ამბები

ვინ/რა არის „ოდეერი“?

by | Mar 12, 2016

cms-image-000031254თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უშიშროების ჩანერგილი აგენტი, .. ოდეერიარსებობა თავად რექტორმაც დაადასტურა და როგორც სტუდენტების ერთი ნაწილი ამტკიცებს, ის უნივერსიტეტის საქმეებში და კანცლერის არჩევნებში უხეშად ერევა. დასახელდა კონკრეტული გვარიც.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-ი) რექტორის პასუხად გაავრცელა განცხადება, რომ  თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში ოდეერი წარმოდგენილი არ არის, არც დასახელებული პიროვნებაა სუს-ის  თანამშრომელი. სუს-ი აცხადებს, რომ მისი წარმომადგენლები მხოლოდ მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ 25 სუბიექტშია მივლენილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კი მათ შორის არ არის.

მიუხედავად ამისა, სტუდენტები, რომლებიც რამდენიმე დღეა უნივერსიტეტში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იგივე კანცლერის, არჩევნებზე ერთადერთი კანდიდატურის, გიორგი გაფრინდაშვილის შესაძლო არჩევის გამო აქციებს მართავენ, აცხადებენ, რომ თსუ-ში ჩანერგილი უშიშროების თანამშრომელი, ოდეერი ივა კავსაძე, გიორგი გაფრინდაშვილის ჯგუფელი და მეგობარია და კანცლერის არჩევნებში უხეშად ერევა. სტუდენტები ითხოვენ გაფრინდაშვილმა კანდიდატურა მოხსნას და სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება უნივერსიტეტში ოდეერის ინსტიტუტის არსებობის შესახებ.

უშიშროების საკითხებში ოფიცერი ანუ იგივე ოდეერი (დასახელება მოდის რუსული აბრევიატურიდან, ОДР – Офицер Действующего Резерва) არის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის (სუს-ი) მხრიდან სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში საგანგებო დავალებით ჩანერგილი პირი, რომელიც უსაფრთხოების სამსახურს აწვდის ყველანაირ ინფორმაციას იმაზე, თუ რა ხდება სტრუქტურაში. ანონიმურობის მიზნით, ის დაწესებულების ოფიციალური თანამშრომელი ხდება, მის შესახებ იცის მხოლოდ უწყების ხელმძღვანელმა, გაფორმებულია სხვადასხვა თანამდებობაზე, ხშირად მრჩევლის პოზიციაზე. მისი  მისია გასაიდუმლოებულია და  ძნელია იმის გადამოწმება, თუ რა სახის ინფორმაციას აგზავნის ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ოფიციალურად გაცხადებულია ის, რომ აგენტი სუს-ს აწვდის ინფორმაციას იმაზე, რაც უსაფრთხოების რეჟიმისთვის მნიშვნელოვანია. თუმცა როგორც უფლებადამცველები ამბობენ, იმდენად ბუნდოვანია თავად უსაფრთხოების რეჟიმი რას გულისხმობს, ე.წ. ოდეერებს დიდი საშუალება რჩებათ უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენონ.

ეს სისტემა ჩვენთან წინა ხელისუფლებების დროსაც აქტიურად მუშაობდა. 2015 წელს, როდესაც შს სამინისტროსა და უშიშროების სამსახურები გაიყო, ოდეერის  ინსტიტუტის რეფორმაც განხორციელდა. ახალი ხელისუფლება ბოლომდე ვერ შეელია ამ სისტემას, თუმცა მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა „მაღალი რისკის მქონე“ 25 სტრუქტურა, სადაც უშიშროების სამსახურის მუდმივი ყოფნა უსაფრთხოების რეჟიმის დასაცავად საჭიროდ ჩაითვალა. ამ ჩამონათვალში სასწავლო დაწესებულებები არ შედის.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცალსახა პოზიციაა, სახელმწიფო უნივერსიტეტში თუკი არსებობს ე.წ. ოდეერის ინსტიტუტი, ის უნდა გაუქმდეს.

იმავეს საუბრობს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ზაქარია ქუცნაშვილი. მისი თქმით, ის ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს ინფორმაციას უნივერსიტეტში ოდეერის არსებობაზე, თუმცა მიიჩნევს რომ არ უნდა არსებობდეს.

„ჩვენ უნდა ვენდოთ რექტორსაც და სტუდენტებსაც და მათი კონტროლი  ჩემთვის მიუღებელია.  ოდეერების ინსტიტუტი საიდუმლო აგენტებს ინსტიტუტია და შესაბამისად სახელმწიფო უსაფრთხოების მნიშვნელოვან სფეროებში, მაგალითად  თავდაცვის ობიექტებში, პორტებში სახელმწიფოს საიდუმლო აგენტების ყოლა სჭირდება, მაგრამ  საგანმანათლებლო დაწესებულებებში მათი არსებობა არ შეიძლება და ეს კანონშიც წერია,“- აცხადებს ქუცნაშვილი.

ა/ო „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ საპარლამენტო მდივანი ლიკა საჯაია ამბობს, რომ ე.წ. ოდეერის სისტემა საბჭოთა სამართლის გადმონაშთია, რაც მხოლოდ რამდენიმე პოსტს საბჭოთა ქვეყანაში, მათ შორის კი, სამწუხაროდ, საქართველოშიც შენარჩუნდა.

მისი თქმით, მართალია მთავრობამ დადგენილებით განსაზღვრა 25 სტრუქტურა, სადაც ოდეერის აუცილებლობა განსაზღვრა, თუმცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც  იმ 25 სტრუქტურაში არ შედის, ოდეერის არსებობაზე თავად რექტორი საუბრობს.

„ეს მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობა ბოროტად უყენებს იმ ინსტიტუტს, რომელიც საერთოდ არ უნდა არსებობდეს. იმდენად ტოტალიტარული სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი სისტემაა, მისი რაიმე კანონიერ ჩარჩოში მოქცევა და ვითომ რეფორმით დემოკრატიული მანტიით შემოსვა შეუძლებელია,“- აცხადებს ლიკა საჯაია.

„საერთაშორისო გამჭირვალობა“ ამ სისტემის საერთოდ გაუქმებას ითხოვს. როგორც ლიკა საჯაია ამბობს, ორგანიზაცია 2015 წლის კანონის მიღებამდე  ჩაატარა კვლევა და ოდეერები აღმოაჩინეს საზოგადოებრივ მაუწყებელში, მერიასა და კომუნიკაციის მარეგულირებელ კომისიაში. ახალი კანონის მიღების შემდეგ კი პარლამენტს არ განუხორციელებია კონტროლი, ამ სტრუქტურებში ე.წ. ოდეერები გაათავისუფლეს თუ არა.

„ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, საბოლოოდ უარი თქვას „ოდეერის“ მანკიერ პრაქტიკაზე, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს მოუწოდებს განმარტოს, თუ რა სამართლებრივი საფუძვლით თანამშრომლობენ უნივერსიტეტში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები და მოუწოდებს პარლამენტს, დაინტერესდეს 2015 წლის რეფორმის შემდეგ რამდენი „ოდეერი“ იქნა განთავისუფლებული სხვადასხვა დაწესებულებებიდან და უსაფრთხოების სამსახურის რამდენი თანამშრომელი და რომელ დაწესებულებებში გვხვდება ამჟამად,“ – ნათქვამია გამჭირვალობის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ 8 მარტს სტუდენტებისა და რექტორის შეხვედრისას სტუდენტებმა რექტორს საშველი არ მისცეს და კატეგორიულად მოსთხოვეს ეღიარებინა, უნივერსიტეტში უშიშროების აგენტის მუშაობა. მათ დაჟინებულ შეკითხვაზე – არის თუ არა კავსაძე ოდეერი, პაპავამ უპასუხა, რომ – კი.

„მე პრინციპულად წინააღმდეგი ვარ, რომ ასეთი სისტემა არსებობს. მე ეს სისტემა დამხვდა, შემდეგ მოხდა საკადრო ჩანაცვლება. დადგა დრო, რომ ქვეყანა გათავისუფლდეს ამ სისტემიდან“, – განაცხადა პაპავამ სტუდენტებთან შეხვედრისას.

მისი თქმით, თუ ვინ არის ოდეერების ინსტიტუტის წარმომადგენელი უნივერსიტეტში, ეს ყველამ იცის, მათ შორის სტუდენტებმაც.

„ივა კავსაძე არის ოდეერი უნივერსიტეტში. მისი საქმიანობა არის გარკვეულწილად უსაფრთხოება უნივერსიტეტში, რამდენადაც მე ვარ ინფორმირებული. ვერ გეტყვით, როგორ იღებს ის ამ უსაფრთხოების ზომებს, ეს მისი სპეციფიკაა. მე არასდროს არ მიმუშავია ორგანოებში და ნამდვილად არ ვიცი, როგორ მუშაობენ,“ – განაცხადა პაპავამ.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2016
M T W T F S S
« Aug    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930