Davit_Kezerashvili

პანამას დოკუმენტები: მინისტრობიდან გადადგომის შემდეგ რამდენიმე დღეში კეზერაშვილი „ოლიგარქი გახდა“ (ipn)

.. პანამის დოკუმენტებში, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის გარდა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის სახელიც  ფიგურირებს.

ამის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიული გამოცემა Tribune de Geneve აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ 2006 წელს, როდესაც დავით კეზერაშვილმა თანამდებობა დაიკავა, ის მხოლოდ ერთ ბინას ფლობდა. ხოლო რუსეთ–საქართველოს ომის დამთავრებიდან რამდენიმე თვეში, 2008 წლის დეკემბერს, „რუსეთთან კატასტროფული ომის მერე“ კეზერაშვილი გადადგა და „მალევე ოლიგარქი გახდა”.

გამოცემის ინფორმაციით, კეზერაშვილის გადადგომიდან 10 დღეში ნდობით აღჭურვილმა პირმა მისთვის 3 ოფშორული კომპანია დააფუძნა, სადაც ნავთობის გაყიდვიდან მიღებული მილიონები გადარიცხა.

პანამის დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ერთ–ერთი ამ კომპანიისთვის შვეიცარიულ ბანკ BCGE–ში გაიხსნა ანგარიში, სადაც გადაირიცხა 20 მილიონი შვეიცარიული ფრანკი (21 მილიონამდე აშშ დოლარი). კიდევ 25 მილიონი გადაირიცხა იმავე გზითა და იმავე პერიოდში ბანკებში – ABN AMRO და BNP Paribas.

შვეიცარიული გაზეთი ასევე წერს, რომ 2013 წლის დასაწყისში კეზერაშვილის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით საქართველოში გამოძიება დაიწყო. 2013 წლის მაის–ივნისში კი კეზერაშვილის მინდობილმა პირმა პანამურ იურიდიულ კომპანიას Mossack Fonseca-ს მოულოდნელად დოკუმენტების უკანა თარიღით რეგისტრირება მოსთხოვა. ამის შემდეგ, სასამართლო საქმის წარმოების დაწყებამდე, კეზერაშვილმა მთელი თავისი აქტივები ორ  სხვა ოფშორულ კომპანიაში გადაიტანა.

გაზეთთან საუბარში კეზერაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი განმარტავს, რომ უპასუხა საქართველოს ხელისუფლების შეკითხვებს, რომელიც მის კლიენტს უკავშირდებოდა. დასძინა, რომ არასოდეს უკისრია ფინანსური შუამავლის როლი ამ საქმეში. მას შემდეგ არც მას და არც მის კომპანიას არასოდეს ჰქონიათ წვდომა კლიენტის საბანკო ანგარიშებზე.

2016 წლის 7 აპრილს შვეიცარიის პროკურატურამ რამდენიმე ბანკის საქმიანობის შესწავლა დაიწყო, მათ შორის ერთ-ერთი BCGE-ია, რომელშიც კეზერაშვილთან დაკავშირებულ კომპანიას ანგარიში ჰქონდა გახსნილი.

გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმის მიერ გამოქვეყნებული მასალების თანახმად, პანამური იურიდიული კომპანია Mossack Fonseca ზოგიერთ შემთხვევაში კლიენტებს ფულის გათეთრებასა და გადასახადებისგან თავის არიდებასა და სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა. გამოძიება Mossack Fonseca-ს 11,5 მილიონი დოკუმენტის შესწავლას ეფუძნება. იურიდიული კომპანიის კლიენტებს შორის ნახსენები არიან მსოფლიოს ყოფილი და მოქმედი ლიდერები, პოლიტიკოსები ცნობილი სპორტსმენები. მათ შორის დოკუმენტებში ფიგურირებდა ბიძინა ივანიშვილი სახელიც.