kazantip__12__Cropპოპულარული მუსიკალური ფესტივალი “რესპუბლიკა კაზანტიპი”, რომელიც გასულ წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო საქართველოში ჩატარდა, წელს კვლავ ყირიმში ბრუნდება, თუმცა განსხვავებული სახელით. ანაკლიაში კი ალტერნატიული ფესტივალი ჩატარდება.

“კაზანტიპი” წელს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიურ კამბოჯაში უნდა გამართულიყო, მაგრამ ჩაიშალა. ლენტა.რუ კაზანტიპის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ნიკიტა მარშუნოკის ციტატას აქვეყნებს, რომელიც წერს, რომ ფესტივალი პოპოვკაში (ყირიმი) დაბრუნდება და 31 ივლისიდან 16 აგვისტომდე გაიმართება. ფესტივალს სახელი შეეცვლება და ერქმევა  Befooz.

“დიახ, ფესტივალი ჩატარდება, მიუხედავად ამინდისა,” – წერს მარშუნოკი სოციალურ ქსელში და ამატებს, რომ ფესტივალის მასშტაბი და ტერიტორიის სიდიდე დამოკიდებულია აპლიკანტების რაოდენობაზე, ვისაც სურს, რომ ფესტივალში მიიღოს მონაწილეობა. მარშუნოკი დეტალებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ მხოლოდ ისინი შეძლებენ დეტალების გაცნობას, ვინც საიტზე მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდება.

წლების განმავლობაში “კაზანტიპი” ყირიმში ტარდებოდა. უკრაინელებთან ერთად სტუმრების საკმაოდ დიდ ნაწილს რუსეთის მოქალაქეები შეადგენდნენ. კონფლიქტის შემდეგ ფესტივალი ანაკლიაში გადაიტანეს. ჩატარებამდე და ფესტივალის დაწყებისას კონსერვატულმა ჯგუფებმა არაერთი აქცია გამართეს მის წინააღმდეგ. საბოლოოდ, ფესტივალმა ვერ გაამართლა მოლოდინი, რადგანაც 50,000-ის ნაცვლად 10,000-მდე სტუმარი ჩამოვიდა.

ამიტომაც ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, 2015 წელს ფესტივალი კამბოჯაში გადაეტანათ, თუმცა ორი კვირით ადრე ფესტივალი გაუქმდა. კამბოჯის მთავრობამ თავისი უარი “უხამსი” სტუმრების ჩამოსვლის ალბათობით ახსნა.

“ჩვენ არ შეგვიძლია, გავლენა მოვახდინოთ უცხო ქვეყნის უცნაურ  მთავრობაზე, რომელმაც მოახერხა ის, რომ  ათი დღის განმავლობაში 5-ჯერ დართო კაზანტიპის ჩატარების ნებართვა და 6-ჯერ აკრძალა,” წერენ კაზანტიპის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ანაკლიაში კი “კაზანტიპის” ნაცვლად GEM Fest დაიგეგმა (ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალი). ის 30 ივლისიდან 7 აგვისტომდე გასტანს. ამ ფესტივალს საქართველოს მთავრობა უჭერს მხარს, ინიციატივა კი ტურიზმის სააგენტოს ყოფლი თავმჯდომარეს, გიორგი სიგუას ეკუთვნის.