ამბები

კორცხელის ინციდენტში ბრალდებულ პირებს 7-10-ათასიანი გირაო შეუფარდეს

by | Jun 3, 2016
Nika Melia (center) and Tengiz Gunava, MP, in Kirtskheli after the incident. (20300

Nika Melia (center) and Tengiz Gunava, MP, in Kirtskheli after the incident. (20300

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სამეგრელოში, სოფელ კორცხელში კვირას, 22 მაისს საარჩევნო უბანთან მომხდარი ჩხუბის ფაქტზე აღკვეთ ღონისძიებად გირაოს შეფარდების შესახებ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

კერძოდ, ხუთ  ბრალდებულს – ნოშრევან წურწუმიას, გიორგი გიგაურს, გიორგი გოგიძეს, კობა ტყეშელაშვილსა და გრიგოლ ტყემალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 7-ათასლარიანი, ვლადიმერ გეგეშიძეს კი რომელიც ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების წევრია, 10-ათას-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ბრალდებულებმა გირაოს თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ.

შეგახსენებთ, რომ 10-დღიანი გამოძიების შემდეგ შსს-მ კორცხელის ინციდენტში მონაწილე 6 პირს 1 ივნისს, ოთხშაბათს გვიან ღამით, ბრალი ხულიგნობის ბრალდებით წარუდგინა. საუბარია 22 მაისს საკრებულოს შუალედური არჩევნების დღეს ზუგდიდის სოფელ კორცხელში მომხდარ იცნიდენტზე, სადაც თბილისიდან ჩასული „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და ლიდერებს გიგა ბოკერიას, ნიკა მელიასა და თენგიზ გუნავას თავს დაესხნენ და სცემეს.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ სპორტსმენების მობილიზება და დაფინასება ვიცე-პრემიერ კახა კალაძის დავალებით მოხდა და ამ ჯგუფის ხელმძღვანელები იყვნენ: ვლადიმერ გეგეშიძე – ბერძნულ-რომაული სტილში მოჭიდავე, საქართველოს ნაკრების წევრი და კობა ტყეშელაშვილი, რომელიც საქართველოს შერეული ორთაბრძოლის ფედერაციის დამფუძნებელია.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ხუთშაბათს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემაც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ პროკურატურა კორცხელის ინციდენტზე ბრალდებულთათვის გირაოს მოითხოვდა.

აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე  პირთა იდენტიფიცირება თავად „ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მოახდინეს და სიაც გამოაქვეყნეს.

„ჯერჯერობით იდენტიფიცირებული გვყავს 14 ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა ამ ყველაფერში. ესენია: კობა ტყეშელაშვილი; გიგა ტყემალაძე – ბრძოლა წესების გარეშე; ვლადიმერ გეგეშიძე- ბერძნულ-რომაული ჭიდაობა; გიო უბილავა – მკლავჭიდის ეროვნული ფედერაცია; ნოშრევან წურწუმია – კარატეს ეროვნული ფედერაცია; ლევან დემურია, გიორგი გიგაური, ლაშა დვალიშვილი, გიორგი ყურუა, დავით ხორავა, ნიკა ჭკადუა, ნიკა ნანობაშვილი და ვახტანგ წურწუმია”, – აცხადებდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გოკა გაბაშვილი.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე კი ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ  სპორტსმენები პარტიის მხარდამჭერები არიან და ზუგდიდში ამიტომ იყვნენ ჩასულები.

„როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ლიდერებს – გიგა ბოკერიას, ნიკა მელიას და სხვებს ახლდნენ თავიანთი მხარდამჭერები, ისე „ქართულ ოცნებას“ ჰყავდა თავისი მხარდამჭერები. ეს საარჩევნო პროცესში ნორმალურია. ხდება მხარდამჭერების მობილიზება, გამხნევება, ეს სიახლე არ არის, თუმცა ფაქტი, რომელიც მოხდა, პირადად ჩემთვის მიუღებელია. ეს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უშლის ხელს და ყველამ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ასეთი ფაქტები არ  განმეორდეს”, – აღნიშნა კალაძემ და დასძინა, რომ „ძალიან მძიმე საყურებელი კადრები იყო, დაწყებულია მოკვლევა და არ აქვს მნიშვნელობა „ქართული ოცნების” მხარდამჭერი იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობის”, ყველამ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე”.

აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი 14 ადამიანიდან ერთ-ერთი ლაშა დვალიშვილი შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონის პირველი კლასის რიგითი იყო. რომელიც თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გუშინ, ხუთშაბათს შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს „ფეისბუქ“ გვერდზეა ხელმისაწვდომი.

 

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031