ამბები

კოსოვოს გაწევრიანების შემდეგ, ფიფა-ს წევრობაზე აფხაზეთიც მიმართავს

by | Jun 6, 2016
Fifa

ფიფას მატჩ-აგენტები დაგ ლარსონი (ცენტრში) და სერგეი აზიზოვი (მარჯვნივ) სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, რომ საქართველომ ფიფა-ს მისი წარმომადგენლების განცხადებებსა და აფხაზეთში ჩასვლაზე რეაგირების მოთხოვნით უკვე მიმართა. (Sputnik-Abkhazia)

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა  აპირებს,  ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციას (FIFA) გაწევრიანების თხოვნით მიმართოს. დე-ფაქტო პრემიერ არტურ მიქვაბიას თქმით, განაცხადზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და ის ფიფაში ახლო მომავალში გაიგზავნება. თუმცა, თბილისში დარწმუნებულნი არიან, რომ  აფხაზეთს ფიფა-ს წევრობის არანაირი შანსი არ აქვს.

მიქვაბიას ამ განცხადების წინაპირობა  გახდა კოსოვოს მიღება ჯერ ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირში (UEFA) 3 მაისს,  შემდეგ კი 14 მაისს – FIFA-ში. აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა რუსლან აჯინჯალმა sputnik-abkhazia-სთან საუბარში ჯერ კიდევ 5 მაისს, სანამ კოსოვოს მიღებაზე FIFA-ს გადაწყვეტილება გახდებოდა ცნობილი, დაანონსა, რომ თუ FIFA კოსოვოს მიიღებდა, მას განაცხადით აფხაზეთიც მიმართავდა.

„მიმართვას წინ არაფერი უდგას, მაგრამ აფხაზეთს არანაირი შანსი არ აქვს. მითუმეტეს, რომ ფიფა საკმაოდ კონსერვატიული ორგანიზაციაა და წევრებს იოლად არ იღებს. მეტიც, ვფიქრობ, რომ ამ საკითხს საერთოდ არც კი განიხილავენ. რაც შეეხება კოსოვოს წევრობას – კოსოვო აღიარებულია მსოფლიოსა და ევროკავშირის არაერთი ქვეყნის მიერ. სწორედ ამიტომ მისცეს უეფა-ს და ფიფა-ს წევრობაც,“ – აღნიშნა DFWatch-თან საუბრისას სპორტული ვებ-გვერდის Mysport.ge-ის საფეხბურთო მიმომხილველმა ლაშა თაბაგარმა.

FIFA-ში აფხაზეთის გაწევრიანების შესახებ ისაუბრეს ასევე 31 მაისს სოხუმში 12 არაღიარებულ ქვეყანას შორის (არაღიარებული რეგიონისა და სახელმწიფოს გარეშე ხალხების) ფეხბურთის ე.წ.  მსოფლიო ჩემპიონატზე – CONIFA, ჩასულმა ფიფას წარმომადგენლებმა, მატჩ-აგენტებმა – FIFA-ს  შვედმა აგენტმა დაგ ლარსონმა  და შვედეთში ფედერაციის მატჩ-აგენტმა სერგეი აზიზოვმა.

მათი შეფასებით, CONIFA-ს,  რომელიც 28 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით გაიმართა და რომელიც აფხაზეთის საფეხბურთო გუნდის გამარჯვებით დასრულდა,  ჩემპიონატის ჩატარება კარგი განაცხადია იმისათვის, რომ აფხაზეთის მისწრაფებამ ფიფა-ში გაწევრიანებისკენ  მხარდაჭერა ჰპოვოს.

„ჩემი აზრით, აფხაზეთი სავსებით იმსახურებს იმას, რომ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის წევრი გახდეს, რამდენადაც აქვს თავისი მიწა, ხელისუფლება, ენა და, რაც მთავარია, – კარგი ფეხბურთი. აფხაზეთში ხალხს უყვარს ფეხბურთი, აქ არაერთი ლეგენდარული ფეხბურთელი აღზრდილა,“ – განაცხადა მაშინ აზიზოვმა.

როგორც DFWatch-ს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში უთხრეს, საქართველომ ფიფა-ს მისი წარმომადგენლების განცხადებებსა და აფხაზეთში ჩასვლაზე რეაგირების მოთხოვნით უკვე მიმართა. მათივე ცნობით, ეს არ არის FIFA-ს  პოზიცია.

„ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით FIFA-სთან კომუნიკაცია გვაქვს და მათი პოზიცია უცვლელია. ეს ე.წ. მსოფლიო ჩემპიონატი, რაც აფხაზეთში გაიმართა, მათი აღიარების გარეშე მიმდინარეობს და ეს შეჯიბრი ვერც ფიფა-ს და ვერც უეფა-ს პატრონაჟით ვერ იქნება  ჩატარებული. რაც შეეხება კონკრეტულ პიროვნებებს, ესენი უბრალოდ ფიფაში დარეგისტრირებული მატჩის აგენტები არიან. ისინი ვერანაირად ვერ იქნებიან ფიფა-ს ოფიციალური წარმომადგენლები. შესაბამისად, ვერც შვედი ლარსონის და ვერც რუსი აზიზოვის პოზიცია  ვერ იქნება ფიფა-ს ოფიციალური პოზიცია,“ – განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა.

შეგახსენებთ, რომ უეფა-მ 3 მაისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ რიგით 40-ე  კონგრესზე კოსოვოს ფეხბურთის ფედერაცია 55-ე წევრად მიიღო. მის გაწევრიანებას მხარი 28 ქვეყანამ დაუჭირა, 24 წინააღმდეგი წავიდა, 2-მა თავი შეიკავა. მოწინააღმდეგეებს შორის იყო საქართველოც.

ხოლო 13-14 მაისს მექსიკაში გამართულ ფიფას 66-ე კონგრესზე,  კენჭისყრის შედეგად, კოსოვო ფიფას სრულუფლებიან წევრად მიიღეს. რაც ნიშნავს, რომ  კონგრესზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად კოსოვო მსოფლიოს 2018 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება. კოსოვოს მხარი ფიფას წევრმა 141-მა ქვეყანამ დაუჭირა, 23 კი, მათ შორის საქართველოც, წინააღმდეგი იყო.

გარდა კოსოვოსი, 13-14 მაისს ფიფას წევრად მიიღეს გიბრალტარიც. რომლის საკითხი ინგლის-ესპანურ ურთიერთობებში კიდევ არსებობს,  რადგან ესპანეთი 1713 წელს გამოყოფილი ტერიტორიის დაბრუნებას ითხოვს, თუმცა თავად გიბრალტარელებმა 2002 წლის რეფერენდუმზე ისევ ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ დარჩენა ისურვეს. გიბრალტარი უეფა-ს წევრად 2013 წელს მიიღეს.

რაც შეეხება კოსოვოს, აღსანიშნავია, რომ ის  სერბეთის ნაწილი იყო და სისხლიანი ომის შედეგად 90-იანი წლების ბოლოდან დე ფაქტო დამოუკიდებლობა მოიპოვა, 2008 წლიდან კი დე იურეც. საერთაშორისო საზოგადოებამ მიიჩნია, რომ სერბეთი ამ რეგიონში, სადაც მეტწილად ალბანელები სახლობდნენ, ეთნიკურ წმენდას ახორციელებდა. მაშინ ნატომ სერბეთს ომიც გამოუცხადა, რასაც რამდენიმეკვირიანი დაბომბვა მოჰყვა.

ახლა კოსოვოს სუვერენიტეტს 100-მდე ქვეყანა ცნობს. კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს ევროკავშირის 5 წევრი, მათ შორის საბერძნეთი და ესპანეთი. ესპანეთს ტავად აქვს სეპარატიზმთან პრობლემები, საბერძნეთი კი მართლმადიდებელი ქვეყანაა და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ბალკანეთის ომებში სერბებს თანაუგრძნობდა. გასაგები მიზეზით კოსოვოს სუვერენიტეტს არ სცნობს საქართველოც.

შეგახსენებთ იმასაც, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა გაეროს 4-მა წევრმა ქვეყანამ – რუსეთმა, ნიკარაგუამ, ნაურუმ და ვენესუელამ აღიარეს.

 

 

 

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031