Ilia II

ილია მეორე. (“ინტერპრესნიუსის” ფოტო.)

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე კვლავაც კრიტიკის საგანია. ხელოვნური განაყოფიერებისა და სუროგატი დედების თემის გარდა, ამჯერად კამათი სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებული გამონათქვამებია .

„დიდად სამწუხაროა, რომ უმცირესობათა ჯგუფები, რომლებიც ქრისტიანობისთვის მკვეთრად უარყოფითი იდეებით გამოირჩევიან, ჰუმანიზმის აღიარებულ წარმომადგენლებად სახელდებიან,“ წერია პატრიარქის ეპისტოლეში, „ხოლო ვინც ეწინააღმდეგება ამ პროცესებს, განსაკუთრებით ეკლესია, დისკრეტიდირების ნიაღვარში ექცევა.“

ილია მეორე ასევე წერს, რომ საქართველოს ეკლესია მოხარულია და მიესალმება ევროკავშირის პოზიციას, რომლის თანახმადაც ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება არ წარმოადგენს ევროკავშირის წევრობის წინაპირობას.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, ფილიპ დიმიტროვმა, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მას ქართველებისგან სმენია, თითქოს ევროპას სურს ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონოს საქართველოში, თუმცა ეს სიმართლე არ არის.

„ევროკავშირთან ასოცირებისთვის საკმარისია, იყო ტოლერანტი და არ ქადაგებდე სიძულვილს სექსუალურ, ეთნიკურ და რელიგიური უმცირესობების მიმართ,“ განახადა დიმიტროვმა.

პატრიარქი წერს, რომ სექსუალურ უმცირესობებს დახმარება და თანადგომა სჭირდებათ, „რათა მათ დაძლიონ ცოდვითი მიდრეკილებები და სწორი ცხოვრების გზას დაუბრუნდნენ.“

2013 წლის 17 მაისს სასულიერო პირებმა ათასობით ადამიანთან ერთად ხელი შეუშალეს მშვიდობიან აქციას, რომელიც ჰომოფობიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის ცენტრში უნდა გამართულიყო. აქცია ჩაიშალა. სცემეს ლგბტ ადამიანების უფლებების რამდენიმე დამცველს. დაშავდა რამდენიმე ჟურნალისტი.

პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ამბობს, რომ პატრიარქის ეპისტოლე, როგორც ყოველთვის, ღრმა და საინერესო იყო.

მანანა კობახიძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერიც, ასევე მიიჩნევს, რომ ეპისტოლე აბსოლუტურად ტოლერანტულია, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები ასე არ თვლიან და სექსუალური უმცირესობების მიმართ პატრიარქის დამოკიდებულებას აკრიტიკებენ.

ნინო ბოლქვაძე, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებადაცვითი ორგანიზაცია “იდენტობის” ადვოკატია, ამბობს, რომ ქვეყანაში, სადაც ადამიანთა 95 პროცენტი პატრიარქს ენდობა და სექსუალური უმცირესობების მიმართ დანაშაული ხშირია, ასეთი შინაარსის განცხადება ძალიან საშიშია.

ბოლო დროს ჩატარებული გამოკითხვებით, ხალხი არატოლერანტულია სექსუალური უმცირესობების მიმართ. აშშ-ის „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 37 პროცენტს მიაჩნია, რომ სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა არ არის მნიშვნელოვანი, და მხოლოდ 21 პროცენტს ფიქრობს, რომ ეს მნიშვნელოვანია.