ამბები

“მასტერას” 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება

by | Mar 22, 2016

masteraსამშაბათს, 22 მარტს გამთენიისას ნიდერლანდების სამეფოდან საქართველოში კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი  გიორგი დგებუაძის, იგივე “მასტერას”, ექსტრადირება განხორციელდა. დგებუაძე საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით ჩამოიყვანეს და მას განზრახ მკვლელობისთვის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნაში 2013 წლის 7 მარტიდან იმყოფება.

დგებუაძე 2014 წლის ივნისში ჰოლანდიაში დააკავეს და მოლაპარაკებების შემდეგ მისი საქართველოში ჩამოყვანა სამშაბათს მოხდა. ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

„გიორგი დგებუაძეს ბრალად ედება 2006 წლის 12 იანვარს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსთან დავით ახალაიასთან და ამავე დეპარტამენტის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, „ნავთლუღის” ავტოსადგურში სამი ახალგაზრდის, შოთა გორგაძის, მარად ართმელიძისა და რომან სურმანიძის წინასწარ დაგეგმილ მკვლელობაში მონაწილეობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ა” და „თ” პუნქტებითა და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, რასთან დაკავშირებითაც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა, ხოლო ამ დანაშაულში ჩართული სხვა თანამონაწილეების მიმართ უკვე დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი“, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კონკრეტულად კი საუბარია იმაზე, რომ თბილისში, ნავთლუღის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე საეჭვო გარემოებებში მოკლეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პირველი დაწესებულების პატიმრის გია გორგაძის ძმა და მისი ორი მეგობარი, რომლებიც თითქოსდა პატიმართა მასობრივი გაქცევის მიზნით, რუსთავის N1 საერთო რეჟიმის დაწესებულებაზე შეიარაღებულ თავდასხმას გეგმავდნენ. მოკლულ ახალგაზრდებს 10-11 ტყვია ჰქონდათ მოხვედრილი.

ბრალდებები თავისუფლების 10-დან 20- წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. ე.წ. ნავთლუღის საქმეში  ბრალდებულები არიან, ასევე, დავით ახალაია, ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი.

2005 წლიდან გიორგი დგებუაძე იკავებდა შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ-ი) მეორე სამმართველოს უფროსის თანამდებობას, ხოლო მოგვიანებით თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩანა ახალაიას ბრძანებით დაინიშნა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს უფროსად.

მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, დგებუაძის  ექსტრადირება მოხდა ნავთლუღის სპეცოპერაციის სს საქმეზე. შესაბამისად, საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით, მისი საქმის განხილვა მხოლოდ ამ ბრალდებულების ფარგლებში მოხდება.

როგორც შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ექსტრადირების პროცესი საკმაოდ რთულ პროცედურებს მოიცავდა და საქართველოს პროკურატურამ უდიდესი სამუშაო გასწია იმ მიმართულებით, რომ მომხდარიყო კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის საქართველოში ჩამოყვანა.

რაც შეეხება ექსტრადიციის პროცესის გაჭიანურებას, შოთაძემ ეს ზოგადად ექსტრადიციის პროცესის თავისებურებით ახსნა.

“ყველა ქვეყანას ექსტრადირების საკუთარი პროცედურები აქვს, ამ შემთხვევაში ექსტრადირების პროცესში ჩართული იყო სასამართლო. კონკრეტულად სასამართლოს ყველა ინსტანციაში მოხდა განხილვა, რამდენად დაცული იქნება მისი ექსტრადირების შემთხვევაში ადამიანის უფლებები. შესაბამისად, ამ პროცედურების მიმდინარეობის გამო, რაც დროში საკმაოდ გაწელილია, არ ხდებოდა მისი ექსტრადირება”, – განაცხადა შოთაძემ.

ჯერ უცნობია, აპირებს თუ არა გიორგი დგებუაძე გამოძიებასთან თანამშრომლობას და ჩვენების მიცემას არ მარტო ერთ ბრალდებაზე, არამედ სხვა საქმეებზეც.

დგებუაძის ადვოკატი დავით აბესაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებაში, დღევანდელი მდგომარეობით, თავს დამნაშავედ არ ცნობს.

„სხვა დანარჩენი ბრალდება, თუ ეპიზოდები, რაც გაჟღერებული იყო მანამდე თუ დღეს ჟღერდება სხვადასხვა საიფორმაციო საშუალებებით, მას არ აქვს წარდგენილი,“ – განაცხადა ადვოკატმა დავით აბესაძემ.

ცნობისათვის, საუბარია იმაზე, რომ გიორგი დგებუაძე კუდ-ის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას მარჯვენა ხელი იყო. ოპოზიცია მას ზონდერ ჯგუფის ხელმძღვანელად თვლიდა. მან საქართველო არჩევნების შემდეგ დათა ახალაიასთან ერთად დატოვა.

მართალია, ოფიციალურად მას მხოლოდ ერთი ბრალდება აქვს წარდგენილი, თუმცა დგებუაძის სახელი ფიგურირებს 2008 წელს გაუჩინარებული რეინჯერის, დავით ცინდელიანის და თავდაცვის სამინისტროს მზვერავ პაატა ქარდავას საქმეებში და ასევე 2008 წელს ბათუმელი სამხედრო მზვერავ როინ შავაძის მკვლელობის საქმეში. მისმა სახელმა 2007 წელს ასევე გაიჟღერა ბადრი პატარკაციშვილის საქმეში, როდესაც გავრცელდა ფარული ჩანაწერი, პატარკაციშვილის ლიკვიდაციის მიზნით როგორ აპირებდა დგებუაძე ქილერის დაქირავებას.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2016
M T W T F S S
« Aug    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930