ამბები

პარლამენტი ოკუპაციის შესახებ კანონს არბილებს

by | Nov 28, 2016

parlamentiსაქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ შესვლის გამო სასჯელი შემსუბუქდება. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა ახალ პარლამეტში საკუთარი საქმიანობა სწორედ ამ  კანონის გამარტივებით დაიწყო, რამაც ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, საქართველომ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ძალიან ბევრი საყვედური და სანქციებიც კი მიიღო იმის გამო, რომ ამ კანონის ლიბერალიზაცია არ მოხდა.

„ნაციონალური მოძრაობა“ ამა სიცრუეს უწოდებს და ამბობს, ყველაფერს გააკეთებს, რათა „ოცნებამ“ ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანო გადაწყვეტილება არ მიიღოს“.

უშიუშროების კომიტეტის წევრის, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგნელის ემზარ კვიციანის აზრით კი ეს კანონი რუსეთმა ექპსრეიზდენტ სააკაშვილს მიაღებინა და ის საერთოდ გასაუქმებელია.

„ეს კანონი არის ქართველების წინააღმდეგ. ეს კანონი მიიღეს იმის გამო, რომ ქართველები, რომლებიც არიან რუსეთის მოქალაქეები, არ შევიდნენ აფხაზეთში, არ იყიდონ მიწები და არ გააქართულონ იქაურობა. ამის საწინააღმდეგოდ მიაღებინეს რუსებმა სააკაშვილს ეს კანონი და ეს კანონი არის გასაუქმებელი,“ – განაცხადა კვიციანმა.

მოქმედი კანონმდებლობით ადამიანებს, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკანონოდ, ოფიციალური თბილისის ნებართვის გარეშე ჩადიან, საქართველოში შემოსვლისას პატიმრობა ემუქრებათ. „ქართული ოცნების“ სურვილია, პირველ ჯერზე დარღვევისას სს პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული წესით განისაზღვროს და 400-ლარიანი ჯარიმით შეიცვალოს.  სს პასუხისმგებლობა კი მხოლოდ იმ შემთხვევაში დადგეს, თუ ასეთი ქმედება პირმა ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შემდეგაც ჩაიდინა.

ეს კანონპროექტი პარლამეტში 2013 წელს შევიდა და მის ავტორი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მაშინდელი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი იყო, თუმცა მაშინ ოპოზიციის დიდი კრიტიკის გამო მისი განხილვა არ შედგა.

ცვლილებები უნდა შევიდეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში და მასთან ერთად, სს კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

ეკა ბესელიას თქმით, როდესაც ადამიანმა არ იცის, რომ არღვევს ამ წესს, პირდაპირ ციხეში არ უნდა გავაქანოთ.

„საქართველოს ორწლიანი სანქცია დაედო იმის გამო, რომ მოხდა პასუხისმგებლობის გამოყენება ევროსაბჭოს წევრი დეპუტატების მიმართ. სწორედ იმის გამო, რომ მათ მიმართ მოხდა კანონის გამოყენება, ქვეყანა დაისაჯა – ორი წელი სანქცია გვედო და ევროსაბჭოს ეგიდით არც ერთი საერთაშორისო ღონისძიება არ ტარდებოდა. მთავარია არა ის, „ნაციონალური მოძრაობა“ გაგვაკრიტიკებს თუ არა, არამედ მთავარია ის, რომ  ევროპელი ლიდერები და ევროპული სტრუქტურები არ აკრიტიკებდნენ საქართველოს და სანქციას არ ადებდნენ ქვეყანას, კანონში ცვლილებების მიუღებლობის გამო,“ – განუცხადა ჟურნალისტებს ბესელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგა ბოკერია ამ არგუმენტს არ ეთანხმება.

„არც ერთ ფორმალურ მოთხოვნაში ევროკავშირის მხრიდან ეს არ ყოფილა. ხოლო სხვადასხვა მოსაზრება ჩვენს ევროპულ პარტნიორებს უნდა შევაცვლევინოთ, როცა ეს ჩვენს ინტერესებში შედის. აღნიშნულ კანონს აქვს სერიოზული დატვირთვა იმ მრავალწლიანი დაპირისპირების ფარგლებში, რომელიც ჩვენ ჩრდილოელ მეზობელთან გვაქვს. თუ ჩვენ ვაპირებთ ყველა საკითხთან დაკავშირებით, ყოველგვარი ხეირის გარეშე ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის ჩვენი ფუნდამენტური სამართლებრივი პოზიციები დავთმოთ, ეს საზიანო იქნება,“ – აცხადებს ბოკერია.

ცნობისთვის, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლად რუსი დეპუტატი ვასილი ლიხაჩოვის არ დაუშვეს, რადგან ის ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ იყო ნამყოფი. თუმცა ივლისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მსვლელობისას კანონის დამრღვევი რუსი დეპუტატების შემოშვება, ცვლილების გარეშეც, გამონაკლისის სახით მოხდა.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031