airportშოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ორშაბათს ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი გაიხსნა. სარეაბილიტაციო სამუშაო 12 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, რა პერიოდშიც ავიარეისები არ გაუქმებულა. თუმცა, რეისები ოდნავ შეცვლილი გრაფიკით განხორციელდა. ასაფრენი ზოლი ყოველდღიურად 10 საათით იკეტებოდა,  საღამოს 8 საათამდე.

როგორც DFWatch-ს აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს, ასაფრენი ბილიკი ოც წელზეა გათვლილი, რაც ნიშნავს რომ 2036 წლამდე მას განახლება და რეაბილიტაცია არ დასჭირდება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სანავიგაციო სისტემების განახლებაში 70 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.  ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე,  ასევე, ახალი განათება დამონტაჟდა,  რისთვისაც 10 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ეს სისტემა ფრენის უსაფრთხოების დონეს უფრო აამაღლებს და საჰაერო ხომალდებს ძლიერი ნისლის, ცუდი მეტეოპირობებისა და მხედველობის დროს, აფრენა-დაფრენას მნიშვნელოვნად  გაუადვილებს.

შეგახსენებთ, რომ გარდა ასაფრენ-დასაფრენი ბილიკისა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობაც მიმდინარეობს,  რასაც საფუძველი ორშაბათს, 27 ივნისს ჩაეყარა.

ახალი ტერმინალის საჭიროება, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულ მგზავრებს 2017 წლის ბოლოდან მოემსახურება, მგზავრთა ნაკადის ზრდამ განაპირობა. ცნობისთვის, ამ მაჩვენებელმა გასულ წელს 1,8 მილიონს გადააჭარბა.

ხოლო წლების მიხედვით, თბილისის აეროპორტის მგზავრთა სტატისტიკა ასეთია: 2010 წელს აეროპორტით 822 772-მა მგზავრმა ისარგებლა; 2011 წელს – 1,06 მილიონმა; 2012 წელს – 1,22 მილიონმა; 2013 წელს – 1,44 მილიონმა; 2014 წელს – 1,58 მილიონმა და 2015-ში კი 1,85 მილიონმა მგზავრმა.

ახალი მოფრენის ტერმინალის ფართობი, რომელსაც  აეროპორტის ოპერატორი კომპანია TAV Urban Georgia აშენებს, 12 ათასი კვადრატული მეტრი იქნება. მის მშენებლობაზე 500-მდე ადამიანი დასაქმდება, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ, ანუ 2017 წლის ბოლოდან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 3,5 მილიონ მგზავრს მოემსახურება.

ცნობისთვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2005 წლის 31 ოქტომბრიდან  თურქული კომპანია TAV Urban Georgia-ს მმართველობაში იმყოფება. ამ კომპანიას მართვის უფლება 2027 წლის ნოემბრამდე აქვს.