მანდატურს, რომელმაც 15 წლის სკოლის მოსწავლესთან სქესობრივი კავშირი დაამყარა, სამართლებრივი პრობლემები და პატიმრობა ემუქრება. გოგონა 40 წლის მამაკაცისგან  უკვე 5 თვის ორსულია და მალე დაქორწინებასაც გეგმავენ.

შემთხვევა იმერეთში, თერჯოლის  ერთ-ერთ სკოლაში მოხდა. ინფორმაცია ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტრომ“ გაავრცელა.  როგორც აღმოჩნდა, მანდატური  ამ სკოლაში  2012 წლიდან მუშაობდა. 2016 წლის დეკემბერში კი მან სკოლასთან ხელშეკრულება საკუთარი სურვილითვე შეწყვიტა.

სკოლის დირექტორის, ელისო მურადაშვილისთვის მომხდარის შესახებ 13 იანვარს გახდა ცნობილი, როდესაც გოგონა გინეკოლოგს ესტუმრა და მისი ორსულობა დადასტურდა. დირექტორის თქმით, მან საქმის კურსში შინაგან საქმეთა სამინისტრო და სოციალური მომსაუხრების სააგენტო მაშინვე ჩააყენა.

ინფორმაცია მიაწოდა მოზარდის დედასაც, რომელმაც განუცხადა, რომ მამაკაცთან პრეტენზია არ აქვთ, რადგან ის მისი შვილის ცოლად მოყვანას გეგმავს. გადაწყვეტილებას არასრულწლოვანი გოგონას მშობლებისა და ახლობლების მხრიდან წინააღმდეგობა არ მოჰყოლია. თუმცა, იურისტების განმარტებით, დაქორწინება პირს, რომელმაც სქესობრივი კავშირი არასრულწლოვანთან დაამყარა, პასუხისმგებლობისაგან არ ანთავისუფლებს.

იგივე განაცხადა თემის კომენტირებისას განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამაც.

„სისხლის სამართლის კოდექსს ცოლად მოყვანა-არმოყვანა არ აინტერესებს და ამიტომ, სისხლისსამართლებრივი დევნა გაგრძელდება“,- აღნიშნა მან და დასძინა, რომ   მომხდარის გამო, მანდატურის პროფესიის მიმართა ნდობა არ უნდა დაიკარგოს.

მინისტრის  თქმით,  ასეთ ადრეულ ასაკში ქორწინება და მისი ხელშეწყობა, თუნდაც ოჯახის მხრიდან, მიუღებელია.

„მარწმუნებენ, რომ ყველა ბედნიერია ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თუმცა ჩვენ ნამდვილად არა ვართ ბედნიერი“ – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

შსს-შ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლითაა აღძრული, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას გულისხმობს.

როგორც ირკვევა, ამავე სკლოლაში კიდევ ერთი არასრულწლოვანი სწავლობს, რომელიც მასზე უფრო მამაკაცისაგან დაორსულდა და 15 წლის ასაკში ბავშვი გააჩინა. ოჯახის გადაწყვეტილებით ისიც დაქორწინდა.