vegan kiwi

„აგრესიის ძირითადად მიზეზი კაფეში მყოფთა გარეგნობა – შეღებილი თმა, პირსინგი, ტატუ და მათთვის არასასურველი, მიუღებელი დამოკიდებულებაა მაგალითად, ლგბტ პირების მიმართ, რომლებიც ამ კაფეში დადიან-ხოლმე“ – აცხადებს „კივის“ თანამშრომელი (DFWatch)

თბილისში ერთადერთ ვეგანურ კაფეზე თავდასხმის ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება სს კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 120-დან  180 საათამდე, ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე. ამის შესახებ DFWatch-ს  შსს-ში უთხრეს.

კერძოდ, საუბარია, ვეგანურ  კაფე „კივიში“ კვირა საღამოს, დაახლოებით 8-9 საათზე, მომხდარ ინციდენტზე. თანამშრომლების თქმით, რამდენიმე „ფაშისტი, ნაცისტი“ ადამიანი კაფეში შევიდა და იქ მყოფთ თავს დაესხა. როგორც ერთ-ერთმა თანამშრომელმა, ახალგაზრდა გოგომ DFWatch-ს უთხრა,  თავდამსხმელთა  შორის  ვისი ამოცნობაც მოახერხეს – რასისტული დაჯგუფება „ბერგმანის“ წევრები იყვნენ, რომლებსაც თავიანთი ლიდერი გიორგი ბაქრაძე, იგივე ბერგმანიც ახლდათ. გოგონამ საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა, ამბობს, რომ ამის მიზეზი„ნაცისტების“ მუქარაა.

მისი  თქმით, კაფეს  1 წლის არსებობის განმავლობაში უკვე მე-4 შემთხვევაა, როდესაც ამ ჯგუფის წევრები, და თავად ლიდერი ბერგმანი მათთან კაფეში მისულა. თუმცა ადრე ამას ფიზიკური შეურაცხყოფა ან სიტუაციის გამწვავება არ მოჰყოლია. მანვე DFWatch-თან საუბრისას აღნიშნა, რომ აგრესიის ძირითადად მიზეზი კაფეში მყოფთა გარეგნობა – შეღებილი თმა, პირსინგი, ტატუ და მათთვის არასასურველი, მიუღებელი დამოკიდებულებაა მაგალითად, ლგბტ პირების მიმართ, რომლებიც  ამ კაფეში დადიან-ხოლმე.

„კვირას საღამოს 8 საათზე დავიწყეთ მულტფილმის „რიკი მართი“ -ს ჩვენება, თუმცა ცოტა ხანში რამდენიმე ადამიანი ჩხუბით და ყვირილით შემოვიდა კაფეში. ჩვენ ვუთხარით, რომ ფილმს ვუყურებდით, ხელი გვეშლებოდა, ამიტომ მივმართეთ  ან დამსხდარიყვნენ და მათაც ეყურებინათ, ან გარეთ გასულიყვნენ. გარდა ამისა, დაიწყეს სიგარეტის მოწევა, არადა კაფე არამწეველებისაა და აქ არავინ ეწევა, ამის გამოც  ვთხოვდით გარეთ გასვლას. ამის შემდეგ გარედან მწვადების სროლა დაიწყეს. ყელზე სოსისები ჰქონდათ შემოხვეული. ისვროდნენ მწვადებს, კაფეში მყოფ სტუმრებს თეფშებზე უყრიდნენ და ყვიროდნენ  „ქართველი არ ხარ? ხორცს როგორ  არ ჭამ?

„იმუქრებოდნენ, რომ კაფეს აგიფეთქებთ,  ყველა თქვენგანის სახეს ვიმახსოვრებთ და ა.შ.  ერთი ჩვენი მეგობარი გოგო თმით გაათრიეს და ბორდიურზე დაარტყმევინეს თავი, ერთ ჩვენს მეგობარს წარბი გაუხეთქეს. სცადეს კედლიდან დაფის ჩამოგდება და მაცივრის გადაყირავება, თუმცა ამის საშუალება არ მივეცით.  ყველაფერი ეს დაახლოებით 10-15 წუთი გრძელდებოდა. თუმცა, ჩხუბი ძირითადად გარეთ, ქუჩაში მოხდა, ამიტომ კაფეს ზიანი არ მისდგომია. ხმაურზე მეზობლებიც გამოვიდნენ და არც ის გაურკვევიათ, რა მოხდა, არც ის იცოდნენ ვის ურტყამდენენ,“ – თქვა ახალგაზრდა გოგომ, რომელიც ამბიბს, რომ კაფე თავის მეგობრებთან ერთად დაარსა.

მედიაში გავრცელებული სხვადასხვა ინფორმაციებით, კვირას ვეგანურ კაფეს თავს ნაციონალისტური  ორგანიზაცია „ქართულ ძალის“ ე.წ. ბერგმანის დაჯგუფების წევრები დაესხნენ.

თუმცა, როგორც DFWatch-ს ნაციონალისტური-მემარჯვენე ორგანიზაცია „ქართული ძალის“ ლიდერმა ნიკოლოზ ბურნაძემ უთხრა, ასეთი ჯგუფი – „ქართული ძალა – ბერგმანი“ არ არსებობს. მისივე თქმით, კაფეში მომხდარ ინციდენტში მონაწილეობა მათი ორგანიზაციის არცერთ წევრს არ მიუღია.

„ქართულ ძალას ამ შემთხვევასთან არანაირი კავშირი არ აქვს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ  „ქართული ძალის“ არცერთი წარმომადგენელი არ ყოფილა  გუშინ, კაფეში მომხდარი შემთხვევის მონაწილე. მწვადების სროლაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს, მითუმეტეს მაშინ როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია. ეჭვი მეპარება, რომ იქ მართლა დანების ტრიალს და შუბლის დახეთქებას ჰქონოდა ადგილი, თუმცა თუ ეს ყველაფერი მოხდა და ადამიანებს მარტო იმის გამო, რომ ხორცს არ ჭამენ, სოსისს და მწვადს ესროდნენ…  პოლიცია ყველაფერს გამოიძიებს. ამის შემდეგ ყველა ნახავს, რომ „ქართული ძალა“ მომხდართან არანაირ კავშირში არ ყოფილა,“ – აღნიშნა ბურნაძემ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა გოგა ხატიაშვილმა DFWatch-ს უთხრა, რომ ამ ფაქტს გამოძიების დაწყება უნდა მოჰყოლოდა.

ხატიაშვილი ვერ აკონკრეტებს ის მიმართვა თუ შეძახილები, რასაც კაფეში მყოფთ უყვიროდნენ, არის თუ არა დისკრიმინაცია, მაგრამ ამბობს, რომ საჭიროა გამოძიება ამ მიმართულებითაც განხორციელდეს – ხომ არ მოხდა დანაშაული დისკრიმინაციული ნიშნით.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ გამოძიება მიიჩნევს, რომ ასეთი ნიშნები მართლაც არსებობს, შეიძლება მუხლის კვალიფიკაცია შეიცვალოს და სასჯელიც უფრო გამკაცრდეს.

აღსანიშნავია, რომ ვეგანები, ვეგეტარიანებისგან განსახვავებით, უარს ამბობენ ნებისმიერი სახის ცხოველური წარმომავლობის პროდუქტზე – მათ შორის, რძის პროდუქტებსა და ხშირად თაფლზეც. გარდა ამისა, არ იყენებენ ცხოველური წარმომავლობის საგნებსა და ტანსაცმელს/ფეხსაცმელს.