აფხაზმა ჟურნალისტმა იზიდა ჭანიამ კვირიკაშვილის განცხადებას დიდი ბლოგი მიუძღვნა „ეხო კავკაზაზე“ სათაურით „ზრუნვა აფხაზურ ენაზე და შიზოფრენიის სხვა ნიშნები“. (RFE/RL)

„ქართული პოპულიზმი“, „თვალთმაქცობა“, „ცინიზმი“ – ასეთი გამოხმაურებები ჯერ ისევ არ ცხრება ოკუპირებულ სოხუმში მას შემდეგ, რაც აფხაზური ენის დღეს, 27 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა აფხაზური ენის დაცვის და განვითარების სახელმწიფო პროგრამას ქმნის.

კვირიკაშვილის განცხადებიდან მეორე დღესვე აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ „აფხაზეთისა და მისი ხალხის მიმართ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა პოპულისტური და თვალთმაქცურია“. მიზეზად კი დაასახელა ის, რომ „საქართველოს ხელისუფლება მნიშვნელოვანი ძალისხმევით ახორციელებს აფხაზეთისა და მისი მოქალაქეების საერთაშორისო იზოლაციას, აგრესიულ და მტრულ პოლიტიკას.“

ამ განცხადების თანახმად, ქართულ-აფხაზური ომის დროს, 1992 წლის 22 ოქტომბერს, „ქართულმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ოკუპირებულ სოხუმში ვანდალურად დაწვეს აფხაზეთის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტის შენობა და სახელმწიფო არქივი; წლების განმავლობაში ქართული ელიტის ყველა ძალისხმევა მიმართული იყო აფხაზების გენოციდის, მისი ისტორიული მეხსიერების და კულტურული თვითმყოფადობის განადგურებისკენ“, ამიტომაც ამ ფონზე თბილისის ნებისმიერი მცდელობა აფხაზი ხალხის კულტურისა და ტრადიციების მზრუნველობის დემონსტრირებისა „აბსოლუტურად ცინიკურად ჩანს“.

პროსამთავრობო აფხაზმა ჟურნალისტმა იზიდა ჭანიამ თავის დიდი ბლოგი მიუძღვნა „ამ თვალთმაქცობას“ „ეხო კავკაზაზე“ სათაურით „ზრუნვა აფხაზურ ენაზე და შიზოფრენიის სხვა ნიშნები“.

ჭანია წერს, რომ აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების იდეა, რომელიც დღეს ქართველი მაღალჩინოსნის პირიდან გაისმა, შეიძლება ეს სინანულია ქართული პოლიტიკის, საბჭოთა დროს 1940-იან წლებში აფხაზური სკოლების დახურვისა და აფხაზური ენის აკრძალვის გამო, ან სინანულია შემდეგ 1992-93 წლების ქართულ-აფხაზური ომის დროს აფხაზური ეთნოსის სიძულვილის, მათი განადგურების სურვილის გამო, ასევე აფხაზური ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტის, ასევე სახელმწიფო არქივის დაწვის გამო, აფხაზი პოეტის იუა კოღონიას ძეგლის დაცხრილვის და პოეტი ტაიფ აჩბას მკვლელობის გამო.

თუმცა ჟურნალისტი იქვე წერს, რომ საქართველოს მხრიდან სინდისის ქენჯნის, მონანიების გრძნობას არ უნდა ენდოს აფხაზი, რადგან დღემდე საქართველოში მოითხოვენ აფხაზეთის ბლოკადას, რაშიც ევროპის ქვეყნები ჩაითრიეს და ქართველი პოლიტიკოსები გამოდიან პროტესტით გალის რაიონის სკოლებში აფხაზური ენის შესწავლის წინააღმდეგ.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინადადება ცინიკურად აღიქმება არა მარტო აფხაზეთში, არამედ საქართველოშიც, რადგანაც  მეგრული და სვანური ენის დაცვაზე არაფერი კეთდება და მათაც სჭირდებათ სახელმწიფოს მხარდაჭერა.

ჭანია იქვე აღიარებს, რომ აფხაზური ენის პრობლემა და მის დაცვა სერიოზული თემაა და აფხაზებმა პოლიტიკოსების განცხადებებს კი არ უნდა უსმინონ, არამედ უმთავრესია საკუთარ შვილებს მხოლოდ მშობლიურ ენაზე ელაპარაკონ, სხვა შემთხვევაში აფხაზური ენიდან არაფერი დარჩება.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთში აფხაზური ენის ცოდნა დიდი პრობლემაა და აფხაზური ენის გაქრობის საშიშროებაზე ლაპარაკობენ გამუდმებით. მიუხედავად იმისა, რომ დე ფაქტო კონსტიტუციით „სახელმწიფოში“ ნომერ პირველი ენა აფხაზურია, ე.წ. პარლამენტისა თუ დე ფაქტო მთავრობის სხდომები რუსულ ენაზე მიმდინარეობს და 27 ოქტომბერს დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამაც განაცხადა, რომ „სახელმწიფო სტრუქტურებში“ და უპირველესად  „პარლამენტში“ არა რუსულად, არამედ მშობლიურ ენაზე უნდა ილაპარაკონ და  სკოლებში ყურადღება უნდა მიექცეს აფხაზურ ენას.  აფხაზეთში ასევე რუსულადაა სატელევიზიო მაუწყებლობის 80%-იც და და სკოლებშიც თავად აფხაზები საგნებს რუსულად სწავლობენ. აფხაზური ენა მხოლოდ დაწყებით კლასებშია, ზედა კლასებში კი რიგით საგნად ისწავლება.

საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზურ ენას, ქართულ ენასთან ერთად, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, აქვს სახელმწიფო ენის სტატუსი. 27 ოქტომბერს აფხაზური ენის დღე აღინიშნება და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განცხადა, რომ მთავრობა ქმნის აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამას და ეს პროგრამა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი ნდობის აღდგენის პროცესში.

როგორც კვირიკაშვილი ამბობს, პროგრამა მრავალმხრივ ღონისძიებებს ითვალისწინებს: „რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისი ბიუჯეტი გამოყოფილი და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება აქტიურად ჩაერთვება ამ პროგრამის განხორციელებაში. მჯერა, აფხაზური ენისა და კულტურის მიმართ ჩვენი გულწრფელი და სიღრმისეული დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმ დამწვარი ხიდების აღდგენის პროცესში, რომელიც, აუცილებელია ჩვენი ერთიანობისთვის”.