ვირიშვილი მაიმუნითბილისის მერი დავით ნარმანია მოძრაობა „მწვანე მუშტის“ აქტივისტის ირაკლი კუპრაძის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო საზოგადოებასა და ამომრჩეველს ბოდიშს უხდის. კერძოდ, ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის გამო  მერიაში ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე ნარმანიამ კუპრაძეს შემდეგი სიტყვებით  „მაიმუნო ვირიშვილო“ მიმართა. მერის ეს სიტყვები სოციალურ ქსელებში მწვავე კრიტიკისა და ქილიკის საგანიც გახდა.

„მინდა გამოვეხმაურო მერიაში არასამთავრობოებთან გუშინდელი შეხვედრის დროს მომხდარ ინციდენტს, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას და ჩემს ამომრჩეველს.
ბოლო ერთი კვირაა მერიის თანამშრომლების და ჩემს მიმართ ბევრი შეურაცხმყოფელი განცხადება მოვისმინეთ. გუშინ იყო საქმიანი შეხვედრა და გვსურდა, კონსტრუქციული დიალოგით და საქმიანი წინადადებებით მიგვეღწია შეთანხმებისთვის. თუმცა, ერთ-ერთმა აქტივისტმა სცადა შეხვედრის დესტრუქციულ რეჟიმში გადაყვანა. მე, როგორც
თანამდებობის პირს, უნდა შემენარჩუნებინა სიმშვიდე და არ ავყოლოდი ემოციებს, ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო,“ – ვკითხულობთ ნარმანიას ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ნარმანიას ბოდიშის მოხდისკენ ა/ო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც“ (საია) მოუწოდა. საიას მიერ გავრცელებულ  პეტიციაში ნათქვამია, რომ „ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან მოქალაქის მიმართ  ამგვარი მიმართვა არის სრულიად მიუღებელი. მივმართავთ დავით ნარმანიას, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში შეურაცხმყოფელი გამონათქვამისათვის.“

აღნიშნულ პეტიციას, ხუთშაბათს დილას დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილიც გამოეხმაურა, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას. მან  მომხდარს პროვოკაცია უწოდა  და აღნიშნა, რომ თანამდებობის პირი „პროვოკაციას არავითარ შემთხვევაში  არ უნდა წამოეგოს“.

შეგახსენებთ, რომ ყაზბეგის 24 ნომერში, ყოფილი სისხლის გადასხმის ინტიტუტის ტერიტორიაზე ორი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის გამო, 17 აგვისტოს ეკოლოგიის სამსახურის ნებართვით ხეები გაიჩეხა.

გარემოსდამცველთა  ცნობით, ადგილზე  დაახლოებით, 12 საღი ხეც მოიჭრა, მათ შორის,  იშვიათი ჯიშის ვერცხლისფერი ნაძვები, რომელიც დეკორატიული და ეკოლოგიური თვალსაზრისით ძვირფასი მცენარეა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მთავარმა პროკურატურამაც დაიწყო.

ამის გამო, უკვე კვირაზე მეტია მერიასთან მოძრაობა „პარტიზანული მებაღეობის“ წევრები შიმშილობენ. მათი მოთხოვნაა – ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილის გადაყენება და სამსახურის სტრუქტურის შეცვლა.

„პარტიზანი მებაღეობის“ წევრი მარიამ ბაქრაძე კი DFWatch-თან საუბრისას ამბობს, რომ თუკი  არ დაკმაყოფილდა მათი მთავარი მოთხოვნა, რაც მერიის ეკოლოგიის სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილის გადაყენებას გულისხმობს, ისინი აქციას გააგრძელებენ.

მისივე თქმით, უნდა დაიწყოს ამ სამსახურის რეორგანიზაცია და გარდაქმნა. კერძოდ, შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც იქ იმუშავებს.

ნარმანიას თქმით კი სულხანიშვილისა და მისი მოადგილის, კახნიაურის გადაყენების შესახებ  გადაწყვეტილებას  პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულების შემდეგ მიიღებენ.