ამბები

კუს ტბის საბაგირო სექტემბერში ამოქმედდება

by | Aug 11, 2016

Sabagiroკუს ტბის საბაგირო გზა, რომელიც მას ვაკის პარკთან აკავშირებს და 7 წლის მანძილზე გაჩერებული იყო, სექტემბრიდან ხელახლა ამოქმედდება. ამის შესახებ DFWatch-თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, გვანცა ფოცხვერიამ უთხრა და აღნიშნა, რომ საბაგირო თავიდან სატესტო რეჟიმში იმუშავებს, რაც დაახლოებით ერთი კვირა გაგრძელდება.

მისივე ცნობით, ჯერ უცნობია საბაგიროთი მგზავრობის საფასური, მაგრამ ის “ყველასთვის მისაღები და ოპტიმალური” იქნება. ფოცხვერია აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე თვითღირებულების დათვლა მიმდინარეობს, რის შემდეგაც გაირკვევა, თუ რა ეღირება ამ საბაგიროთი მგზავრობა.

როგორც სატრანსპორტო კომპანიაში გვითხრეს,  ამ ეტაპზე როგორც ზედა ისე ქვედა საბაგიროზე სარემონტო სამუშაოები  ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ამ დროისთვის შეიცვალა გამწევი ბაგირი და  მართვის თანამედროვე პულტი დამონტაჟდა.

რაც შეეხება გონდოლებს, საბაგიროზე ორი გონდოლა იმოძრავებს, რომელიც 12 კაცზეა გათვლილი. აქედან 1 მუდმივი გამცილებელია.

როგორც DFWatch-ს სატრანსპორტო კომპანიის საბაგირო სამსახურის უფროსმა ზურაბ ზურაბიშვილმა უთხრა, კუს ტბის საბაგიროს არსებული ორი გონდოლიდან ერთი  კაპიტალურად შეკეთდა, მეორე კი ახლით ჩაანაცვლეს, რომელიც საქართველოში, „თბილავიამშენში“ დამზადდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გონდოლები შშმ პირებზე იქნება მორგებული. გარდა ამისა, შიგ ველომოყვარულთათვის სპეციალური ველოსაკიდებიც დამონტაჟდა.

რაც შეეხება  გამწევ  ბაგირს, ზურაბიშვილის ცნობით,  ის შვეიცარიული კომპანია „ფაცერისაგან“ შეიძინეს, ხოლო მართვის პულტი „შნაიდერის“ ფირმის თბილისის წარმომადგენლობაში გააკეთეს.

კუს ტბის საბაგიროს სიგრძე 1 140 მეტრია, სარემონტო სამუშაოები იქ რამდენიმე თვეა რაც მიმდინარეობს. მგზავრობას,  დაახლოებით, 5-6 წთ დასჭირდება.

საბაგირო ზაფხულის სეზონზე დილის 8 საათიდან შუაღამემდე, ზამთარში კი დილის 8-იდან ღამის 10 საათამდე იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ კუს ტბის საბაგირო გზა, რომელიც   მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში აშენდა და რომლის  დამპროექტებელი  ინჟინერი ვახტანგ ლეჟავა იყო, 2009 წლამდე სეზონურად მუშაობდა, ხოლო 2009 წლიდან ფუნქციონირება შეწყვიტა.

საბაგიროს რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1,1 მლნ ლარი გამოიყო. სამუშაოს  კომპანია „ბაგირმშენი“ ახორციელებს.

 

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031