ამბები

თურქულმა ხომალდმა ზღვაში დაკარგული სამხედროების ძებნა შეწყვიტა, ოჯახის წევრები აქციების გეგმავენ

by | Aug 31, 2016

gonio„თურქულმა ხომალდმა შეწყვიტა ძებნა, მაგრამ სამძებრო სამუშაოები იმ რესურსებით, რაც ქართულ მხარეს გააჩნია, გაგრძელდება. ძალ-ღონეს არ დავიშურებთ იმისთვის, რომ ეს ბიჭები ვიპოვოთ. სხვა უწყებებიც მობილიზებული არიან, რომ სამძებრო სამუშაოები გავაგრძელოთ”, – ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ „ტვ პირველის“ ეთერში ოთხშაბათს მას შემდეგ გააკეთა, რაც სამინისტროს ოფიციალურ განცხადებას, შავ ზღვაში დაკარგული ორი სამხედრო მეზღვაურის ძებნის შეწყვეტაზე, დაკარგულებისოჯახის წევრების დიდი პრტესტი მოჰყვა.

ერთ-ერთი მათგანის, იაგო შარაძის დედამ შვილის ცხედრის პოვნამდე უვადო შიმშილობა დაიწყო, ოჯახის სხვა წევრებმა კი აქციები და გზის გადაკეტვა დააანონსეს.

ისინი პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს მიმართავენ, ძებნა არ შეწყვიტონ.

სამშაბათს ღამით, 30 აგვისტოს სამინისტროს ოფიციალური განცხადება გავრცელდა, რომ 11-დღიანი ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის ეკიპაჟმა, ორი დაკარგული სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ იაგო შარაძისა და I კლასის რიგითის, გიორგი ნანეტაშვილის ძებნის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

უწყებაში აცხადებენ, რომ პროცედურის თანახმად, დაკარგულები მალე გარდაცვლილებად გამოცხადდებიან და სამინისტრო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა სახის დახმარებას გაუწევს ოჯახს.

როგორც შარაძის დედა ელენე მაკრიდისი ტელეკამერებთან ამბობს, მას ტელეფონით მინისტრი ლევან იზორია ესაუბრა და სამინისტროს ოფიციალურ განცხადებამდე ამცნო, რომ ძებნა წყდებოდა და ის ამ გადაწყვეტილებას უვადო შიმშილობით აპროტესტებს.

“მინისტრმა მითხრა, რომ თურქულმა გემმა შეწყვიტა სამძებრო ღონისძიებები. ყველა ღონე იხმარეს, მაგრამ ვერ იპოვეს ცხედრები და თქვენი შვილი დაკარგულად ითვლებაო. არ მინდა შეგპირდეთ რამეს და იმედები გაგიცრუოთო. მე სასტიკი წინააღმდეგი ვარ ძებნის შეწყვეტის. სხვა ქვეყნის გემები ჩამოიყვანონ. ჩემი შვილის ცხედრის გარეშე ნაპირიდან ცოცხალი არ წავალ”, – აღნიშნავს ელენე მაკრიდისი.

მისი თქმით, სამძებრო სამუშაო არასწორად მიმდინარეობდა, რადგან თურქული ხომალდი მცირე მონაკვეთზე მოძრაობდა და ძებნა ფართო მასშტაბით არ ხდებოდა.

სამძებრო სამუშაოების შეწყვეტის გამო სამინისტროს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის პრეზიდენტი დავით ნიკოლეიშვილიც აკრიტიკებს. მისი  თქმით, თავდაცვის სამინისტროსთვის დიდი სირცხვილია, რომ ორი კვირის განმავლობაში ასეთ დაბალ სიღრმეში სამხედროები ვერ იპოვეს.

ის სამხედროების მოსაძებნად სამინისტროს სპეციალური ჯგუფის შექმნას სთავაზობს, სადაც მათი ჯგუფი,  თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ოკეანოგრაფები და მეთევზეები უნდა შევიდნენ.

ამ პროტესტის შემდეგ „ტვ პირველთან“ ინტერვიუში თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ჯარისკაცების ძებნა ადგილობრივი ძალებით გაგრძელდება.

გარდა ამისა ლევან იზორიას თქმით, სამხედროების საქმეში გარკვეული დანაშაულის ნიშნები იკვეთება. გამოძიებას უკვე აქვს კონკრეტული შედეგი და საზოგადოება ინფორმაციას მიიღებს.

„საქართველოში არ არსებობს სერტიფიცირებული ინსტრუქტორი, შესაბამისად, მათ არ ჰქონდათ უფლებამოსილება, როგორც ინსტრუქტორებს, ეს წვრთნები ჩაეტარებინათ. აქ იკვეთება დანაშაულის ნიშნები, თუ ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება”, – განაცხადა იზორიამ.

16 აგვისტოს გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე, შავ ზღვაში მიმდინარე წვრთნის დროს, ორი სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი დაიკარგნენ. ძებნა-გადარჩენის ოპერაციაში თავდაცვის სამინისტროსთან ერთად 20 აგვისტოს თურქული ხომალდიც ჩაერთო. ძებნის ოპერაციაში, თავდაპირველად, ჩართული იყო ამერიკული ავიაციაც, თუმცა ყველა ოპერაცია უშედეგოდ დასრულდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას მთავარი პროკურატურა აწარმოებს.

მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 116-ე მუხლის II ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს  ორი ან მეტი პირის მიმართ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2016
M T W T F S S
« Aug    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930