ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ რაიონებში ბავშვის სქესის წინასწარ დადგენაზე მოთხოვნა ჯერ კიდევ მაღალია. მარნეულში მცხოვრებ 31 წლის საქინა ალიევას 5 წლის ბიჭი ჰყავს. ვაჟის გაჩენამდე მან აბორტით ორი გოგონა მოიშორა. საქინა ამბობს, რომ ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მეუღლის ზეწოლით მიიღო:  

„როცა გავიგე, რომ დედა გავხდებოდი, ძალიან გამიხარდა. მეუღლემ გამაფრთხილა, რომ თუ პირველი შვილი ბიჭი არ იქნებოდა, მიმატოვებდა. როცა გავიგეთ, რომ გოგონას ველოდებოდით, მითხრა, რომ აბორტი უნდა გამეკეთებინა. მე უარი ვთქვი. ამის შემდეგ მართლაც მამის სახლში წამიყვანა და დამტოვა. მშობლებმა მითხრეს, რომ ქმართან გაყრის შემთხვევაში ისინი ჩემზე და ჩემს მომავალ შვილზე ვერ იზრუნებდნენ. იძულებული გავხდი, აბორტი გამეკეთებინა.“

სამი შვილის დედა, 35 წლის სევდა მამადოვა თბილისში ცხოვრობს. როგორც ამბობს, იმისთვის, რომ ორი გოგოს შემდეგ ბიჭი გაეჩინა, სამი აბორტი გაიკეთა: „ჩემი მეუღლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ბიჭი გვყოლოდა. მესამე ორსულობაზე, ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს როცა გვითხრეს, რომ გოგონა იყო, ექიმმა ისიც გვითხრა, ნაყოფი უკვე დიდია და აბორტმა შეიძლება შენი ჯანმრთელობისთვის საფრთხე შექმნასო. მეუღლის, მისი მშობლების და ნათესავების ზეწოლით აბორტი მაინც გავიკეთე. ნათესავები, განსაკუთრებით კი ქალები, „უშვილოს“ მეძახდნენ, რაც ფსიქოლოგიურად ძალიან მძაბავდა.”

საქართველოს კანონმდებლობით აბორტი ნებადართულია. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ორსულს სურვილის შემთხვევაში შეუძლია ნაყოფის სქესის გაგებაც და 12 კვირამდე ორსულობის შეწყვეტაც (12 კვირის შემდეგ ორსულობა შეიძლება შეწყდეს მხოლოდ სამედიცინო ჩვენების შემთხვევაში). ნაყოფის სქესის გამო ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მეთოდს კი საქართველოში ბევრი ქალი მიმართავს.

სელექციური აბორტი, რაც ბავშვის სქესის გამო ორსულობის შეწყვეტას ნიშნავს, ფართოდ არის გავრცელებული სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. იმ ქვეყნებს შორის, სადაც ემბრიონული ნაყოფის სელექციური აბორტის შემთხვევები ხშირია, საქართველოც შედის.

გაეროს მოსახლეობის ფონდისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით ჩატარებული კვლევის „გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა საქართველოში: კონტექსტი, მტკიცებულება და შედეგები“ თანახმად, 90-იანი წლებიდან მოყოლებული 2010 წლამდე, შერჩევითი აბორტის გამო 25 ათასი გოგოა „გამქრალი“.

კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნულმა რეპროდუქციულმა ჯანმრთელობის საბჭომ დაადასტურა მონაცემები სქესთა შორის დაბადების ფარდობითობის შესახებ და აღნიშნა, რომ არც ჯანდაცვის საზოგადოება და არც მოსახლეობა სელექციურ აბორტებს მნიშვნელოვან პრობლემად არ მიიჩნევს.

კვლევამ ისიც დაადასტურა, რომ 2008-2012 წლებში საქართველოში ყოველ ახალშობილ 112 ბიჭზე 100 გოგონა მოდიოდა, მაშინ, როდესაც ბუნებრივი თანაფარდობის დროს 105 ბიჭზე 100 გოგო იბადება.

მარნეულის Geo Hospital-ის საავადმყოფოს ექიმი, გინეკოლოგი პაატა ხოლუაშვილი ამბობს, რომ ბოლო დროს სელექციური აბორტების რაოდენობა კლებულობს: „ქალებს ყოველთვის ვუხსნით, რომ სელექციური აბორტის გაკეთება მიუღებელია. ბოლო დროს ასეთი აბორტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.”

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს აზაერბაიჯანელი ქალების” თავმჯდომარე, გულთაქინ ჰაჯიევა აცხადებს, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ რაიონებში ბავშვის სქესის წინასწარ დადგენაზე მოთხოვნა ჯერ კიდევ მაღალია  და სელექციურ აბორტსაც ბევრი ქალი მიმართავს:

„ჩვენ ისევ პატრიარქალური საზოგადოების პრინციპებით ვცხოვრობთ. დღემდე ბევრი ფიქრობს, რომ ვაჟია მთავარი, ის არის გვარის გამგრძელებელი და მოხუცებულ მშობლებსაც მან უნდა მიხედოს, ქალიშვილი კი დაქორწინდება და დედ-მამას დაშორდება. ახლა გოგონებიც იღებენ განათლებას, მუშაობენ და მშობლებსაც ეხმარებიან. ქალის მხრიდან სელექციური აბორტის გაკეთება არასწორია. თუ სახელმწიფო შექმნის პირობებს იმისთვის, რომ  გოგონებმა კარგი განათლება მიიღონ, ბევრი მშობელი მიხვდება, რომ ქალიშვილი ბიჭივით ღირებულია და მდგომარეობაც გამოსწორდება.”

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში 56 569 ბავშვი დაიბადა, აქედან 28 887 ბიჭი, ხოლო 27 682 – გოგო.

ნურანა მამადი

სტატია მომზადებულია „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის” პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ფონდის – „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორთა პოზიციას.