ამბები

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე გარდაიცვალა, კიდევ ორი დაშავებული მართვით სუნთქვაზეა

by | Aug 1, 2016

rugby21 ივლისს ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მორაგბის, ეროვნული ნაკრების წევრის, მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე ანი ბუაძე კვირას  საავადმყოფოში გარდაიცვალა. რაც შეეხება, კიდევ ორ დაშავებულს – საქართველოს ჩემპიონის, “ლელოს” მორაგბე გიორგი ლომინაძისა და მისი მეუღლის მდგომარეობას, კვლავ სტაბილურად მძიმეა. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვის აპარატზე არიან შეერთებულნი. ამის შესახებ, საქართველოს რაგბის კავშირში აცხადებენ.

მათი ცნობით, გიორგი ლომინაძეს გულ-მკერდის ძლიერი ტრავმების გამო,  ფილტვების ანთება (პნევმონია)  განუვითარდათ და მას  სათანადო მკურნალობა უტარდება. გარდა ამისა, შეიძლება უახლოეს დღეებში ის მართვით სუნთქვიდან სპონტანურ სუნთქვაზე გადაიყვანონ, რის შემდეგაც უკვე  ქვემო კიდურებზე ოპერაციები ჩაუტარდება.

რაც შეეხება მისი მეუღლის, ნუცა გუნცაძეს მდგომარეობას, ის კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება, რადგან სპონტანურ სუნთქვაზე გადაყვანის დროს შეღვიძებისას კრუნჩხვები განუვითარდა.

ავარიის შედეგად, ყველაზე მსუბუქად მერაბ კვირიკაშვილი დაზიანდა, რომელიც საავადმყოფოდან 28 ივლისს გაწერეს.

ცნობისთვის, შემთხვევა, წინა ხუთშაბათს ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით  ჩქაროსნულ მაგისტრალზე მოხდა, რომელიც მანამდე რამდენიმე დღის ადრე გაიხსნა. ერთმანეთს ორი სწრაფად მოძრავი ავტომობილი შეეჯახა. ერთ მანქანაში 3 ადამიანი დაიღუპა – ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და მათი მეგობარი გოგონა, მეორეში 4 ადამიანი დაშავდა – მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი მერაბ კვირიკაშვილი,  საქართველოს ჩემპიონის, “ლელოს” მორაგბე გიორგი ლომინაძე და მათი მეუღლეები.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც  ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და  ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

როგორც DFWatch-ს უწყებაში უთხრეს, ექსპერტიზის შედეგს ელოდებიან, რის შემდეგაც დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი.

“ეკო ტრანსპორტ ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე კი DFWatch-თან საუბრისას ამბობს, რომ საქართველოს გზებზე ეს ადგილი ერთ-ერთ შავ წერტილად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან იმ ადგილას, სადაც ავარია მოხდა, ცალმხრივი მოძრაობა უცებ ორმხრივში გადადის, რაც ავარიის რისკს ზრდის.

„ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე გაიხსნა ერთი მიმართულება, რეალურად ეს არის ცალი მხარე. რადგან მეორე მხარე არ არსებობს, მოძრაობა არის ორმხრივი. ეს მონაკვეთი პირდაპირ ჩქაროსნულ მაგისტრალსაა მიბმული, შესაბამისად, მანქანა, რომელიც ცალმხრივად მაღალი სიჩქარით მოძრაობს, უცებ გადადის ისეთ გზაზე, სადაც მოძრაობა  ორმხრივი ხდება. საერთაშორისო სტანდარტი კი ითვალისწინებს, რომ მსგავსი ჩქაროსნული მაგისტრალი იყოს ცალმხრივი და გამიჯნული.

„ამასთან, გზა არის ვიწრო. საქართველოს ავტოპარკში კი ისეთი ტრანსპორტიც გვხვდება, რომელიც 60-70კმ/სთ-ზე მეტ სიჩქარეს  ვერ ავითარებს, ამ დროს მძღოლი იძულებულია გადავიდეს საპირისპირო ზოლში და გადაასწროს ამ ავტომობილს. სწორედ ეს მოხდა ამ შემთხვევაშიც, რასაც საპირისპირო ზოლში მოძრავ ავტომობილთან შეჯახება მოჰყვა. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის დანაშაული სახელმწიფოს მხრიდან, როცა ადამიანებს საშუალებას აძლევს მსგავს მაგისტრალზე ორმხრივად გაადაადგილდნენ,“ – აღნიშნა ურუშაძემ.

ცნობისთვის, ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი ჩქაროსნული მაგისტრალი 15 ივლისს გაიხსნა. საგზაო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ ვიდეოში  ჩანს, ამ გზის მონაკვეთი, სადაც ნათელია, რომ იმ მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივი ხდება.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031