ამბები

ექს-პროკურორი: სისტემურ დანაშაულზე მარტო ერთი საქმეა წარმატებით გამოძიებული

by | Mar 14, 2016
8858maia

Maia Mtsariashvili (Pov.gov.ge)

წინა ხელისუფლების დროს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ინსპექცია აგროვებდა განსხვავებული სექსუალურ ორიენტაციის მქონე მამაკაცების ფარული ცხოვრების ჩანაწერებს და შემდეგ ამ ვიდეოებით მათ აშანტაჟებდა, განაცხადა შაბათს  „ტელეიმედთან“ ინტერვიუში თბილისის ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მაია მწარიაშვილმა.   

მისი თქმით, ეს არის ერთადერთი გახსნილი საქმე, რაც სისტემურ დანაშაულს ეხებოდა და აქაც საქმე სამხედრო ინსპექციის ხელმძღვანელობის პასუხისგებამის დონეზე გაჩერდა, უფრო მაღლა კი გამოძიება არ წასულა.

მწარიაშვილი ამბობს, რომ ეს საქმე არ ეხება ე.წ. კასრების ვიდეოფაილებს, სადაც 144 ფაილზე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების 181 საათი იყო აღბეჭდილი და რომელიც შს სამინისტრომ 2013 წლის სექტემბერს საჯაროდ გაანადგურა.

მწარიაშვილს თქმით, ე.წ. კასრების საქმესთან დაკავშირებით პასუხისგებაში უშუალოდ მხოლოდ ერთი კონკრეტული ვიდეოჩანაწერის, წამების ერთი ეპიზოდის შემსრულებლები არიან მიცემულნი და არა შემკვეთი, მაღალი თანამდებობის პირები.

„ე.წ კასრების საქმეში პასუხისგებაში მიცემული არიან უშუალოდ წამების ეპიზოდების შემსრულებლები, (ანუ) ყველაზე ქვედა რგოლი და კასრების საქმეც ამით დასრულდა. ამ დანაშაულისთვის სხვა, ზედა ეშელონებს ვგულისხმობ, პასუხისგებაში მიცემული არ ყოფილა. ამ კატეგორიის სისტემურ დანაშაულზე მხოლოდ ერთადერთი საქმე ვიცი, რომლის გამოძიება მიმდინარეობდა და წარმატებით დასრულდა. თუ სხვა იციან, გვითხრან. ეს იყო ე.წ. სამხედრო ინსპექციის საქმე, რომელსაც ქალაქის პროკურატურა იძიებდა ზუსტად 2012-2013 წლებში, მაშინ, როდესაც პროკურორების გათავისუფლების პირველი ტალღა დაიწყო.  პასუხისგებაში მიეცნენ სამხედრო ინსპექციის ხელმძღვანელობა და დეპარტამენტის უფროსები. ამ საქმის მაგალითზე ძალიან კარგად ჩანდა ამ კატეგორიის დანაშაულის სისტემურობა.“

მწარიაშვილის თქმით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ინსპექციას განსხვავებული სექსუალურ ორიენტაციის მქონე მამაკაცების ფარული ცხოვრების ჩანაწერების შეგროვების სისტემა ჰქონდათ შემუშავებული.

„განაწილებული იყო როლები, ჰყავდათ კონფიდანტები.  კონფიდენტების საშუალებით წინასწარ აღჭურვილ ბინებში შეიტყუებდნენ-ხოლმე დაზარალებულებს და ხდებოდა მათი ვიდეო-ჩაწერა, შემდეგ მათთან ხელშეკრულების გაფორმება და ა.შ. ეს იყო, რაც გამოძიების დროს დავადგინეთ. ეს საქმე სასამართლოში წავიდა და ამაზე ღიად საუბარი ამიტომ შემიძლია,“- აცხადებს მწარიაშვილი.

მისი თქმით, ეს იყო კარგი „სასტარტო საქმე“, რომლითაც ყველა ამგვარი საქმის სისტემურ დანაშაულად შეკვრა შეიძლებოდა, მათ შორის იმ მასალების, რომელიც საჯაროდ განადგურდა.

ყოფილი მთავარი პროკურორი ე.წ. სამხედრო ინსპექციის საქმის მაგალითზე ამბობს, რომ შესაძლოა ფარული ჩანაწერების რამდენიმე ასლიც არსებობდეს.

„ამ საქმის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ერთი და იგივე ჩანაწერის მინიმუმ 5 ვერსია უკვე იყო. ეს საქმეც ძალიან შემთხვევით გაიხსნა, საინტერესო იყო ის, რომ ჩანაწერით ერთ-ერთ კერძო პირს აშანტაჟებდნენ. ანუ, ეს ჩანაწერი გასული იყო. ამ კერძო პირმა განაცხადა შანტაჟის შესახებ და ამ საქმის გამოძიების დროს აღმოჩნდა, რომ თავის დროზე სამხედრო პოლიცია აკეთებდა ამ ჩანაწერს. ამ საქმეს გაგრძელება კიდევ უნდა ჰქონოდა. ეს საქმე თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამდე უნდა ასულიყო, იმიტომ, რომ  როდესაც სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფი ამას ასე ორგანიზებულად აკეთებს, ზედა რგოლში ეს საქმე აუცილებლად უნდა შეიკრას,“- მიიჩნევს მწარიაშვილი.

მისი თქმით, ე.წ. კასრების საქმეში დანაშაული ზედაპირზე იდო და სამართალდამცველებს აუცილებლად უნდა დაეწყოთ გამოძიება პირადი ცხოვრებს ასეთი მასობრივი ხელყოფის ფაქტზე, რადგანაც როგორც მინიმუმ ორი სამინისტრო – თავდაცვისა და შს –  უკვე გამოკვეთილი იყო.

თბილისის ყოფილი პროკურორი პარასკევს გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ მასალასაც ეხმაურება.

მაია მწარიაშვილს უჩნდება კითხვა, აუთენტურია თუ არა გავრცელებული მასალა და არის თუ არა იმ „კოლექციიდან“, რომელიც კასრებში ინახებოდა.

„ამ საქმის გახსნა იქნება ის, გაირკვეს თუ ვინ და როგორ მოიპოვა, რა მიზნებით და მოლოდინებით მოხდა მისი გამჟღავნება და არა ის, რომ ერთ დღეს გვითხრან – რომელიღაც აიპი მისამართზე, რომელიღაც დომენზე, რომ ვიღაცამ სხვა ქვეყნიდან განათავსა. ეს იქნება ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს. ამდენი დრო, მე-4 წელი გავიდა და ჩვენ ამ მასობრივი სისტემური დანაშაულის შესახებ არაფერი ვიცით. როგორც მინიმუმ, მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დამდგარიყო,“ – აღნიშნა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2016
M T W T F S S
« Aug    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930