ამბები

პროკურატურამ სამ გახმაურებულ საქმეზე განაჩენი გადასინჯა

by | Nov 17, 2016

prosecutors_office_Cropპროკურატურამ სამ გახმაურებულ სს საქმეზე, მათ შორის მკვლელობზე, განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, ეს ეხება: სს AES-თელასის ფინანსური დირექტორის ნიკოლოზ ლომინაძისა და გენერალ თამაზ ნინუასა და მისი მეუღლის მკვლელობისთვის მსჯავრდებულებს და კოდორში განვითარებული მოვლენების დროს დაკავებულ ნორა არღვლიანს.  

როგორც პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამი, აღნიშნულ საქმეებზე ჩატარდა ხელახალი გამოძიება, ექსპერტიზა და მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებებით გამოირიცხა ხსენებული პირების მიერ იმ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რისთვისაც ისინი მსჯავრდებულები არიან.

მაგალითად, 2006 წლის 15 აგვისტოს  გიორგი გვიჩიანი, ნოდარ გვიჩიანი, ნიკა ჩემია, ავთანდილ ხერკელაძე და გიორგი პაპაჩაშვილი ცნობილი იქნენ დამნაშავეებად ნიკოლოზ ლომინაძის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობაზე.
სასამართლომ უდაო ფაქტად მიიჩნია ის, რომ ლომინაძის მკვლელობა მოხდა მაყუჩიანი „მაკაროვის“ პისტოლეტით. ხელახალი გამოძიებისას ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით კატეგორიულად გამორიცხა ლომინაძის მაყუჩიანი იარაღით მკვლელობა.

გარდა ამისა, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, რომლებიც ცალსახად უთითებენ ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდებულების უდანაშაულობის შესახებ.
ვინაიდან, ლომინაძის მკვლელობის საქმის გახსნით დაინტერესებული იყვნენ მაღალი რანგის სახელმწიფო თანამდებობის პირები, გამოძიებისას ხელოვნურად შეიქმნა მთელი რიგი მამხილებელი მტკიცებულებები, რაც ამ ხუთი მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდა, აცხადებს პროკურატურა.

ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა მოხდება ასევე გენერალ თამაზ ნინუას და მისი მეუღლის, ეთერ ნინუას მკვლელობისთვის მსჯავრდებულის, თამაზ გოგიას მიმართ, რომელსაც 2010 წლის 13 აგვისტოს 17-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ბრალდების მიხედვით 2009 წლის 11 ნოემბერს, თბილისში მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე გენერალ თამაზ ნინუას საცხოვრებელ ბინაში, კომპანიის წილებთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის გამო თამაზ გოგიამ მაყუჩიანი იარაღიდან გასროლით, ანგარებით  მოკლა ჯერ თამაზ ნინუა, ხოლო შემდგომ კვალის დაფარვის მიზნით მისი მეუღლე ეთერ ნინუა. ექსპერტიზის დასკვნით, დენთის შემადგენელი კომპონენტის არსებობა დაფიქსირდა თამაზ გოგიას ხელის ანაწმენდზე, რაც გახდა მისი ბრალდების მთავარი მტკიცებულება.

ახალი გამოძიების პირობებში სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ გამორიცხა გოგიას ხელის ანაწმენდებზე დენთის კვალის არსებობის ფაქტი. გარდა ამისა, გამოიკვეთა ის გარემოება, რომ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს გააჩნდათ არალეგიტიმური დაინტერესება თამაზ გოგიას მიმართ, რომ მას ხელოვნურად  შერაცხოდა ნინუების მკვლელობა და ამ მიზნით სს საქმეში ხელოვნურად შეიქმნა მისი მამხილებელი მტკიცებულებები.

ასევე, პროკურატურამ განაჩენის გადასინჯვა დაიწყო ნორა არღვლიანის საქმეზე. კერძოდ, გამოძიებით დადგინდა, რომ ნორა არღვლიანს სამართალდამცავებმა თავისუფლება აღუკვეთეს უკანონოდ და მას ბრალდება წარუდგინეს ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე.

2006 წლის 25 ივლისს, კოდორში განვითარებული მოვლენების დროს, ბატალიონ „მონადირის“ ხელმძღვანელის ემზარ კვიციანის და მისი თანამებრძოლების დაკავების მიზნით შს და  თავდაცვის სამინისტროების შეიარაღებული დანაყოფები შევიდნენ კოდორის ხეობაში, სადაც ნათესავებთან ერთად იმყოფებოდა ემზარ კვიციანის და ნორა არღვლიანი. გაქცეულ ემზარ კვიციანზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით სამართალდამცავებმა გადაწყვიტეს ნორა არღვლიანის შეპყრობა და მხოლოდ 29 ივლისს, მისი შეპყრობიდან 2 დღის შემდეგ დაიწყეს ყალბი მტკიცებულებების შექმნით პროცესების სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა.

კერძოდ, სამართალდამცავების ოფიციალური ვერსიით, ნორა არღვლიანის დაკავება თითქოს მოხდა 29 ივლისს, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ამოღების შემდეგ. მაშინ როდესაც ახალი გამოძიებით დადგინდა, რომ ნორა არღვლიანის საცხოვრებელ ბინაში არანაირი ჩხრეკა არ ჩატარებულა, ჩხრეკაში მონაწილე სამართალდამცავები კოდორის ხეობაში საერთოდ არ ყოფილან. გარდა ამისა, ბრალდების დამძიმების მიზნით, მას ასევე წარუდგინეს მითვისების ცრუ ბრალდება, თითქოს 2005 წელს ჰუმანიტარული საქონელი ნაცვლად სოფელ ჩხალთის მოსახლეობისთვის დარიგებისა თავად მიითვისა, ასევე თითქოს იგი მოუწოდებდა ბატალიონ ,,მონადირის“ წევრებს არ დამორჩილებოდნენ ცენტრალურ ხელისუფლებას. ცრუ ბრალდების საფუძველზე ნორა არღვლიანმა საპატიმროში 6 წელი გაატარა და გათავისუფლდა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ 2012 წლის ნოემბერში.

პროკურატურა ამ სამივე საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით მიმართავს.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031