(IPN)

(IPN)

საქართველოს ყველა რეგიონში რიგითი საპოლიციო შემოწმება მიმდინარეობს.  ჟურნალისტები  სხვადასხვა რეგიონიდან იუწყებიან, რომ ნიღბიანი და შეიარაღებული სამართალდამცველები მძღოლებს აჩერებენ და მათი ვინაობით ინტერესდებიან, და ზოგიერთ ავტომანქანას ჩხრეკენ.

„ეს არ არის რეიდი. ეს არის რიგითი საპოლიციო შემოწმება, კონტროლი, რომელიც მინისტრის ბრძანების საფუძველზე კანონის თანახმად ხორციელდება,“ – უთხრეს DFWatch-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში და დაამატეს, რომ აქ ახალი არაფერია და მსგავსი შემოწმება სხვა დროსაც ხორციელდებოდა.

პოლიციის შესახებ კანონის 24-ე მუხლში კი ვკითხულობთ, რომ  პირის, ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების სპეციალური საპოლიციო კონტროლი  იმ შემთხვევაში ხორციელდება, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა.

აღნიშნულთან დაკავშირებით შს სამინისტროში გვიპასუხეს, რომ ამ შემოწმებას კონკრეტულ დანაშაულთან ვერ მივაბამთ.

„საქართველოში ხომ ხდება დანაშაულები, ამიტომაც  საპოლიციო შემოწმება ტარდება ყველგან, სადაც ეს კანონით არის განსაზღვრული,“ – განაცხადეს DFWatch-თან საუბრისას შსს-ის პრესსამსახურში.

შოთა უტიაშვილის  შეფასებით, რომელიც წინა ხელისუფლების დროს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი იყო, ეს რეიდები  ზოგადად ქვეყანაში კრიმინალური ფონის დამძიმებას უკავშირდება.

„მსგავსი შემოწმებები კახა თარგამაძისა და ალექსანდრე ჭიკაიძის დროს ხორციელდებოდა. სხვა პერიოდში მე არ მახსოვს. ქვეყანაში კრიმინალური ფონი დამძიმებულია, მინისტრი კი შიშობს, რომ ამას შეიძლება მისი კარიერა  შეეწიროს და ამ ქმედებით  აქტიური მოღვაწეობის იმიტაციას ცდილობს. თუმცა როდესაც ასეთი ღონისძიება ტარდება, სასურველია მეტი გამჭვირვალობა. მკაფიოდ უნდა იყოს განმარტებული, მაგალითად,  ვის შეიძლება შეეხოს ეს პროცედურა და ა.შ. ,“ – განაცხადა უტიაშვილმა DFWatch-თან საუბრისას.