convention1

(“თავისუფალი ზონა”)

ახალი პოლიტსაბჭო და წესდება, პარტიის თავმჯდომარის ადგილი ვაკანტური, გენერალურ მდივნად კვლავ ვანო მერაბიშილი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ ნიკა მელია, მის მოადგილეებად კი ზაზა ბიბილაშვილი და ლევან ვარშალომიძე -ასე დასრულდა პარასკევს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა.

ღონისძიება, რომელიც სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, დაახლოებით სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. დაახლ. 7-ათასიან დამსწრე საზოგადოებას  სიტყვით მიმართეს ზაზა ბიბილაშვილმა, სალომე სამადაშვილმა, პეტრე ცისკარიშვილმა, ნიკა მელიამ, სანდრა რულოვსმა, ხატია დეკანოიძემ, გრიგოლ ვაშაძემ, რომან გოცირიძემ, ვაშინგტონიდან კი – ლევან ვარშალომიძემ და ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

პარტიის წესდებაში გარკვეული ცვლილებები შევიდა, რომლებიც ლევან ბეჟაშვილმა და თინა ბოკუჩავამ წარადგინეს. ენმ-ში აღარ იქნება სამდივნოები, პარტია პროექტების დაფინანსების მთავარ პრინციპს დაეფუძნება. რეგიონულ ორგანიზაციებს პოლიტსაბჭოში 40 წარმომადგენელი ეყოლებათ. პოლიტსაბჭო, რომლის შემადგენლობაც ნაწილობრივ ცნობილი ყრილობაზევე გახდა,  პარტიის მმართველი გახდება.

პარტიაში ქალთა როლის გაზრდაზეც ისაუბრეს. კერძოდ, „ნაცმოძრაობა“ იღებს ვალდებულებას, პარტიული სიის ყოველ ათეულში მინიმუმ სამი ქალი იყოს.

პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდე ვაკანტურად დატოვეს. რეზოლუციის პროექტის ტექსტი ყრილობის მონაწილეებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა გააცნო და მას მხარიც დაუჭირეს.

„იმხელა ძალაა მიშაში, რომ ზოგიერთებს მისი ჩრდილისაც ეშინიათ,“ – ამ სიტყვებით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას ყოფილმა პირველმა ლედიმ. სანდრა რულოვსის თქმით,  საქართველოში სააკაშვილის  აშენებული შენობები და ხიდებიც კი აშინებთ.

ვაშინგტონიდან პირდაპირი ჩართვისას საკმაოდ ვრცლად ისაუბრა თავად ექსპრეზიდენტმაც. „ მინდა მოგილოცოთ, რომ ივანიშვილისეული გეგმა „ნაციონალური მოძრაობის“ გაქოცების და ჯიბეში ჩადებისა, ჩაიფუშა. ეს არის მისი პირველი მარცხი 2012 წლის შემდეგ და, რა თქმა უნდა, არა უკანასკნელი მარცხი“, – განაცხადა მან.

გაუგებრობა მოჰყვა მერაბიშილი გენმდივნად დატოვების საკითხს. ყრილობის დასრულების შემდეგ მერაბიშვილმა  „ფეისბუქი“ საკუთარ გვერდზე დაწერა,  რომ  გენერალურ მდივნად არჩევის შესახებ მას თანხმობა არ განუცხადებია.

ამის საპასუხოდ პარტიამ გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მას უახლოეს მომავალში შეხვდება.

„დღეს გამართულ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მე-7 ყრილობის დღის წესრიგში, პარტიის გენერალური მდივნის არჩევის ან გადარჩევის საკითხი არ დამდგარა. ვანო მერაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით პარტიის წარმომადგენელი უახლოეს დღეებში გეგმავს მასთან შეხვედრას,“ – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

მანამდე კი ჟურნალისტებთან საუბრისას პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ არჩეულმა ნიკა მელიამ თქვა, რომ პირადად აპპირებს ციხეში ვანო მერაბიშვილთან შეხვედრას.