ამბები

მერაბიშვილსა და უგულავას ერთ საკანში არ მოათავსებენ

by | Jun 28, 2016

vano_merabishviliვანო მერაბიშვილსა და გიგი უგულავას ერთ საკანში გადაყვანაზე უარი ეთქვათ. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება ორშაბათს, 27 ივნისს გამოაცხადა. მოთხოვნაზე უარის თქმის არგუმენტი ისაა, რომ ორივე მაღალჩინოსანი ერთ საქმეზე არიან ბრალდებულები.

აღსანიშნავია ის, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრისა და თბილისის ყოფილ მერის ერთ საკანში მოთავსების მოთხოვნით დაცვის მხარემ ინსტანციას 4 თვის წინ მიმართა და მიზეზად მათ მიმართ ციხეში არაჰუმანური მოპყრობა დაასახელა.

საქმეზე მოპასუხე მხარე სასჯელაღსრულების სამინისტრო იყო, რომლისთვისაც ყოფილი პრემიერისა და თბილისის ყოფილი მერის ერთ საკანში ყოფნა მიუღებელია.

როგორც ადვოკატები აცხადებენ, გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილის საკნებში მარტო ყოფნა არადაამიანური მოპყრობისა და წამების ტოლფასია.

„ივანე მერაბიშვილისა და გიორგი უგულავას მიმართ არაერთი ფუნდამენტური უფლების დარღვევას აქვს ადგილი სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ სარჩელით მოვითხოვეთ, რომ ისინი ერთ საკანში იქნან მოთავსებული, რადგან ეს გასაძლისს გახდის მათ პატიმრობაში ყოფნას და ამასთან ერთად ეს არანაირ დაბრკოლებას არ გამოიწვევს სახელმწიფო ორგანოების  საქმიანობისთვის, ვთქვათ უსაფრთხოების თვალსაზრისით,“ – აცხადებს უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია.

ადვოკატების მოთხოვნაში ასევე აღნიშნულია, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების ერთ საკანში მოთავსების თხოვნით მათ სასჯელაღსრულების სამინისტროსაც მიმართეს, თუმცა მათი მოთხოვნა უწყებამ იმ არგუმენტით არ დააკმაყოფილა, რომ ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა ერთ საქმეზე არიან ბრალდებულები. ამავე არგუმენტით, უთხრა საქალაქო სასამართლომ უარი ადვოკატებს უგულავასა და მერაბიშვილის ერთ საკანში მოთავსებაზე.

ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს, პირველი ბრალდება  ორ ეპიზოდს ეხებოდა. ერთი იყო, 2012 წლის დასაქმების სახელმწიფო პროგრამის საქმე, სადაც პროკურატურის განცხადებით  სოციალური აგენტები თვალთმაქცურად დაასაქმეს და ისინი სინამდვილეში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ დავალებებს ასრულებდნენ. მეორე ეპიზოდი კი ეხებოდა სოფელ კვარიათში სხვისი აგარაკის მითვისებას. ამ ბრალდებებზე მერაბიშვილს განაჩენი 2014 წლის თებერვალში გამოუტანეს და  5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მერაბიშვილს იმავე თვეს მიესაჯა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა 2011 წლის 26 მაისს მიტინგის დაშლის საქმეზეც. იმავე წლის ოქტომბერში კი ის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში სცნეს დამნაშავედ და 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. რადგანაც ამ ხელისუფლების დროს სს საქმეების შეკრებითობის პრინციპი გაუქმებულია, მერაბიშვილი პატიმრობაში 5 წელი უნდა დარჩეს, სავარაუდოდ 2018 წლის მაისამდე.

გიგი უგულავა 2014 წლის 3 ივლისს დააკავეს რიყის გასხვისებისა და ადამიანების თვალთმაქცურად  დასაქმების ბრალდებით. მას ბრალი 2015 წლის სექტემბერში დაუმტკიცეს 4 წლითა და 4 თვით პატიმრობა ე.წ. „თბილსერვისის“ საქმეზე, რიყის ეპიზოდზე კი გამართლდა. ორივე ყოფილი მაღალჩინოსანი სამარტოო საკანში იმყოფებიან.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2016
M T W T F S S
« Aug    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930