ამბები

რას გულისხმობს კანონპროექტი “რელიგიის შეურაცხყოფაზე”

by | Feb 3, 2016
tomaradze

ზვიად ტომარაძე მიიჩნევს, მიმართვა “ჯიპიანი მამაო” მისი კანონპროექტის არეალში არ ექცევა, “მართლმადიდებილზე” კი პირი უნდა დაჯარიმდეს (ipn)

პარლამენტის დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის მიერ საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, რელიგიური სიწმინდეებისა და ორგანიზაციების, ღვთისმსახურებისა და მორწმუნეთა მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება/ ჩვენება, რაც “მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას”, 300 ლარით,  ხოლო  იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა, 600 ლარით დაჯარიმდება.

ამავე პროექტით, რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მათზე წარწერის გაკეთება ან დაზიანება 500 ლარით,  განმეორება კი 1000 ლარით დაჯარიმდება.

ამ კანონპროექტს უკვე გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეებიც. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილის თქმით, ის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ემსახურება და მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ, დეპუტატმა გაზეთ „რეზონანსს“ განუცხადა და აღნიშნა, რომ ეს დათვური კანონია ამ სიტყვის ყველაზე ცუდი გაგებით.

„ზოგადად, როცა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე ლაპარაკობენ, მე თუ არარელიგიური ვარ, ჩემი გრძნობები გრძნობები არაა? რატომ უნდა დამითვალონ რამდენი ლარი მაქვს გადასახდელი თითო სიტყვაში? ეს არსებითად არასწორი კანონია და მიკვირს, რომ მას კომიტეტმა მხარი დაუჭირა. საერთოდ, რომელი გრძნობები ითვლება რელიგიურ გრძნობებად? რწმენაა რელიგიური გრძნობა და ღმერთი თუ არ სწამს ადამიანს, ეს როგორი გრძნობაა? ურწმუნო და მორწმუნე კონსტიტუუციურად თანასწორი არის თუ არა? თუ ჩემსა და ჩემ კოლეგას შორის 300-ლარიანი განსხვავებაა? ეს ყველაფერი ძალიან სასაცილო იქნებოდა სერიოზულად, კანონპოექტად რომ არ იყოს პარლამენტში შემოტანილი. იმედი მაქვს, რამენაირად მივხვედავთ ამ საკითხს და არ შევრცხვებით,“- აცხადებს ბერძენიშვილი „რეზონანსთან” საუბრისას.

ინიციატივას სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც აკრიტიკებს და პარლამენტს მიმართავს, რომ ამ ფორმისა და შინაარსის მქონე კანონპროექტის მიღებაზე უარი თქვას.

რესპუბლიკური პარტიის წევრი, თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელი დავით ზურაბიშვილი კი მას „ტაბურეტკების ლეგალიზაციად“ მიიჩნევს.

„რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა არის ცუდი. და საერთოდ ყველანაირი შეურაცხყოფა ცუდია, მაგრამ ასე იმდენი რამეა ცუდი  ამ ქვეყანაზე,  რომ ყველაფერი თუ აკრძალე, სუნთქვაც კი შეუძლებელი გახდება. მაგალითად ეკლესია მრისხანებას და სასოწარკვეთილებას საერთოდ მომაკვდინებელ  ცოდვებად მიიჩნევს და რა ვქნათ ახლა? თუ ვინმე გაბრაზდება ან უიმედობის განცდა შეაწუხებს, “სროკზე” გავუშვათ?“ – წერს  ზურაბიშვილი თავის ფეისბუქზე.

აღნიშნული პროექტის ავტორია არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოგრაფიული განვითარების ფონდის” დირექტორი ზვიად ტომარაძე, რომელიც DFWatch-თან საუბრისას ამბობს, რომ კანონის არეალში მხოლოდ ის ქმედება ან განცხადება მოექცევა,  რომელიც მორწმუნის რელიგიურ გრძნობებს მიზანმიმართულად, წინასწარგანზრახვით შეურაცხყოფს.

„ძალიან რთულია არ დავაზარალოთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და, მეორე მხრივ,  მორწმუნეთა უფლებები დავიცვათ. კრიტიკა დასჯადი  არ უნდა იყოს. თუმცა კრიტიკასა და შეურაცხყოფას შორის  ზღვარი სად გადის,  რთული განსასაზღვრია. მაგალითად, თუ სასულიერო პირს ვინმე  ასე მიმართავს, „ჯიპიანი მამაო“,  მას პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, ხოლო თუ მიმართავს  „მართლმადიდებილი“, ეს უკვე მორწმუნის გრძნობის შეურაცხყოფას ისახავს მიზნად და ასეთ შემთხვევაში უნდა დაჯარიმდეს.

„პირს პასუხისმგებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეკისრება, თუ ქმედება ან განცხადება მიზანმიმართული იქნება, და ეს არ იქნება მისი  შეხედულება ან კრიტიკა რელიგიაზე. სოციალურ  ქსელში რამოდენიმე გვერდია, რომელთა პირდაპირი დანიშნულებაა ღვთის გმობა,  ეს სპეციალური გვერდებია, რომლებიც სხვას არაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ არა მარტო მართლმადიდებლურ, არამედ მთლიანად რელიგიას,“ – ამბობს ტომარაძე.

მისივე თქმით, ამ პროექტის საფუძველი  ისეთი ფაქტები იყო, როგორიცაა მაგ. 2012 წელს ქაშუეთის ეკლესიაში წმ. ნინოს კარიკატურის დახატვა, ილიაუნში  გამოფენილი თვითმკვლელი ღვთისმშობელი, ასევე ქობულეთში მუსლიმთა მედრესეს (სასწავლებლის) შესასვლელში ღორის თავის მიმაგრება.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ განსაზღვრავს სასამართლო, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს შეურაცხყოფად, ან არის თუ არა კანონპროექტში კონკრეტულად გაწერილი რა ქმედება, ან რა შინაარსის განცხადება შეიძლება იყოს შეურაცხმყოფელი, ტომარაძე ამაზე აღნიშნავს, რომ კომიტეტის მოსმენაზე პროექტში მხოლოდ ზოგადი ხასიათის ჩანაწერი დატოვეს.

„ამის განსაზღვრა კომიტეტმა ასე ვთქვათ, სასამართლო კომპეტენციას გადაულოცა. პირი, რომელიც თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს,  სარჩელს სასამართლოში შეიტანს. სწორედ სასამართლო განსაზღვარვს, თვითმკვლელი ღვთისმშობელი ხელოვნება იყო თუ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა,“ – აღნიშნა ტომარაძემ DFWatch-თან საუბრისას.

მასვე 2013 წელს ადიგენში, სოფელ ჭელას მინარეთის ირგვლივ დატრიალებულ მოვლენებზეც ვკითხეთ, დასჯადი იქნებოდა თუ არა იმ  სასულიერო პირთა ქმედების მსგავსი საქციელი, რომლებიც აქციაზე მოსახლეობასთან ერთად აპროტესტებდნენ სოფელში მინარეთის დაბრუნებას, რომლის დემონტაჟიც  შემოსავლების სამსახურმა იმ მიზნით განახორციელა, რომ ტვირთი, რომელიც თურქეთიდან შემოიტანეს, შემოწმებას საჭიროებდა.

„დემოგრაფიული განვითარების ფონდის“ დირექტორის განცხადებით, არ იცის ზუსტად რა მოხდა მაშინ, თუმცა იმ შემთხვევაში თუ სასულიერო პირებმა წაბილწეს რელიგიური შენობა, ზიანი ან შეურაცხყოფა მიაყენეს სხვა რელიგიის წარმომადგენლებს, რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა მათაც დაეკისრებათ, ხოლო თუ მხოლოდ პროტესტი გამოხატეს, ასეთი ქმედება ამ კანონთან შეხებაში არ მოდის.

კანონპროექტი სამშაბათს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა განიხილა და მხარიც დაუჭირა. ხოლო მიიღებს თუ არა  საკანონმდებლო ორგანო ამ ცვლილებას, ეს სავარაუდოდ რამდენიმე თვეში გაირკვევა.

აღსანიშნავია ისიც, რომ  მსგავსი ინიციატივა ახალი არ არის . სამოქალაქო საზოგადოების უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა 2013 წელს შსს-ის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც სამართალდარღვევად აცხადებდა ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობისთვის ხელის  შეშლას. მაშინ შსს-ს ინიციატივა პარლამენტმა არ გაითვალისწინა.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031