„ამ დღეებში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ქართული მხარე ზღუდავს ვაჭრობას და ვაჭრობაში ჩართულ პირთა გადაადგილებას ახალგორის მიმართულებით, არის დეზინფორმაცია,“ – განცხადებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო ავრცელებს იმ ინფორმაციის პასუხად, რომელიც რუსულ და ოსურ მედიაში გავრცელდა, რომ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის გამო 24 თებერვლიდან თბილისმა ცხინვალის რეგიონის მიმართულებით სავაჭრო ტვირთების შეტანა აკრძალა.

რამდენიმე დღის წინ ახალგორელებმა DFWatch-თან საუბარში თქვეს, რომ უკვე დაახლოებით 3 კვირაა ახალგორში დანარჩენი საქართველოდან სასოფლო-სამეორნეო და საყოფაცხოვრებო პროდუქტი არ შედის, რის გამოც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხილ-ბოსტნეულის დიდი დეფიციტია და მნიშვნელოვნად გაზრდილი ფასები. ახალგორში ამბობენ, რომ ეს არაოფიციალური სანქცია თბილისმა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო დააწესა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებით, ინფორმაცია თბილისის მხრიდან რაიმე სანქციის დაწესების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

„მეტიც, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, აქტიური ძალისხმევის მიზანია მოიხსნას უკანონო შეზღუდვები, რაც სამწუხაროდ არსებობს 2008 წლიდან, და უზრუნველყოფილი იქნას გადაადგილების თავისუფლება, წახალისდეს ადამიანებს შორის კონტაქტი, მათ შორის ვაჭრობის, საყოფაცხოვრებო თუ სხვა საჭიროებიდან გამომდინარე.

„ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვა, შემზღუდავი „რეგულაციების“ დაწესება, ადამიანების უკანონო დაკავებები, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები, რისი უმძიმესი გამოვლინებაც არის ტატუნაშვილის ტრაგედია და შემდგომ მისი ცხედრის გადმოცემის გაჭიანურება, ქმნის შიშის, დაძაბულობის გარემოს და დამატებით აფერხებს მოსახლეობას, განახორციელოს მისთვის საჭირო და აუცილებელი მიზნებისთვის გადაადგილება და საქმიანობა. ამის გამო შექმნილი ვითარება ადამიანების ინტერესების წინააღმდეგ მუშაობს, განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა. ამაზე ნათლად მეტყველებს ის, რომ, მაგალითად, წლის განმავლობაში ცხინვალის რეგიონიდან სამჯერ მეტ ადამიანს ეზღუდება გადაადგილების თავისუფლება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ვიდრე პირიქით,“ – ნათქვამია DFWatch-ისათვის სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გამოგზავნილ განცხადებაში.