giorgi_kvirikashvili2

კვირიკაშვილი: ნორმალური და მისაღებია, თუ “ქართული ოცნება” დამოუკიდებლად გავა არჩევნებში (ipn)

„არჩევნებში პარტიები გავალთ დამოუკიდებლად, ხოლო შემდგომში, მას შემდეგ, რაც არჩევნები ჩატარდება, ხდება  გარკვეული კოალიციების შექმნა,“-  ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

დილით რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მათი პარტია საპარლამენტო არჩევნებზე მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებდა.

ამ ბრიფინგის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს შორის შეხვედრა შედგა.

შეხვედრის შემდეგ კი პრემიერმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ნორმალური და მისაღებია, თუ “ქართული ოცნება” დამოუკიდებლად გავა არჩევნებში. “რესპუბლიკელი” მინისტრები კი ჩვეულებრივად გააგრძელებენ მთავრობაში მუშაობას.

„მოგეხსენებათ რომ „ქართულ ოცნებაში“ დიდი ხანია მიმდინარეობდა კონსულტაციები. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში აქტიური იყო კონსულტაციები არჩევნებზე გასვლის ფორმასთან დაკავშირებით. მისაღები ფორმაა, რომ „ქართული ოცნება“ დამოუკიდებლად გავიდეს არჩევნებში. გაკეთდა შესაბამისი განცხადება რესპუბლიკური პარტიის მხრიდანაც. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვთვლით, რომ ამ ეტაპზე საჭიროა გავაგრძელოთ ჩვეულებრივად მუშაობა მთავრობაში. პარტიული კუთვნილების მიუხედავად მთვარობის სტაბილურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და, რა თქმა უნდა, შევეცდებით, რომ ამ რეჟიმში მუშაობა არჩევნებამდე გავაგრძელოთ. არჩევნების შემდგომ თანამშრომლობის ფორმებზე დღეს საუბარი ალბათ ნაადრევია. საჭიროა, რომ საქართველოს მოსახლეობამ გააკეთოს შესაბამისი არჩევანი,“ – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, არჩევნებში პარტიების დამოუკიდებლად მონაწილეობა არის ჩვეულებრივი  საერთაშორისო პრაქტიკა და ამაში განსაკუთრებული არაფერია.

„ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ნორმალური, როდესაც არჩევნებში პარტიები გავალთ დამოუკიდებლად, ხოლო შემდგომში, მას შემდეგ, რაც არჩევნები ჩატარდება, ხდება კოალიციების შექმნა. 2012 წელს იყოს სრულიად სხვა რეალობა, დღეს – სხვაა. 2012 წელს ბლოკის ფორმით გავიდა არჩევნებზე „ქართული ოცნება“, 2012-ში რეალობა იყო ძალიან მძიმე, დღეს რეალობა სხვანაირია“, – განაცხადა პრემიერმა.