ამბები, უმცირესობები

იწყება დავა თემაზე, არის თუ არა ქორწინება მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირი

by | Feb 2, 2016
tomaradze

Zviad Tomaradze (IPN)

საქართველოში მწიფდება კამათი თემაზე, უნდა ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციაში, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი.  შემუშავებულია კანონპროექტიც, რომელსაც მომხრეები დეპუტატებშიც ჰყავს, თუმცა მისი ინიცირებისათვის საჭირო 76 ხმის მოგროვება პარლამენტში ჯერ მაინც ვერ მოხერხდა.

ამ კანონპროექტის კვალდაკვალ  საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა სარჩელი, რომელიც ითხოვს,  ძალადაკარგულად იქნას ცნობილი სამოქალაქო კოდექსის ერთ-ერთი ნორმა, სადაც ქორწინება განმარტებულია, როგორც “ქალისა და მამაკაცის ერთობა”.

საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ კანონპროექტი გასული წლის  ნოემბერში კონსერვატიული მიმართულების ა/ო „საქართველოს დეოგრაფიული საზოგადოება XXI-“ის დირექტორმა ზვიად ტომარაძემ შეიმუშავა. თუმცა რადგანაც საქმე კონსტიტუციის ცვლილებას ეხება, ინიცირებისათვის  მინიმუმ 76 დეპუტატის – ხმა სჭირდება და ეს რაოდენობა ვერ მოგროვდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2014 წლის მარტში მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა ინიციატივით კონსტიტუციაში შეტანილიყო ცვლილება და  ჩანაწერილიყო, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. მაშინ ღარიბაშვილმა არგუმენტად ლატვიისა და ხორვატიის მაგალითები მოიყვანა.

ზვიად ტომარაძე ამბობს, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებაშიც“ და, ასევე, „თავისუფალ დემოკრატებშიც“ ამ ინიციატივას  ბევრი მომხრე ჰყავს, მათთან კონსულტაციები ამჟამადაც მიმდინარეობს, თუმცა ხელმოწერის შეფერხების მიზეზი ისაა, რომ ამ თემის მხარდაჭერას „ფრთხილობენ“.

კანონპროექტის მიხედვით, კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი ნაწილი, სადაც ქორწინების სუბიექტები განსაზღვრული არ არის, უნდა შეიცვალოს და ჩაიწეროს, რომ „ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით მამაკაცისა და ქალის ნებაყოფლობითი კავშირი“.

(დღეს კონსტიტუციის 36-ე მუხლში ნათქვამია, რომ  ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას, თუმცა განმარტებული არ არის სუბიექტები).

ტომარაძის თქმით, კანონპროექტი ხორვატიისა და ლატვიის გამოცდილების გათვალისწინებით შეიმუშავა და იმედოვნებს, რომ ამ ინიციატივას პარლამენტი  უახლოეს ხანში მოიწონებს.

„ჩემი ინფორმაციით, ტრანსგენდერის სარჩელმა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა, ეს საკითხი შეიძლება დააჩქაროს. კონსტიტუციაში ასახვით  ლგბტ საზოგადოების მიერ ერთსქესიანი ქორწინების მოთხოვნის პრევენცია მოხდება და მათი ნებისმიერი აქტივობის საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული“,  – აღნიშნავს ტომარაძე.

საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი  27 იანვარს შევიდა. ავტორი ლგბტ თემის წარმომადგენელი და სექსუალურ უმცირესობათა უფლებადამცველი გიორგი ტატიშვილია, რომელიც ადრე აცხადებდა, რომ ტრანსგენდერია და მისი სახელია მაცაცო.

სასარჩელო მოთხოვნაა, საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად სცნოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს, რომ “ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი”, რადგან ეს მუხლი წინააღმდეგობაში  მოდის კონსტიტუციის 36-ე  მუხლთან, რომელიც ქორწინებას ეხება.

ჯერჯერობით საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელი წარმოებაში არ მიუღია.

მოსარჩელე გიორგი ტატიშვილის მტკიცებით, სასამართლო მის სარჩელს ორი კვირის ვადაში მიიღებს, მის შუამდგომლობას, რაც 1106-ე მუხლის შეჩერებას გულისხმობს, დააკმაყოფილებს და 9-თვიან ვადაში საბოლოო გადაწყვეტილებასაც გამოიტანს.

„სასარჩელო მოთხოვნაში ორი მიმართულებაა. პირველ – საქმის წარმოებაში მიღების შედეგად დროებით ძალადაკარგულად იქნას ცნობილი 1106-ე მუხლის მოქმედება, შემდეგ კი უკვე მშვიდ გარემოში განიხილონ ეს მუხლი და მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება. ერთსქესიანი ქორწინების მოთხოვნა ამ სარჩელით უკვე დაყენებულია,“- ამბობს ტატიშვილი.

მისი აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილება მიიღოს.

„დეპუტატებს შორის ძალიან ბევრი ლგბტ ადამიანია და თუკი ისინი საკუთარი რეიტინგის გამო ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მათ ლუსტრაციას დავიწყებ“, – დასძენს ტატიშვილი.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2016
M T W T F S S
« Aug    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930