მშენებლობა სოხუმში (“რადიო თავისუფლება”)

აშშ-ის მიერ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციების სიაში მოხვდა ჩრდილოეთ კორეის ვიცე-კონსულის ოფიციალური წარმომადგენელი აფხაზეთში. როგორც ირკვევა „შავ სიაში“ აღმოჩენილი დიპლომატი სოხუმში ბიზნეს საქმიანობითაა დაკავებული და ჩრდილოეთ კორეიდან აფხაზეთში მუშების ჩაყვანას და მშენებლობაზე დასაქმებას კურირებს, თუმცა ეს ინფორმაცია თავად აფხაზი ჟურნალისტებისთვის მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ამაზე ინფორმაცია ვაშინგტონმა გაავრცელა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბირთვულ საფრთხესთან დაკავშირებით ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გასულ კვირას გააფართოვა. სანქციები დაუწესდა 9 ორგანიზაციას, 16 პირსა და 6 ხომალდს. „შავ სიაში“ ასევე ნახსენებია ოკუპირებული აფხაზეთიც.

როგორც რუსული მედია წერს, სანქციების სიაში შევიდნენ ჩრდილოეთ კორეის მმართველი ძალის, „კორეის შრომის პარტიის” ის წარმომადგენლებიც, რომლებიც რუსეთში მუშაობენ. მათ შორის საკონსულოების წარმომადგენლები წყნარი ოკეანის მსხვილ რუსულ საზღვაო ქალაქებში – ვლადივოსტოკსა და ნახოდკაში. ნახოდკის ვიცე-კონსულთან ერთად სიაში ასევე აღმოჩნდა მისი წარმომადგენელი აფხაზეთში პაკ ტონგ სოკი.

„2017 წლის აგვისტოში პაკ ტონგ სოკმა ხელი შეუწყო ჩრდილოეთ კორეელი მუშების ოკუპირებულ აფხაზეთში ჩაყვანას”, – ნათქვამია აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საგულისხმოა, რომ სოხუმში დიპლომატიური სტატუსის მქონე პან ტონგ სოკი ჩრდილოეთკორეული “რიონბონის” კორპორაციის წარმომადგენელია აფხაზეთში. ვაშინგტონის ცნობით, თავად კორპორაცია “რიონბონი” დაკავებულია ჩრდილოეთ კორეისთვის თავდაცვითი აღჭურვილობის შეძენით და ამიტომაც მოხვდნენ კორპორაციის წარმომადგენლები “შავ სიაში”.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელ სტივენ მნაჩინის განცხადებით, “აშშ სისტემატურად აკვირდება იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც კიმ ჩენ ინის რეჟიმს და ჩრდილოეთ კორეის შეიარაღების პროგრამებს აფინანსებენ”.

სანქციები ითვალისწინებს იმ აქტივების დაბლოკვას, რასაც ეს ადამიანები თუ ფირმები აშშ-ში ფლობენ. ასევე, აშშ-ის მოქალაქეებს ეკრძალებათ ამ პირებთან რაიმე ურთიერთობა.

აღსანიშნავია, რომ ამერიკული „შავი სიის“ გავრცელებამდე სოხუმში საზოგადოებისთვის უცნობი იყო ჩრდილოეთ კორეის ვიცე-კონსულის აფხაზეთში წარმომადგენლობისა და მისი საქმინობის შესახებ.

ამ სიის გასაჯაროვების შემდეგ კი გაირკვა, რომ ჩრდილოეთ კორეიდან შრომითი მიგრაცია აფხაზეთშიც ხდება „5 კაპიკზე სამუშაოდ“ და აღმოჩნდა, რომ სოხუმში ტურბაზის რაიონში წითელ ხიდთან ახლოს მრავალსართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე 44 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი მუშაობს. მათ ყველა დოკუმენტი წესრიგში აქვთ – ყველა მათგანს აქვს ე.წ. ვიზა, “აფხაზეთში მუშაობის ნებართვა” და სამედიცინო ბარათებიც კი.

„ქალაქში, განსაკუთრებით საღამოობით, შეგიძლიათ იხილოთ აფხაზეთისთვის უჩვეულო ხალხის ჯგუფი, დაუძლურებული, საშუალო სიმაღლის ადამიანთა ჯგუფი ერთნაირი ხაკისფერი ტანსაცმლითა და თავზე კეპებით, რომლებიც მშენებლობიდან მოდიან. სწორედ ეს ადამიანები აღმოჩნდნენ ჩრდილოეთ კორეიდან სამუშაოდ ჩამოყვანილი მიგრანტები. მათ სოხუმში კეთილსინდისიერი მუშების და საკუთარი საქმის მცოდნეები რეპუტაცია აქვთ,“- წერს “ეხო კავკაზას” აფხაზი ჟურნალისტი სოხუმიდან.