ამბები

მაჟორიტარული სისტემის გაუქმება 5 წლით გადაიდო

by | Jun 8, 2015
Davit Usupashvili (IPN)

Davit Usupashvili (IPN)

მმართველი გუნდი საარჩევნო სისტემის ცვლილებას დათანხმდა, მაგრამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის რჩევა გაითვალისწინა და მაჟორიტარული სისტემის გაუქმება, რასაც ყველა დანარჩენი პოლიტიკური ძალა და  არასამთავრობო სექტორი ითხოვს, მომავლისთვის გადადო.

მმართველ კოალიციაში აცხადებენ, რომ არჩევნები 2016 წელს შერეული წესით როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული პრინციპით ჩატარდება. მაჟორიტარულ არჩევნებში შესაძლოა ბარიერად 50% განისაზღვროს. ამასთან, ამბობენ, რომ  მაჟორიტარული ოლქები ახლებურად გაიყოფა, რათა ხმების წონადობა დაცული იქნას.

ეს გადაწყვეტილება „ქართულმა ოცნებამ“ ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღო.

“კარზე მომდგარი არჩევნების წინ რადიკალური ცვლილებები არ არის აუცილებელი,“ ასეთი კომენტარი გაუკეთა მოსალოდნელ ცვლილებებს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა.

ეს არგუმენტი ყველა დანარჩენი პოლიტიკური ძალისთვის გაუგებარია, რადგან  მათ შორის არსებობს თანხმობა, რომ არსებული სისტემა უნდა შეიცვალოს.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, პარლამენტი შედგება 77 პროპორციული და 73 მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატისგან.

ეს სისტემა მუდმივად დავის საგანს წარმოადგენს. საერთაშორისო ორგანიზაციები  ჯერ კიდევ 1990-იანი წლების ბოლოდან დღემდე იძლევიან იმის რეკომენდაციას, რომ  შეიცვალოს მაჟორიტარების არჩევის წესი, რადგან ამ სისტემით დაცული არ არის ხმათა წონადობის  პრინციპი – ანუ,  მაჟორიტარულ ოლქებში  ამომრჩეველთა რაოდენობა ზოგჯერ რადიკალურად არის განსხვავებული. ამის  მაგალითად ყოველთვის სახელდება  ქუთაისის და  ყაზბეგის საარჩევნო ოლქები, რადგან ქუთაისში 100 ათასზე მეტი ამომრჩეველია და ყაზბეგში მხოლოდ 1500 ამომრჩეველი. არადა ორივე ეს დასახლებული პუნქტი ერთმანდატიან საარჩევნო ოლქს წარმოადგენს და თითო-თითო მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

სწორედ ამიტომ ხელისუფლებას  საერთაშორისო ორგანიზაციები მუდმივად იმის რეკომენდაციას  აძლევენ, რომ საარჩევნო  ოლქები ამომრჩეველთა რაოდენობის პრინციპით შეიქმნას, თუკი ხელისუფლება მაჟორიტარული სისტემის არსებობას საჭიროდ თვლის.  ამას კი ყველა ხელისუფლება შეუძლებლად მიიჩნევს.

თუმცა, ოპოზიცია და  არასამთავრობო ორგანიზაციები  ყველა  ხელისუფლებას  იმას საყვედურობენ, რომ  მაჟორიტარული სისტემა სჭირდებათ საკუთარი გავლენის შესანარჩუნებლად, რადგან სახელისუფლებო ბერკეტის გამოყენება ამ სისტემაში უფრო ადვილია.

დღევანდელი მმართველი გუნდიც და კონკრეტულად ის პირები, ვინც ახლა ხელისუფლების სახეებს წარმოადგენენ,  ოპოზიციაში ყოფნისას სააკაშვილის  ხელისუფლებას მუდმივად  იმას საყვედურობდნენ, რომ  მაჟორიტარული სისტემა არ არის სამართლიანი, არ უწყობს ხელს პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის პოლიტიკურ განვითარებას და ზოგადად ქვეყანაში პოლიტიკური პარტიების განვითარებას აფერხებს. რაც მთავარია,  საყვედურობდნენ იმას, რომ სააკაშვილი ამ სისტემას საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებდა.

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლა იყო „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს დაპირება არათუ არ „გახსენებიათ“, არამედ უარს ამბობენ მის შესრულებაზე.

თუმცა,  მნიშვნელოვანი ის ის არის, რომ  სააკაშვილის გუნდი როდესაც ხელისუფლებაში იყო,  ამ სისტემის გაუქმებაზე უარს ამბობდა, ახლა კი  მაჟორიტარული სისტემის შეცვალას სხვა დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან  და  არასამთავრობო სექტორთან ერთად ითხოვენ.

ახალი ხელისუფლების პირობებში  საარჩევნო სისტემის თემა არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ  დაახლოებით ერთი წლის წინ გააქტიურდა და შემდეგ მათ ჯერ „ნაციონალური მოძრაობა“ შეუერთდა და შემდეგ „თავისუფალი დემოკრატები“, მას შემდეგ, რაც ალასანიას გუნდმა ხელისუფლება დატოვა.

რამდენიმე დღის წინ კი ოპოზიციის ამ მოთხოვნას პრეზიდენტი მარგველაშვილიც შეუერთდა. მანამდე კი ოპოზიციის მემორანდუმს, რომელიც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითვალისწინებს, ხელი პარლამენტის თავმჯდომარემაც მოაწერა. თუმცა, დღეს ისევ მმართველი გუნდის  აზრს იზიარებს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი კვერენჩხილაძე DFWatch-თან საუბრისას ამბიბს, რომ პრეზიდენტი მიესალმება მმართველი გუნდის თანხმობას სისტემის შეცვლაზე,  მაგრამ გაუგებარია, თუ რატომ არ უნდა განხორციელდეს ეს ცვლილება ახლავე, როდესაც სრული პოლიტიკური სპექტრის თანხმობა არსებობს და რატომ უნდა გადავადდეს კიდევ 5 წლით.

კითხვაზე,  რჩება თუ არა პრეზიდენტი პოლიტიკური სპექტრის გვერდით, კვერენჩხილაძე ამბობს, რომ  „პრეზიდენტმა ყოველწლიური მოხსენებისას დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ მაჟორიტარული სისტემა უნდა ჩანაცვლდეს და უფრო სამართლიანი სისტემა უნდა იქნას შემოღებული. შესაბამისად, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი თავისი პოზიციის ერთგული რჩება“.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031