Vashadze 1

გიორგი ვაშაძე: „ჩვენი ამომრჩეველი პარტიისგან ელოდებოდა ინოვაციებს,.. მაგრამ ამის ნაცვლად ჩვენ მივიღეთ დახურული კაბინეტური მმართველობის სისტემა… ამ კაბინეტურ მმართველობას აქვს თავისი სახელები და გვარები – გიგა ბოკერია, მიშა მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი, გოკა გაბაშვილი და მათ ფასადად ქცეული დავით ბაქრაძე.“

ნაციონალური მოძრაობა“ ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა ფიგურამ  დატოვა და  თქვა, რომ ახალი პოლიტიკური მოძრაობის  შექმნას გეგმავს.

გიორგი ვაშაძემ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილე და სამოქალაქო რეესტრის უფროსი იყო, ხუთშაბათს პარლამენტში საგანგებო ბრიფინგი გამართა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მწვავედ გააკრიტიკა.

ვაშაძემ დაასახელა კონკრეტული გვარებიც – „გიგა ბოკერია, მიშა მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი, გოკა გაბაშვილი და მათ ფასადად ქცეული დავით ბაქრაძე“, რომლებთანაც  ჰქონდა დაპირისპირება და  ისინი ახალი იდეების დაბლოკვასა და პირადი ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.

აღსანიშნავია, რომ ერთი წლის წინ  პარტიის რიგები კიდევ ოთხმა დეპუტატმა დატოვა, მათ შორის იყო პარტიის აღმასრულებელი მდივანი და ეკონომიკური მიმართულების იდეოლოგი ზურაბ ჯაფარიძე. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“.  ვაშაძის მსგავსად მათი პრეტენზიაც ის იყო, რომ პარტიის განახლებასა და ახალი ადამიანების შეყვანას „ერთი ჯგუფი“ ბლოკავდა.

„ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ ვაშაძემ მათი რიგები საარჩევნო სიის ათეულში ვერმოხვედრის გამო დატოვა.

პარტიის ლიდერმა, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კი გაავრცელა განცხადება, სადაც  ყველაფერი „ოლიგარქი ივანიშვილის თამაშს“ დაუკავშირა.

გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ დღეს საქართველო ურთულეს მდგომარეობაშია, რადგან „ივანიშვილის ჯიბის მთავრობის“ უუნარობით და აშკარა მავნებლობით ადამიანებმა დაკარგეს ხვალინდელი დღის რწმენა, ამიტომ საჭიროა ივანიშვილის მთავრობის დასრულება, რაც მხოლოდ ახალი თაობის ენერგიულ, მიზანდასახულ და თავისუფალ ძალას შეუძლია, ახალი იდეების და სახეების წინ წამოწევას კი „ნაციონალურ მოძრაობაში“ ადამიანთა ჯგუფი ეწინააღმდეგება, რის გამოც ის იძულებული გახდა გუნდი დაეტოვებინა.

„ჩვენი ამომრჩეველი პარტიისგან ელოდებოდა ინოვაციებს, ახალი ტიპის იდეებს და ინიციატივებს, მაგრამ ამის ნაცვლად ჩვენ მივიღეთ დახურული კაბინეტური მმართველობის სისტემა, რომელიც მისი ბუნებიდან გამომდინარე, თავად არის მოკავშირე ივანიშვილის  მავნებლური მმართველობის და ემსახურება მხოლოდ პარტიის ერთი მცირე ჯგუფის პერსონალურ ინტერესებს. ამ კაბინეტურ მმართველობას აქვს თავისი სახელები და გვარები – გიგა ბოკერია, მიშა მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი, გოკა გაბაშვილი და მათ ფასადად ქცეული დავით ბაქრაძე. მე უარს ვამბობ გარანტირებულ ადგილზე მომავალ პარლამენტში, ფასადურად განახლებული პარტიის სიით და ვიწყებ ახალი მოძრაობის შექმნას“, – აცხადებს ვაშაძე.

მისი თქმით, ახალ მოძრაობას ძალიან ბევრ ახალგაზრდა ადამიანებთან ერთად ქმნის: „მთავარი მიზანი იქნება საქართველოში მართლაც გაჩნდეს ახალი პოლიტიკური კლასი. შევარდნაძის თაობის პოლიტიკოსები პოლიტიკიდან უნდა წავიდნენ. უნდა მოვიდნენ ადამიანები, ვისაც აქვს ინოვაციები, იდეები, შეუძლიათ სიახლეების განხორციელება, შეუძლიათ ბევრი საქმის კეთება, არ არიან დაბოღმილი და დაპირისპირებაზე ორიენტირებული – აი, ეს იქნება პრინციპი“.

გიორგი ვაშაძე წინა ხელისუფლების დროს 2009-2012 წლებში იუსტიციის მინისტრის მოადგილე და სამოქალაქო რეესტრის ხელმძღვანელი იყო და ის არაერთი ინოვაციის დამნერგავ, რეფორმატორ ხელმძღვანელად მიიჩნეოდა. მის დროს დაინერგა ID ბარათები და ბიომეტრიული პასპორტები. ასევე აქტიურად იყო ჩართული და მის დროს განხორციელდა იუსტიციის სახლის პროექტი, პრინციპით – „ყველაფერი ერთ სივრცეში“, რაც კონკრეტულად 300 სახეობის სერვისს აერთიანებს და  სადაც ყველა საჭირო დოკუმენტის მიღება და მასთან დაკავშირებული მომსახურეობები დაჩქარებული წესით ერთ სივრცეში ხდება. სწორედ ეს პროექტი სახელდება წინა ხელისუფლების დროინდელ  ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართულ რეფორმად.