დავით დონდუა (http://mfa.gov.ge).

შოტლანდიაში აფხაზური მემორიალი ადგილზე დაბრუნდება, ოღონდ კორექტირებული – ანუ „პოლიტიზირებული სიმბოლიკის“ გარეშე. მისი დემონტაჟი ან ნგრევა ქართულ მხარეს არ მოუთხოვია და ეს ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო, აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, რომლის თქმითაც, საუბარი იყო მხოლოდ კორექტირებაზე – შესაბამისად, მემორიალი ადგილზე დაბრუნდება სეპარატისტული სიმბოლიკის, სოხუმის რეჟიმის დროშის გამოსახულების გარეშე.

„არავის ჰქონია აზრად, მომხდარიყო ამ მემორიალის ან დანგრევა ან დემონტაჟი. უბრალოდ, ჩვენ მივუთითეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ ეს მემორიალი შეიცავდა პოლიტიზირებულ სიმბოლიკას და არ იყო შესაბამისობაში იმ პოლიტიკასთან, რომელიც დიდ ბრიტანეთს აქვს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ეს ყველაფერი მოეყვანა შესაბამისობაში, გაესწორებინა, დაეკორექტირებინა. ამ მიზნით მოხდა დროებითი დემონტაჟი, და როცა გასწორდება, თავის ადგილზე დაბრუნდება. კიდევ ერთხელ ვამბობ, არავის უთხოვია მისი მოხსნა ან საერთოდ დანგრევა”, – განცხადება დავით დონდუამ ხუთშაბათს სახალხო დამცველის მიერ გამართულ შეხვედრაზე.

თუმცა 10 ნოემბერს გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა საპირისპირო განაცხადა. თქვა, რომ შოტლანდიის ქალაქ კილმარნოკში 1992-93 წლების ომში დაღუპული სოხუმელების ხსოვნის მემორიალური ქვის დემონტაჟი მოხდებოდა, რომელზეც „აფხაზეთის რესპუბლიკის“ დროშა იყო გამოსახული.

მემორიალის აღებას ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი აღშფოთება მოჰყვა. განცხადება გაავრცელა სოხუმის ფე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სადაც მემორიალის დემონტაჟის მოთხოვნა შეფასდა, როგორც „საქართველოს აგრესიული ქმედებები“ და „ვანდალიზმის მორიგი აქტი“.

„საქართველოს ხელისუფლების ასეთ ქმედებას ვაფასებთ, როგორც ვანდალიზმის აქტს, რომელიც მიმართულია აფხაზი ხალხის ისტორიული მეხსიერების განადგურებისკენ. აფხაზ მებრძოლთა ძეგლის დემონტაჟი კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების ყველა ძალისხმევა მიმართული არა მხოლოდ აფხაზი ხალხის ფიზიკური, არამედ მისი ისტორიული წარსულის, კულტურული თვითმყოფადობისა და ეროვნული იდენტობის გადანგურებისკენ,“ – ნათქვამია განცხადებაში.

15 ნოემბერს კი,  ე.წ. აფხაზური საზოგადოებრივი პალატის სახელით ქალაქ კილმარნოკის მუნიციპალიტეტის პალატაში გაიგზავნა მიმართის წერილი, სადაც ითხოვდნენ, რომ არ დანებებულიყვნენ „საქართვლოს ელჩის მიერ ინიცირებულ პროვოკაციას“, რომლის ქმედებები აფხაზეთის, ამ პატარა ერის, წინააღმდეგ საქართველოს აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა და რომლის მიზანი დაძმობილებული ქალაქების – სოხუმისა და კილმარნოკის ურთიერთობის დანგრევაა. აფხაზები იმედს გამოთქვამენ, რომ კილმარნოკის ადგილობრივი ხელისუფლება არ დაუშვებს „თავისი ქვეყნის თავისუფლებისთვის დაცემულთა ხსოვნის შეურაცხყოფას“.