giorgi_margvelashviliპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში წნეხის „საშიში ტენდენციებია“ შექმნილი, როდესაც „პოლიტიკურ ჯგუფებს უჩნდებათ გარკვეული არაფორმალური კავშირები სამართალდამცველ ან სხვა ტიპის სტრუქტურებთან.

მისი თქმით, ეს ტენდენცია გამოყენებულია პოლიტიკური მიზნებისთვის“ და „ადეკვატური და აზრიანი“ პასუხის გასაცემად პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვედრას სთავაზობს.

ამ თემაზე მარგველაშვილმა ორშაბათს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

მისი განცხადებით, გიორგი პაპუაშვილმა მას მოსამართლეებზე წნეხის კონკრეტულ ფაქტებზე მიაწოდა ინფორმაცია და, სამწუხაროდ, ამ ინფორმაციამ ის არ გააოცა, რადგან ზეწოლის მცდელობა მისი ოჯახის წევრზეც იყო.

„ეს ტენდენცია სამწუხაროდ, ახალი არ არის. დაახლოებით ერთი თვის წინ, ჩემი ოჯახის წევრზეც იყო გარკვეული სამართალდამცავების ჩართვით, ზეწოლის მცდელობა.  რეალურად ეს იყო იმიტაცია. აქედან გამომდინარე, რაც მითხრა ბატონმა პაპუაშვილმა, ჩემთვის გასაოცარი არ არის. კარგა ხანია ვსაუბრობ იმაზე, რომ კორცხელის შემთხვევა უნდა იყოს ადეკვატურად პასუხგაცემული. ჩვენ ძალიან ნათელი პასუხი უნდა გავცეთ იმას, როდესაც ხდება პოლიტიკურ ძალებსა და ასე ვთქვათ, რაღაცა ჯგუფებს შორის შეთანხმებული მოქმედება. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აბსოლუტურად არ არის ჩართული ამ საქმეებში. მაგრამ, უფრო დაბალ დონეზე რაღაცა კავშირების ჩამოყალიბების ტენდენციები ჩნდება,“ – აცხადებს მარგველაშვილი.

პრეზიდენტმა მისი ოჯახის წევრის მიმართ სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლის გარკვეულ დეტალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ოჯახის წევრი ქუჩაში გააჩერეს, შემდეგ კი მის სახლში ჩაატარეს ჩხრეკა სასამართლო დადგენილების გარეშე, „რაღაცის“ იმედით, რომ ამას რაიმე მოჰყვებოდა.

„თუმცა სუფთა იყო ყველაფერი, არანაირი სამართალდარღვევა იქ არ ყოფილა, მაგრამ იყო გარკვეული მინიშნებები, რომ ეს არის ამ პიროვნებაზე ზეწოლის მცდელობა“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ასეთი ტიპის ზეწოლა მისთვის სასაცილოა.

„სააკაშვილის პერიოდი მაქვს გამოვლილი და ეს ვერანაირად ვერ შემეხებოდა. როდესაც ვნახე, რომ ღრმავდება ასეთი ტიპის ტენდენციები, ეს თემა გამოვიტანე“, – თქვა პრეზიდენტმა.

მარგველაშვილმა  ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებაზე ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან გაკეთებული გამოხმაურება, რომ თურმე ეს ტყუილია, მისთვის გაუგებარი იყო. შეგახსენებთ, რომ პაპუაშვილის განცხადების სიმართლეში ეჭვი საჯაროდ ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ შეიტანა.

ცნობისათვის, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა ხუთშაბათს, 21 ივლისს განაცხადა, რომ ბოლო პერიოდისა და დღეების განმავლობაში მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა ცალკეულ მოსამართლეებზე – მათ და მათი ოჯახის წევრებს ფარულად უთვალთვალებენ და ემუქრებიან. განცხადების შემდეგ პაპუაშვილს პროკურატურამ მიმართა, რომ მისთვის სასურველ ნებისმიერ დროს მისულიყო პროკურატურაში, სადაც მისი გამოკითხვა მოხდებოდა. თუმცა პაპუაშვილმა თქვა, რომ კონკრეტულ ფაქტებს პირადად გააცნობდა პრეზიდენტსა და პრემიერს, რადგან პროკურატურის იმედი არ ჰქონდა.