ამბები

პრეზიდენტი: შავბნელი ძალები, ვინც საზოგადოებას აშანტაჟებს, სამაგალითოდ დაისჯებიან

by | Mar 14, 2016
giorgi_margvelashvili

Giorgi Margvelashvili (Official Photo)

„გარანტიას გაძლევთ, რომ ამ კრიმინალებთან ბრძოლა მიგებული იქნება და ის შავბნელი ნაძირლები, რომლებიც ჩვენი თავისუფალი საზოგადოების დაშანტაჟებას ცდილობენ, დამარცხდებიან და სამაგალითოდ დაისჯებიან,“ –  განაცხადა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების გავრცელების პასუხად გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

„ჩვენ შევიკრიბეთ იმ შემაშფოთებელი პოლიტიკური და საზოგადოებრივი კლიმატის  გამო, რომელიც არის საქართველოში, პირადი ცხოვრების კადრების გამხელასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, მინდა მივმართო იმ ადამიანებს,  ვისაც ემუქრებიან შანტაჟით და ვისაც ემუქრება ეს ბნელი ძალა. მე თქვენს გვერდით ვდგავარ და მუდამ დაგიცავთ. მუდამ სოლიდარული ვიქნები იმ ადამიანების მიმართ, ვის ჩაგვრასაც ვინმე ცდილობს. ამის საბუთად შემიძლია დღეს საზოგადოებას ღიად ვუთხრა, რომ სექსი და სექსუალური ცხოვრება სამარცხვინო არ არის. პირადად მე, მაქვს სექსუალური ცხოვრება, მქონია ძალიან მდიდარი სექსუალური ცხოვრება და მექნება კიდევ მომავალში და ყოვეთვის დაგიცავთ თქვენ, და ამ თემას ყოველთვის მოვაშორებ რაღაც უაზრო შავბნელ სტიგმას.

„იმ შავბნელებს, ვინც აპირებთ, რომ აშანტაჟოთ მოსახლეობა და ჩვენი საზოგადოება. თითოეულს გიპოვნით და საქართველოში ადამიანების შეშინებას, ძალადობას და ტერორს ვერ გაიტანთ. ამ შავბნელი იდეებით არასდროს არ ცხოვრობდა ქართველი კაცი, რომელიც ყოველთვის თავისუფალი იყო.  მინდა ქართულ საზოგადოებას მივმართო: ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და უნდა გავხდეთ თავისუფლები. თავისუფალი კი მათ შორის ნიშნავს  იმას, რომ არ გვეშინოდეს. იმისთვის რომ არ გევშინოდეს, არაფრის დიდებით არ უნდა მივიღოთ მინაწილეობა შანტაჟში.

„ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ ამაზრზენ ვიდეოებს (ამაზრზენი იმიტომ კი არა, რომ სექსუალური ცხოვრება ამაზრზენია, არამედ იმიტომ რომ მისი გადაღება არის ამაზრზენი და ავადმყოფობა), ამაზრზენ პროცესს რამენაირად დააკვირდება, უნდა იცოდეს, რომ ის მორალურ თანამონაწილე ხდება ამ ამორალური თვალთვალისა და მიყურადების,“- განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, დილიდან აქტიურად ჩართულია  ამ თემის განხილვაში პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერთან, ძალოვან უწყებებთან და საზოგადოებას არწმუნებს, რომ  მთელი სახელმწიფო სისტემა ყველა თავისი რესურსით მობილიზებულად და კოორდინირებულად მუშაობს.

„ეფექტი ნამდვილად იქნება. შეიძლება ძალიან მალე გაიხსნას კონკრეტული დანაშაული, მაგრამ თუ საზოგადოებამ არ გადავაბიჯეთ იმას, რომ ვიღაც ფიქრობს, რომ  ამით ჩვენს მოქალაქეებს დააშანტაჟებს, რომ ამით პოლიტიკურ პროცესზე მოახდენს გავლენას, რომ შეიძლება ეს გვაინტერესებდეს, რომ მათსავით ავადმყოფი ფსიქიკა გვაქვს და შეიძლება ამაში ჩავერთოთ, ამას მთელმა ქართულმა საზოგადოებამ უნდა გასცეს პასუხი. არა მარტო კრიმინალის გახსნით, არამედ ამ ყველაფრის ღიად დაგმობით და ამის წინაღმდეგ ნაბიჯის გადადგმით. გარანტიას გაძლევთ რომ ამ კრიმინალებთან ბრძოლა მოგებული იქნება და ის შავბნელი ნაძირლები, რომლებიც ჩვენი თავისუფალი საზოგადოების დაშანტაჟებას ცდილობენ, დამარცხდებიან და სამაგალითოდ დაისჯებიან,“ – აღნიშნავს გიორგი მარგველაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პარასკევს და ორშაბათს საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებზე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა და სხვა მსგავსი ვიდეოების გავრცელებაც დაანონსდა.

გამოძიება სსკ-ის 157-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო („პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება ანდა გავრცელება“) და, დამამძიმებელ გარემოებებში, ისჯება „ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.“

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2016
M T W T F S S
« Aug    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930