ამბები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი: კანონის გამკაცრებაზე ერთსულოვნად შევთანხმდით

by | Mar 22, 2016

kaldaniპოლიტიკოსი ქალების  პირადი, ინტიმური ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების ინტერნეტში გავრცელების შემდეგ, პოლიტიკოსებმა და სამოქალაქო სექტორმა მოქმედი კანონმდებლობის გამკაცრებაზე დაიწყეს საუბარი. როგორც DFWatch-თან ინტერვიუში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი ამბობს,  სწორედ კანონის გამკაცრების შესახებ ისაუბრეს შაბათს, 19 მარტს  საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლებთან  პარლამენტის თავმჯდომარისა და კომიტეტის ხელმძღვანელების შეხვედრაზე.

ქალდანის თქმით, შეხვედრაზე მხოლოდ პირადი ცხოვრების გამჟღავნებაზე კანონმდებლობის გამკაცრების შესახებ იმსჯელეს და საუბარი ან კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიება 11 და 14 მარტს პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით, არ ყოფილა.

თამარ ქალდანი:  ეს შეხვედრა კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებს არ შეეხებოდა. საუბარი იყო შესაძლო საკანონმდებლო ცვლილებებზე, მათ შორის არასამთავრობოთა მოთხოვნაზე კანონის გამკაცრებასთან დაკავშირებით.  ვმსჯელობდით კანონი რა შემთხვევაში შეიძლება გამკაცრდეს, მუხლების შემადგენლობა როგორი შეიძლება იყოს და ა.შ.

- რა შემთხვევაში გამკაცრდება კანონი ?

თ.ქ: შევჯერდით, რომ პირადი საიდუმლოს გამჟღავნებისას პასუხისმგებლობა გაცილებით მაღალი უნდა იყოს, ვიდრე პერსონალურ მონაცემთა გამჟღავნების შემთხვევაში. კანონის გამკაცრებაზე შეხვედრაზე ყველა  ერთსულოვნად შევთანხმდით.  თუმცა განხილვა ჯერ კიდევ იგეგმება.  ერთ -ერთი შეხვედრა ამ კვირაშიც  იქნება, ამიტომ ამ ეტაპზე ზუსტი ფორმულირება, თუ როგორ შეიცვლება კანონი, გამიჭირდება.

- სასჯელი რამდენი წლით განისაზღვრება..

თ.ქ: 2014 წელს 7 წლამდე გაიზარდა სასჯელი. ზუსტად რამდენი წელი შეიძლება ჩაიწეროს ახლა კანონში, ვერ გეტყვით, თუმცა იყო საუბარი, რომ ნაკლებად მძიმე დანაშაულის კატეგორიიდან მძიმეში გადავიდეს. ამ თემაზე ერთ-ერთი შეხვედრა ამ კვირაშიც არის და განხილვა გაგრძელდება.

-  კანონის გამკაცრებას ყველა უჭერს მხარს?

თ.ქ: კანონის გამკაცრებაზე ერთსულოვნად შევთანხმდით. განსხვავებული აზრი ჯერ არ მომისმენია.

- როგორ შეაფასებთ გამოძიების მიმდინარეობას?     

თ.ქ: გამოძიება მიმდინარეობს და დამატებითი ინფორმაცია, სჯობს, საგამოძიებო უწყებებისგან მოიპოვოთ.

- თუმცა რამდენიმე მედია-საშუალებამ  გუშინაც მიიღო მუქარის შემცველი მორიგი გზავნილი.. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინპექტორის აზრით, რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს გამოძიება?

თ.ქ: მიმდინარე ეტაპზე, როდესაც გამოძიების დაწყებიდან რამდენიმე დღეა გასული, მის ეფექტურობას ვერ შევაფასებ. თუმცა,  რა თქმა უნდა, ყველანი ველოდებით  გამოძიების სწრაფად დასრულებას. მითითებული დასაბუთება, რომ ვინაიდან მასალა სხვა ქვეყნიდან აიტვირთა და მათთან თანამშრომლობა გვჭირდება, ჩემთვის არგუმენტს მოკლებული არაა. მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც ამ ეტაპზე გამოძიების ეფექტურობას უნდა ვაფასებდე.

- გამოძიების შესახებ კითხვები საგამოძიებო უწყებების მიმართ  შეხვედრაზე არავის გაუჟღერებია?

თ.ქ: ზოგადი მიმოხილვა იყო, მაგრამ არსებითი განხილვა არ ყოფილა. რა ფარგლებშიც  მე ვიყავი შეხვედრაზე, მთელი დღის წესრიგი  მხოლოდ კანონმდებლობის გამკაცრებას ეძღვნებოდა. ამიტომ ვერც ვერაფერს უარვყოფ და ვერც ვერაფერს დაგიდასტურებთ.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031