯახის მატერიალური უზრუნველყოფა მიიჩნევა. ამავე დროს, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ რეალობაში ქალების 30% ოჯახის მარჩენალია, მაგრამ ასეთი სიტუაცია იდეალურად არ ითვლება.
UNDP-ის მონაცემებით, საზოგადოება მიიჩნევს, რომ ქალებისთვის შესაფერისი პროფესიებია: მასწავლებელი, ექიმი, ფარმაცევტი, ჟურნალისტი, ბანკის ოპერატორი, მხატვარი, არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომელი, პატარა კერძო ბიზნესის მფლობელი, სამუშაო მომსახურების სექტორში და ა.შ. ამავე დროს, კარიერა და “ოჯახის რჩენა” კაცის საქმედ აღიქმება, ქალმა კი თვითრეალიზაცია საკუთარი ოჯახში უნდა განახორციელოს.