ამბები

კონსერვატიული ჯგუფები პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ერთიანდებიან

by | Aug 11, 2016

giorgi_margvelashviliქორწინების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების საინიციატივო ჯგუფი პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებასა და დიდ საპროტესტო აქციებს გეგმავს. პლუს, სასამართლოშიც აპირებენ სარჩელის შეტანას გიორგი მარგველაშვილის მიერ რეფერენდუმის არდანიშვნის უკანონობის დასამტკიცებლად.

ეს გეგმა მას შემდეგ გაჩნდა, რაც 9 აგვისტოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის განსაზღვრების გამო რეფერენდუმს არ დანიშნავდა და მიზეზებიც დაასახელა.

ამ გადაწყვეტილების მეორე დღესვე, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი და სამოქალაქო სექტორის დიდი უმრავლესობა მიესალმა, ოთხშაბათს 17 საათზე, რეფერენდუმის ინიციატორებმა სპეციალური პრესკონფერენცია მოაწყვეს, სადაც მოძრაობა „ეროვნულების“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, რომ მათ ბრძოლის რამდენიმე ხერხი შეიმუშავეს: უახლოეს დღეებში შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო, სადაც რამდენიმე პარტია გაერთიანდება და რეფერენდუმზე უარის გამო პერმანენტული აქციებს დაიწყებენ პრეზიდენტის გადადგომის  მოთხოვნით; ამავე მოთხოვნით იგეგმება ხელმოწერების შეგროვებაც და ამასთან სასამართლოში შეიტანენ სარჩელს  მარგველაშვილის გადაწყვეტილების უსამართლოდ ცნობის მოთხოვნით.

როგორც სანდრო ბრეგაძემ DFWatch-თან საუბრისას განაცხადა, საინიციატივო ჯგუფის წევრის, ზვიად ტომარაძის ხელმძღვანელობით შეიქმნება ჯგუფი, რომელიც სამართლებრივ ბრძოლას დაიწყებს პრეზიდენტის „უკანონო და უმეცარი გადაწყვეტილების“ გასასაჩივრებლად და გასაუქმებლად. მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს შესაქმნელად მოლაპარაკებები მიმდინარეობს ყველა პარტიასთან, მინუს „ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკელები“, პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფო სახლისთვის“ და ბლოკი „ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანი“. 4-5 პარტიისაგან კი თანხმობაც აქვთ.

კონკრეტულად რომელმა პარტიებმა განაცხადეს თანხმობა, შეერთებოდნენ პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას და როდიდან იწყება აქციები, ამაზე საბოლოო შეთანხმება ჯერ არ არსებობს.

„4-5 სერიოზული პოლიტიკური პარტიიდან სიტყვიერი თანხმობა გვაქვს. გირჩებსა და ციყვებს სერიოზულად არ განვიხილავთ. შეთავაზება გავუგზავნეთ „ქართულ ოცნებასაც“… ასეთი არასერიოზული ადამიანი არ შეიძლება პრეზიდენტად იწოდებოდეს, უნდა ვაიძულოთ, რომ გადადგეს,“- დასძენს ბრეგაძე.

შეგახსენებთ, რომ ქორწინების დეფინიციაზე საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი პარლამენტშიც იყო შეტანილი, მას “ქართული ოცნება” ლობირებდა, თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებისათვის საჭირო 113 ხმის არარსებობის გამო მისი განხილვა ვერ შედგა. საინიციატივო ჯგუფის მიერ პრეზიდენტისათვის მიმართვის შემდეგ კი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მომავალ პარლამენტში “ქართული ოცნება” უმრავლესობით მოვა და მათ ექნებათ საკმარისი ხმა, კონსტიტუციაში ქორწინებაზე ჩანაწერი შეცვალონ.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031