ამბები

თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის ექსპერტებმა ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პროცესზე იმსჯელეს

by | Apr 23, 2016
ebert

კვლევის პრეზენტაცია რონდელის ფონდში (fes)

ფრიდრიხ ებერტის ფონდის ორგანიზებით,  21 აპრილს, რონდელის ფონდში  კვლევის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ევროინტეგრაციის კონტექსტში  მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინის, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისწინაშე არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებს განიხილავდა.

გაიმართა დისკუსიაც, რომლის ფარგლებშიც  მოლდოველმა, პოლონელმა, უკრაინელმა და ქართველმა ექსპერტებმა, ასევე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოს ჰერმანმა ამ ქვეყნების შიდაპოლიტიკური პროცესებისა და მათ შორის, ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ირგვლივ თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს.

საქართველოში ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობის დირექტორი ია თიკანაძე DFWatch-თან საუბრისას ამბობს, რომ ექსპერტებმა მიმოიხილეს სიტუაცია, თუ როგორ მიმდინარეობს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელება, რა პრობლემები და რა  პერსპექტივებია ამ კუთხით.

„განხილვა  გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის  დედაქალაქში, ასევე  ბერლინსა და ბრიუსელში. ბოლო  შეხვედრა  კი  დღეს, თბილისში ჩატარდა. ამ განხილვების მთავარი მიზანია,  უფრო მკაფიოდ გამოჩნდეს  ხარვეზები, რომლის გადალახვაც დღესდღეობით შეიძლება, ის რისკები, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ან უკვე წარმოიშვა,“ – აღნიშნა თიკანაძემ.

დისკუსიაზე ქართულ მხარეს  ფონდ „ღია საზოგადოება -საქართველო“  სამოქალაქო საზოგადოების პროგრამის კოორდინატორი ვანო ჩხიკვაძე და სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთოების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების დირექტორი კახა გოგოლაშვილი წარმოადგენდნენ.

DFWatch-ს კახა  გოგოლაშვილმა უთხრა, შეხვედრაზე ასოცირების შეთანხმების განხორციელების დაჩქარებისა და სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურების აუცილებლობაზე, ასევე ეკლესიის როლზე ისაუბრეს, რომელიც მისი თქმით, ჯერჯერობით ევროპული ინტეგრაციის პროცესიის  „მთლად მხარდამჭერი“ არ არის, რაც გარკვეულ  პრობლემებს ქმნის.

„ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, დაბრკოლებები ორივე მხრიდან არის. კორუფციის პრობლემა,  რუსეთის ფაქტორი, რომელიც თავისი პროპაგანდით  ევროსკეპტიკურ განწყობას ზრდის, ეკონომიკური  სიდუხჭირე,  რეფორმების არადამაკმაყოფილებელი ტემპი – ეს არის ძირითადი პრობლემები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხრიდან. საუბარია, ძირითადად, სამ ქვეყანაზე – მოლდოვა, უკრაინა, საქართველო. რაც შეეხება ევროკავშირს, მათი მხრიდან მეტი შემოთავაზება, მეტი ღიაობა, მეტი მხარდაჭერაა საჭირო. ვგულისხმობ, როგორც პოლიტიკურ მხარდაჭერას – მაგალითად რუსეთის შეჩერების მიმართულებით გაწეულ ძალისხმევას, ასევე ქვეყნებისთვის მეტი პერსპექტივის მინიჭებას,“ -აღნიშნა გოგოლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ  საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულება ბრიუსელში, 2014 წლის 27 ივნისს,  გაფორმდა. ხელშეკრულება  როგორც პოლიტიკურ, ისე სავაჭრო, სოციალურ, კულტურულ და უსაფრთხოების სფეროებს მოიცავს. ამ ხელშეკრულების ფარგლებში 2014 წლის 1 სექტემბრიდან,  ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) ამოქმედდა, რომლის მეშვეობითაც, საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გაეხსნა მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც ამ ეტაპზე  28 ქვეყანას და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2016
M T W T F S S
« Aug    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930