ამბები

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას აფასებს და თავის სამომავლო გეგმებზე საუბრობს

by | Jun 3, 2015
Mikheil Saakashvili meeting with locals in Odessa (Facebook)

Mikheil Saakashvili meeting with locals in Odessa (Facebook)

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ახლადდანიშნული გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება უუნაროა, ქვეყნისთვის საჭირო ნაბიჯები გადადგას და დარწმუნებულია, რომ  ხელისუფლებას სწორედ მისი  პოლიტიკური ძალა ჩაანაცვლებს, რომელსაც, მისივე თქმით, „ალტერნატივა არა ჰყავს“.

ამის შესახებ  მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი2“-თვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც პირადად სააკაშვილის და მისი პოლიტიკური ძალის გავლენის მქონე ტელევიზიად ითვლება.

ინტერვიუ ორნაწილიანია და რამდენიმე დღის ინტერვალით არის ჩაწერილი. ინტერვიუს ძირითადი ნაწილი ჩაწერილია მანამდე, ვიდრე ის  ოდესის გუბერნატორად დაინიშნებოდა და უკრაინის მოქალაქეობას მიიღებდა. მეორე ნაწილი კი უკვე დანიშვნის შემდეგ ოდესაშია ჩაწერილი, სადაც ის  უკვე ოდესაში განსახორციელებელ გეგმებზეც საუბრობს. ეს ნაწილი ჩაწერილია ოდესის ქუჩებში, სადაც სააკაშვილი მოსახლეობას ხვდება. ეს ჟესტი მისთვის დამახასიათებელი იყო ჯერ კიდევ  მაშინ, როდესაც სააკაშვილი საქართველოში მოვიდა ხელისუფლებაში.

ის  ამ ინტერვიუში საკუთარ წარმატებებზე საუბრობს, რაც მისი მმართველობის დროს განხორციელდა და აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ მოქმედ ხელისუფლებას არ შეუძლია ქვეყნისთვის საჭირო  ქმედებების განხორციელება.

ყველაზე მეტი კი მაინც  ყოფილ პრემიერმინისტრზე ისაუბრა და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ბიზნესინტერესებით მოქმედებს  და მას სააკაშვილის შურს, რომელსაც “კომპლექსიანს, უნიჭოსა და ბოღმა ადამიანს“  უწოდებს.

საქართველოში მიმდინარე პროცესების შეფასებისას მიხეილ სააკაშვილმა მძიმე ეკონომიკური ვითარება სწორედ ბიძინა ივანიშვილის „ახირებებს“ დაუკავშირა.

გაიხსენა „ნაციონალური მოძრაობის“  მმართველობის  დროს დაწყებული და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დროს გაჩერებული პროექტები, მათ შორის წყალტუბო, სვანეთი და ლაზიკა.

„ეს პროექტები მოკლეს იმიტომ, რომ ივანიშვილი პირადი ბოღმა აქვს. ასეთია პირადი კომპლექსები, უნიჭო ადამიანის კომპლექსები, ოროსნის კომპლექსები ხუთოსნის მიმართ,“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მან  კრიზისიდან გამოსვლის საკუთარ  გეგმაზეც ისაუბრა.

ნაციონალური მოძრაობის დროს შემუშავებული პროექტების ამუშავება, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ გააჩერა, მკვეთრი ანტიკორუფციული ნაბიჯების გადადგმა და სახელმწიფო სისტემის ნეპოტიზმისგან  გაწმენდა, ლარის გაუფასურებით დაზარალებული ხალხის კომპენსირება, – ეს არის ის ნაბიჯები, რომელიც, სააკაშვილის შეფასებით, აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს.

“ამის კომპენსირება სახელმწიფომ უნდა მოახდინოს და შემდეგ ეს ფული ივანიშვილის მიერ მითვისებულ ფულის ხარჯზე ამოიღოს,” – ამბობს სააკაშვილი.

რაც მთავარია, ექსპრეზიდენტი სასამართლო სისტემის რეფორმირების აუცილებლობას უსვამს ხაზს და ამბობს, რომ ეს საკითხი მისმა ხელისუფლებამ ბოლომდე ვერ მიიყვანა.

„ჩემი აზრით, უზენაესი სასამართლო უნდა დავითხოვოთ და შევცვალოთ ამერიკელი და ინგლისელი მოსამართლეებით, თუნდაც 10-წლიანი ვადით. მივცეთ მაღალი ხელფასი და დავიქირავოთ,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

თუმცა, ის იმაზეც აკეთებს აქცენტს, რომ ამის განხორციელება მოქმედ ხელისუფლებას არ შეუძლია  უუნარობის გამო და ერთად-ერთ გამოსავლად ხელისუფლების მშვიდობიან შცვლას მიიჩნევს. ის ხაზგასმით ამბობს, რომ ხელისუფლება არჩევნებით უნდა შეიცვალოს და დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოქმედი მთავრობის ერთადერთი ალტერნატივა დღეს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობაა“.

ამასთან, ის იმაზეც საუბრობს, რომ  შესაძლოა, ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობა ვადამდე დადგეს.

ოდესის მოქმედი გუბერნატორი ამბობს, რომ ის მომხრეებს და მხარდმჭერებს არ მიატოვებს და საქართველოსა და უკრაინისთვის ბოლომდე იბრძოლებს.

“მე არასდროს არ მოვიხსნი პასუხისმგებლობას საქართველოს ბედზე. ჩვენ პასუხისმგებლობას არ გავექცევით. საქართველოს და უკრაინის ბრძოლა არის შეთავსებადი. ჩვენ აქ იმიტომ კი არ ჩამოვედითმ რომ საქართველო მივატოვოთ, არამედ იმიტომ ვართ აქ, რომ უკრაინაც და საქართველოც გავათავისუფლოთ,” – ამბობს სააკაშვილი.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031