jam fest

Jam Fest, რომელიც ზაჰესში იმართებოდა, ჩაიშალა (ფოტო: ედიტა ბადასიანი)

შაბათს, საერთაშორისო ორდღიანი როკ-ფესტივალი Tbilisi JAM! Fest 2016 ჩაიშალა, რომელიც 4-5 ივნისს თბილისში, ზაჰესის საბაჟო ტერმინალის ტერიტორიაზე უნდა გამართულიყო უკრაინელი, აზერბაიჯანელი, შვედი, სომეხი და ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით.

ფესტივალის ჩაშლის მიზეზი ტერმინალის ტერიტორიაზე  შუქის მოულოდნელად ჩაქრობა გახდა. თუმცა, ორგანიზატორები ამას  სასულიერო პირთა და მრევლის რამდენიმე წარმომადგენლის მისვლას უკავშირებენ, რომლებიც იმ ტერიტორიაზე ფესტივალის გამართვას აპროტესტებდნენ. ვლად უნანიანცის ვარაუდით, რომელიც ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორია, შუქი სწორედ ტერმინალის დირექციამ გამორთო იმის გამო, რომ რაიმე ინციდენტი არ მომხდარიყო.

ორგანიზატორების თქმით,  ენერგო პრო ჯორჯიაში, რომელიც ზაჰესის ტერმინალის ტერიტორიას დენით ამარაგებს, მათ უთხრეს, რომ ელექტროენერგიის მიწოდება არ შეუწყვიტავთ და დენი  მხოლოდ ადგილობრივად შეიძლებოდა გაეთიშათ.

ტერმინალ „ზაჰესის“ დირექტორი, ზაზა გუგავა კი ამბობს, რომ შუქის გათიშვის მიზეზი ტერიტორიაზე გადამცემი კაბელის დაზიანება გახდა.

„გვიან ღამით, ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ კაბელი, რომელიც მიწაზე გადიოდა, იყო დაზიანებული. ზემოდან იყო, სავარაუდოდ, გადავლილი. ჩვენმა ენერგეტიკოსმა იპოვა შემდეგ ეს კაბელი. ალბათ, არეულობის დროს დაზიანდა და ამიტომ მოკლე ჩართვა მოხდა,“ უთხრა გუგავამ „ნეტგაზეთს“.

როგორც  ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, მათ ჰქონდათ შეთანხმება ზაჰესის“  ტერმინალის ხელმძღვანელობასთან, რომ შუქის ჩაქრობის შემთხვევაში გენერატორი უნდა გამოეყენებინათ, თუმცა ტერმინალის ხელმძღვანელობამ ეს შეთანხმება დაარღვია იმ საბაბით, რომ ის დატვირთვას ვერ გაუძლებდა.

დენის ჩაქრობას წინ უძღოდა რამდენიმე ადამიანის, მათ შორის სასულიერო პირთა მისვლა, რომლებიც კატეგორიულად მოითხოვდნენ, რომ იმ ტერიტორიაზე ფესტივალი არ ჩატარებულიყო. მათ შორის, იყვნენ ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი რაზმაძე, პანტანასას ღვთისმშობლის დედათა მონასტრის და მრევლის წარმომადგენლები და ზაჰესის დასახლების რამდენიმე მცხოვრები.

როგორც მღვდელმა გიორგი რაზმაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში საუბრისას  აღნიშნა, შეურაცხმყოფელია ფესტივალის მონასტერსა და სასაფლაოს შორის მდებარე წმინდა ადგილზე ჩატარება.

კათოლიკოს პატრიარქის მდივნის, მიქაელ ბოტკოველის შეფასებით, სასულიერო პირებმა თუ მრევლმა სამართლიანად გააპროტესტეს  შაბათს, საღამოს ლოცვის დროს, ეკლესიასთან ახლოს როკ-ფესტივალის მიმდინარეობა. მისივე თქმით, თბილისის მერია ასეთი ტიპის ღონისძიებების ლოკაციას საპატრიარქოსთან უნდა ათანხმებდეს.

„თუ სხვა აღმსარებლობის ადამიანებს ხელი არ უნდა შევუშალოთ და ყველანაირი კომფორტი უნდა შევუქმნათ, მართლმადიდებლებისათვის შეიძლება ხელის შეშლა, როდესაც ტაძარში მსახურება მიმდინარეობს?!  ამ მუსიკას ისეთი გამაძლიერებელები სჭირდება, რომ ალბათ, მთელ ზაჰესში ისმოდა ეს ხმა. ტაძრის სიახლოვეს რომ ასეთ მუსიკას ჩართავ, არ უნდა ჰქონდეთ სამართლიანი პროტესტი ამასთან დაკავშირებით?! პროტესტი იყო სრულიად სამართლიანი”, – უთხრა „ნეტგაზეთს“ მიქაელ ბოტკოველმა.

შს სამინისტროს ცნობით კი შაბათს, ზაჰესის ტერიტორიაზე სს დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა. პოლიციამ მასზე დაკისრებული მოვალეობა შეასრულა და ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა. ხოლო ფესტივალის ჩაშლის მიზეზი მხოლოდ შუქის წასვლა გახდა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალი კვირას, 5 ივნისს აუცილებლად ჩატარდება, თუმცა დახურულ სივრცეში. გარდა ამისა, სიფრთხილისა და პრობლემების თავიდან ასაცილებლად ორგანიზატორები ჯერ-ჯერობით კონცერტი სადგილს.

ფესტივალი Tbilisi JAM! Fest საქართველოში 2007 წლიდან ტარდება. წელს დაგეგმილ კონცერტზე დასწრება კი მსურველებს 30 ლარიდან 80 ლარის ფარგლებში შეეძლოთ. კერძოდ, 1-დღიანი ბილეთი 30 ლარი,  ორივე დღის დასასწრები ბილეთი კი 45 ლარი ღირდა. 2-ვე დღეზე დასასწრები  VIP-ბილეთების საფასური კი 80 ლარი ღირდა. ფესტივალის ღონისძიების „ფეისბუქ“ გვერდზე შესაძლებელია იმის ნახვაც, თუ რომელი შემსრულებლები თუ ბენდები მონაწილეობდნენ ამ როკ-ფესტივალში.