tamar_iveri_Crop

თამარ ივერი.

ცნობილი ქართველი ოპერის მომღერალი გეგმავს, საქველმოქმედო კონცერტი სექსუალურ უმცირესობებს მიუძღვნას.

თამარ ივერმა ამის შესახებ განცხადება ხუთშაბათს გააკეთა, ცოტა ხნის შემდეგ, რაც მისი გამოსვლა ‘ოპერა ავსტრალიასა’ და ბრიუსელის ‘ლა მონეში’ წარსულში გაკეთებული ჰომოფობიური განცხადების გამო ჩაიშალა.

ივერმა პრეს-კონფერენციაზე განმარტა, რომ ეს კონცერტი იქნება კიდევ ერთი გზა, რომ ბოდიში მოუხადოს ლგბტ ადამიანებს იმ პოსტისთვის, რომელიც მის ფეისბუქ გვერდზე 2013 წლის 17 მაისის აქციის დარბევის შემდეგ გამოქვეყნდა.

კონცერტი 11 ოქტომბერს თბილისში გაიმართება. ეს თარიღი კი იმიტომ შეირჩა, რომ ამ დღეს მსოფლიოში აღინიშნება ე.წ ‘ქამინგ აუთის’ დღე, ანუ სექსუალური ორიენტაციის საჯაროდ გაცხადების საერთაშორისო დღე.

თამარ ივერი ასევე აღნიშნავს, რომ კონცერტი მიეძღვნება ყველა სახის ძალადობის მსხვერპლთ. მან ქართველ მომღერლებს მოუწოდა, რომ მონაწილეობა მიიღონ ამ კონცერტში. ღონისძიებიდან მიღებული ფული კი ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად გადაირიცხება.

„ეს არის ბოდიშის მოხდისა და მხარდაჭერის გამოხატვის გზა,“ განაცხადა ივერმა პრეს-კონფერენციაზე.

თამარ ივერმა ქართული მედია გააკრიტიკა, რადგანაც, მისი თქმით, ჟურნალისტები წერდნენ, რომ ‘ოპერა ავსტრალიამ’ არ მისცა საშუალება, რომ ემღერა, სინამდვილეში კი მან თვითონ მიმართა ოპერის ხელმძღვანელობას, რომ არ ემღერა ‘აზრთა სხვადასხვაობის’ თავიდან არიდების მიზნით.

ივერის შესახებ დებატები მაშინ დაიწყო, როცა მის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა დიდი წერილი 2013 წლის 17 მაისის შემდეგ. ამ დღეს რამდენიმე ათეულ ლგბტ ადამიანების უფლებათადამცველს სურდა, აქცია მოეწყოთ ჰომოფობისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, თუმცა რადიკალური რელიგიური დაჯგუფებების ათასობით წარმომადგენელმა მათ ამის საშუალება არ მისცა. წერილში ლგბტ ადამიანები ‘ფეკალურ მასებთან’ იყვნენ შედარებული.

2014 წლის ივნისში ‘ოპერა ავსტრალიაში’ დაგეგმილი იყო, რომ ივერი დეზდემონას როლს შეასრულებდა ‘ოტელოში.’ ოპერის ფანებმა და სოციალური ქსელების სხვა მომხმარებლებმა დაიწყეს ოპერაზე შეტევა, რომ ივერისთვის გამოსვლის ნება არ მიეცათ. საბოლოოდ მომღერალი ხელმძღვანელობას შეუთანხმდა, რომ არ იმღერებდა.

მან რამდენჯერმე მოიხადა ბოდიში პოსტისთვის, რომელიც მის გვერდზე გამოქვეყნდა და ერთ-ერთ მათგანში ახსნა, რომ ეს წერილი ქმარმა გამოაქვეყნა მისი ანგარიშიდან.

„იმედი მაქვს, ვისთანაც ამდენი წლის განმავლობაში მიცხოვრია, მიმეგობრია, მიმუშავია, მიმღერია, ვინც მიცნობს, მან იცის, რომ ჰომოფობია ჩემთვის უცხო და მიუღებელია,“ წერს ის ერთ-ერთ განცხადებაში.