ამბები

ივანიშვილი: „ნაციონალებმა“ მეცნიერება გაანადგურეს

by | May 24, 2016
Bidzina

(Facebook)

„ახალი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ  მეცნიერებას რაც ჰქონდა, ის ღირსება დაუბრუნდეს,“ – განაცხადა ექსპრემიერა ბიძინა ივანიშვილმა ახალი ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის
პრეზენტაციაზე, რომელიც დიღომში აშენდება.

ამბობს, რომ „დაეხმარება სახელმწიფოს მანამ, სანამ თავად ვერ მოახერხებს, ინსტიტუტის შენახვას.“

„ჯობდა თქვენს „ნაციონალებს” არ გაენადგურებინათ მეცნიერება, როგორც გაანადგურა და ყურადღება მიექციათ დროზე. დღევანდელ ბიუჯეტსაც არ აქვს ამ პროექტის განხორციელების საშუალება და კერძო დაფინანსება მიდის ძირითადად. ეს ძალიან მძიმე იქნებოდა ბიუჯეტისთვის. თქვენ რომ სვამთ ამ შეკითხვებს, ვისი სააგიტაციო ტელევიზიაც თქვენ ბრძანდებით, ჰკითხეთ თქვენს „ნაციონალებს“, რა უქნეს მეცნიერებას, რანაირად გაანადგურეს, ფუნდამენტამდე დაიყვანეს. რაც ჩვენ მოვედით, ყურადღება დავუთმეთ მეცნიერებას და ახლა ახალი გუნდი ახალი ძალებით, პოლიტიკოსებიც და მეცნიერებიც, ყველაფერს გააკეთებენ, რომ დაუბრუნდეს მეცნიერებას ის ღირსება, რაც ჰქონდა,“ – ასე უპასუხა ივანიშვილმა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის კითხვას იმის თაობაზე, ხომ არ დაგვიანდა ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობა.

ივანიშვილმა „რუსთავი 2“-ის ამავე ჟურნალისტს „ნაციონალების“ წევრი, ტელეკომპანიას კი „ნაციონალების“ სააგიტაციო ტელევიზია“ უწოდა და აღნიშნა, რომ  დღეს ქვეყანაში „რუსთავი 2“-ის გარდა  ყველა ტელევიზია თავისუფალია.

მისივე თქმით, ტექნოლოგიური ინსტიტუტის იდეა, რომლითაც სააკაშვილი „საოცრად აღფრთოვანებული“ იყო,  თავიდანვე – ჯერ კიდევ  8 წლის წინ – მას ეკუთვნოდა, თუმცა ის, რაც ბათუმში სააკაშვილმა ააშენა, უნივერსიტეტი კი არა, „ლიფტის შახტა“ იყო, სადაც აუდიტორიებიც კი ვერ განთავსდებოდა.

ივანიშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას, ციხისძირის სანერგე მეურნეობიდან ასწლოვანი ხის გადარგვის საკითხსაც გამოეხმაურა და ამ თემაზე ატეხილ აჟიოტაჟი „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუკავშირა.

„გახსოვთ, ხის გადარგვაზე რა ამბებს ატრიალებდნენ – იქ გზის გაყვანა არ შეიძლებაო?! ორი კვირის ჯაჯგურის შემდეგ კი გაირკვა, რომ 10 ჰექტარი საუკეთესო მიწა რკინიგზის აქეთ, ზღვის პირში, „ნაცებს“ ჰქონდათ გასხვისებული 1 დოლარად. რეესტრში კი ავტორის გვარიც  არ იყო მითითებული,“ – აღნიშნა ივანიშვილმა.

ტექნოლოგიური ინსტიტუტი, რომლის მშენებლობას პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ორშაბათს საფუძველი მსოფლიოს ცნობილ მეცნიერებთან ერთად ჩაუყარა, თბილისში, დიღმის სასწავლო-საცდელ მეურნეობა „დიღმის ჭალებში“ აშენდება.

ტექნოლოგიური ინსტიტუტის დამფუძნებელი საქართველოს მთავრობაა და რამდენიმე ასეული მილიონი ევრო ღირს. პროექტს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეს იქნება იტალიის, შვეიცარიის, იაპონიისა და ავსტრიის შემდეგ მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ტექნოლოგიური ინსტიტუტი.

როგორც პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე ვნახულობთ, საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის დაარსების მიზანი ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი კომპლექსის შექმნა და ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებით სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განხორციელებაა. მათი ცნობით, გარდა სამეცნიერო დანიშნულებისა, ინსტიტუტს ასევე ექნება გამოყენებითი დატვირთვა, მათ შორის სიმსივნის ადრონული თერაპია.

პროექტის პრეზენტაციას საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ მთავრობის წევრები, ცნობილი ქართველი და უცხოელი მეცნიერები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031