ამბები

„ოცნებამ“ წინასაარჩევნო აქცია გადაიფიქრა, „ნაციონალები“ – 2-ში თბილისში იკრიბებიან

by | Sep 27, 2016

Georgian Dream„ჩვენი მხრიდან აქცია დაანონსებული არ ყოფილა. ამასთან დაკავშირებით გუშინ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ჩვენი მთავარი აქცია 8 ოქტომბერს იქნება, როცა მილიონი მხარდამჭერი მოვა არჩევნებზე და საარჩევნო ყუთებთან მხარს „ქართულ ოცნებას” დაუჭერს,“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ. 

unmშეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს თბილისში დიდი შემაჯამებელი წინასაარჩევნო აქციის გამართვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკვე დაანონსა და იქვე პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ნიკა მელია, „ოცნებისგანაც“ მოითხოვა აქციის თარიღის დროულად დასახელება.

მისი თქმით, კულუარული ინფორმაცია აქვთ, რომ „ქართული ოცნება“ გეგმავს საკუთარი აქცია თბილისში 2 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობის” აქციის ჩატარების დროსა და ადგილს დაამთხვიოს.

„დაასახელონ თარიღი თუ როდის ატარებენ დასკვნით აქციას თბილისში. ჩვენი ინფორმაციით, ნაცვლად 5 ოქტომბრისა, ისინი ჩვენს თარიღს ამთხვევენ და 2 ოქტომბერს გეგმავენ აქციას. 5 ოქტომბერი სამუშაო დღეა და ისინი ვერ ახერხებენ საჯარო მოხელეების მობილიზებას თბილისის ცენტრში,” – ამბობს მელია.

მელიას თქმით, ინფორმაციის პირველი წყაროა ის, რომ რეგიონებში მიკროავტობუსების დაქირავებას ვერ ახერხებენ, რადგან ყველა სატრანსპორტო საშუალება „ქართულ ოცნებას“ 2 ოქტომბრისთვის უკვე დაჯავშნული აქვს,  მეორე წყაროს მიხედვით კი – თითქმის ყველა საჯარო სამსახურში ამ თარიღისთვის გაფრთხილებულები არიან.

მის ამ მოწოდებას კვირას პრემიერ-მინისტრმა და „ოცნების“ გენერალურმა მდივანმა უპასუხა და თქვა, რომ პარტია წინასაარჩევნოდ არ გეგმავს არანაირ აქციას და მხარდამჭერების შეკრებას.

„ჩვენ ვართ მმართველი ძალა, ხელისუფლებაში ვართ და არ ვიცი ვის უნდა მოვუწყოთ აქცია. ჩვენ პრაქტიკულად მოგებული გვაქვს არჩევნები და არანაირ აქციას და მით უმეტეს დისკომფორტის შექმნას ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ ქუჩები გადავკეტოთ და მოძრაობა ჩავკეტოთ, არ ვაპირებთ. ერთადერთი აქცია, რომელსაც ჩვენ ვაპირებთ, ეს იქნება გამარჯვების აქცია. 8 ოქტომბერს, საღამოს, როდესაც ჩვენ გავიმარჯვებთ დიდი აქცია ჩატარდება,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

აქციის ჩატარებას არ ადასტურებს არც ვიცე-პრემიერი. კახი კალაძე ამბობს, რომ მათ მოწოდება არ გაუკეთებიათ და საერთოდ, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე აქციის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის.

„ოცნების“ მხრიდან აქციის გამართვის გეგმის კატეგორიულ უარყოფამდე თავად „ოცნების“ წევრები აანონსებდნენ მედიასთან, რომ პარტია შემაჯამებელი აქციის გამართვას გეგმავდა და ეს პარტიის შტაბში გადაწყდა. თავდაპირველად საუბარი იყო 5 ოქტომბერზე. თუმცა ნიკა მელიას განცხადების შემდეგ გედევან ფოფხაძემ და ეკა ბესელიამ ისიც განაცხადეს, რომ აქციის გამართვის არა 5-ში, არამედ 2 ოქტომბერს აპირებდნენ და ეს თარიღი „არავის ჯინაზე არ განუსაზღვრავთ“.

„1 ოქტომბერი ჩვენთვის “ქართული ოცნების” გამარჯვების 4 წლისთავია და მაგ კუთხით გარკვეულ მობილიზებას რაიონებში ვაპირებთ და 2 ოქტომბერი იყო ლოგიკური, რომ დაგვესახელებინა,“ – განუცხადა „რუსთავი 2“-ს გედევან ფოფხაძემ.

გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას ეკა ბესელიამაც დაადასტურა აქციის ჩატარების გეგმა და თარიღი – 2 ოქტომბერი.

„ჩვენი შემაჯამებელი ღონისძიება 2 ოქტომბერს იგეგმება. ეს არავის კონტრაქცია არაა, ეს არის წინასწარ დაგეგმილი ღონისძიება და დეტალებზე შტაბი ისაუბრებს”, – განაცხადა ბესელიამ.

შეკითხვაზე, რატომ შეიცვალა დაანონსებული თარიღი, 5 ოქტომბერი – ეკა ბესელია პასუხობს, რომ ახალ თარიღს გადაწვეტილად ვერ ამბობს და ამას შტაბი ოფიციალურად განაცხადებს. საბოლოოდ, „ოცნებამ“ აქციაზე უარი თქვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას შეფასებით, „ოცნებამ“ აქცია იმ მიზეზით გადაიფიქრა, რომ ამ შეკრებაზე მისვლის დავალებას საჯარო სექტორში დასაქმებული ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა და ხელისუფლებას ხალხის არმისვლის შეეშინდა.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031