სპორტი

„ზომიერად“ წარმატებული ოლიმპიადა

by | Aug 22, 2016
geno_petriashvili

გენო პეტრიაშვილი

31-ე ოლიმპიური თამაშები რიო-დე-ჟანეიროში  კვირას, 21 აგვისტოს დასრულდა. 7 მედალი – აქედან 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო – ასეთი შედეგით დაასრულა საქართველოს ნაკრებმა წლევანდელი ოლიმპიადა და მედლების რაოდენობის მიხედვით, რეკორდული მაჩვენებელი, კერძოდ 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის შედეგი, გაიმეორა. თუმცა იმ განსხვავებით, რომ ქართველმა სპორსტმენებმა რიოში ორი ოქროს მოპოვება შეძლეს, ლონდონში კი მხოლოდ ერთს დასჯერდნენ. საერთოდ, ოქროს მედლებით ყველაზე ნაყოფიერი პეკინის 2008 წლის ოლიმპიადა იყოს, საიდანაც ქართველებმა სამი ოქრო ჩამოიტანეს.

საქართველომ მედლების
რაოდენობით 207 ქვეყანას შორის 38-ე ადგილი დაიკავა.

vladimer_khinchegashvili-

ვლადიმირ ხინჩეგაშვილი

2016 წლის ოლიმპიური თამაშების მედალოსანი ქართველები არიან: ოქრო – ძალოსანი ლაშა ტალახაძე, რომელმაც მსოფლიო რეკორდიც დაამყარა 473 კგ აწევით  და თავისუფალი სტილით მოჭიდავე ლადო ხინჩეგაშვილი; ვერცხლი – ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი; ბრინჯაო – ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძე, ძალოსანი ირაკლი თურმანიძე და თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი.

აღსანიშნავია, რომ  რიოდან წელს სამი  მედალი გორში ჩავიდა  – ლადო ხინჩეგაშვილის ოქრო, და ლაშა შავდათუაშვილისა და გენო პეტრიაშვილის ბრინჯაო. ცნობისთვის, შავდათუაშვილი წინა, ლონდონის ოლიმპიადის ოქროს მფლობელია, ლადო ხენჩიგაშვილი კი ვერცხლის.

lasha_talakhadze

ლაშა ტალახაძე

ორი ოლიპიური მედალი – ირაკლი თურმანიძის და შმაგი ბოლქვაძის ბრინჯაო – ბინას აჭარაში დაიდებს.

რიოს ოლიმპიადა საქართველოსთვის რამდენიმე მიზეზის გამოც იყო გამორჩეული. წელს პირველად დამოუკიდებელი საქართველოს  ისტორიაში ოლიმპიურ კვარცხლბეკზე ერთად ავიდა ორი ქართველი – ძალოსნები +105, უმძიმეს და უპრესტიჟულეს, წონით კატეგორიაში – ლაშა ტალახაძე (ოქრო) და ირაკლი თურმანიძე (ბრინჯაო).

ასევე პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში  ოლიმპიადაზე ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ მე-5 ადგილი დაიკავა.

პირველად ოლიმპიადის ისტორიაში, ერთად იასპარეზეს დედა-შვილმა, ნინო სალუქვაძემ და ცოტნე მაჭავარიანმა. შეგახსენებთ, რომ ნინო სალუქვაძე სეულის ოლიმპიადის ჩემპიონია (1988 წ.), სადაც საბჭოთა კავშირის სახელით გამოდიოდა.

ასევე წელს ჰქონდა საქართველოს ყველაზე მეტი ლიცენზია  – ოლიმპიადაში 40 სპორტსმენი მონაწილეობდა.

წლევანდელი ოლიმპიადა ემოციურადაც გამორჩეული იყო. განსაკუთრებით, რიოს წლევანდელ ოლიმპიადაზე ქართველთა პირველი მედალი, რომელიც ძიუდოში გორელმა ლაშა შავდათუაშვილმა 8 აგვისტოს, 2008 წლის აგვისტოს ომის 8 წლის თავზე რუს ძიუდოისტთან გამარჯვების შედეგად მოიპოვა. „ოქროს ტოლფასი ბრინჯაო“ ასე შეაფასეს შავდათუაშვილის ეს გამარჯვება „ფეისბუქის“  მომხარებლებმა.

ძალიან ემოციური იყო ასევე ძიუდოისტის ვარლამ ლიპარტელიანის მიერ ფინალში ჩემპიონობის დათმობა და ამით დაჯილდოვებისას თავდახრილი და ატირებული სპორტსმენის ხილვა. 2016 წლის ოლიმპიური ვერცხლის პრიზიორი ვარლამ ლიპარტელიანი არაერთმა ქართველმა გაამხნევა სოციალურ ქსელში –  „ლიპო, აწიე თავი!“ „შენი ვერცხლი ჩვენთვის დიდი სიხარულია. ამაყად ახედე დროშას და გაუღიმე!“ „მთელი საქართველო გიყურებს ეხლა და ამაყობს შენით“.

ასევე ემოციური და მოულოდნელი იყო საქართველოს დელგაციის მედროშის, ძიუდოისტ  ავთანდილ ჭრიკიშვილის მარცხი, რომელიც ერთ-ერთ ფავორიტად და მედლის რეალურ კანდიდატად მოიაზრებოდა.

ცნობისთვის, ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე 1952 წლიდან ასპარეზობენ, მაგრამ 1988 წლის ოლიმპიადის ჩათვლით, ისინი სსრკ-ის სახელით გამოდიოდნენ, ხოლო ბარსელონას ოლიმპიადაზე (1992 წელი) – ე.წ. გაერთიანებული გუნდის შემადგენლობაში.

დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით საქართველომ 1996 წლიდან ზაფხულის 6 ოლიმპიადაზე იასპარეზა.

1996 წელი ატლანტა (აშშ) – 34 სპორტსმენი – ორი ბრინჯაოს მედალი – სოსო ლიპარტელიანი (ძიუდო);  ელდარ კურტანიძე (თავისუფალი ჭიდაობა)

2000 სიდნეი (ავსტრალია) – 36 სპორტსმენი – 6 ბრინჯაოს მედალი  – ვლადიმერ ჭანტურია (კრივი); გიორგი ვაზაგაშვილი (ძიუდო); გიორგი ასანიძე (ძალოსნობა); აკაკი ჩაჩუა (ბერძნულ-რომაული  ჭიდაობა); მუხრან ვახტანგაძე (ბერძნულ-რომაული  ჭიდაობა);   ელდარ კურტანიძე (თავისუფალი ჭიდაობა) – ჯამში მონაწილე ქვეყნებს შორის 68-ე ადგილი.

2004 ათენი (საბერძნეთი) – 32 სპორტსმენი – 4 მედალი: ოქრო – ზურაბ ზვიადაური (ძიუდო);  გიორგი ასანიძე (ძალოსნობა); ვერცხლი – ნესტორ ხერგიანი (ძიუდო); რამაზ ნოზაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) – 32-ე ადგილი.

2008 პეკინი (ჩინეთი) – 35 სპორტსმენი – 6 მედალი:  ოქრო – ირაკლი ცირეკიძე (ძიუდო);  მანუჩარ კვირკველია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა); რევაზ მინდორაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა); ბრინჯაო – ნინო სალუქვაძე (სროლა); ოთარ თუშიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა); გიორგი გოგშელიძე (თავისუფალი ჭიდაობა) – ოლიმპიადაზე 27-ე ადგილი.

2012 ლონდონი (ინგლისი) – 35 სპორტსმენი – 7 მედალი: ოქრო – ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო); ვერცხლი – რევაზ ლაშხი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა); ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა); დავით მოძმანაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა); ბრინჯაო –  მანუჩარ ცხადაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა); დავით მარსაგიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა); გიორგი გოგშელიძე (თავისუფალი ჭიდაობა); ოლიმპიადაზე  39-ე ადგილი.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის რიოს ოლიმპიადა 5 აგვისტოს გაიხსნა.  მომდევნო 32-ე ოლიმპიადას კი უკვე 2020 წელს ტოკიო უმასპინძლებს.
 

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031