OSCEეუთო-საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკისა და უსაფრთხოების საერთო კომიტეტმა ორშაბათს დაამტკიც რეზოლუციის პროექტი – კონფლიქტი საქართველოში. წინააღმდეგი მხოლოდ რუსეთის დელეგაციის 3 წევრი იყო. ავტორი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილია.

ამ რეზოლუციის მიღების შემთხვევაში, საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოუცხადებს.

რეზოლუციის კანონპროექტს საბოლოოდ სამშაბათს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე უყრიან კენჭს.

ეუთო-ს პოლიტიკური კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი დოკუმენტით, 56 ქვეყანა ეუბნება ერთს, რომ დაიცვას ის სტანდარტები, რაც დასაცავია, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა.

12-პუნქტიან დოკუმენტში ძირითადი აქცენტი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებებზეა გაკეთებული. რეზოლუცია რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის აგვისტოს ხელშეკრულება, გაიყვანოს შეიარაღებული შენაერთები, მისცეს დევნილებს საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა და გააუქმოს გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადებაზე.

ამასთან, რეზოლუციის პროექტში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ეუთო-ს, გააორმაგოს ძალისხმევა, რათა გაძლიერდეს ორგანიზაციის ჩართულობა საქართველოში, გაზარდოს მისი როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათ შორის, ხელი შეუწყოს შერიგების პროცესს ადგილზე ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელებით.

რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლაი კოვალიოვი აცხადებს, რომ „ეს არის ღია ანტირუსული დოკუმენტი, სადაც სადაც აფხაზი და ოსი ხალხის ნება იგნორირებულია“, ამიტომაც რუსეთის წარმომადგენლობა მას მხარს არ დაუჭერს.

„მხოლოდ ერთ მაგალითს მოგიყვანთ – რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ ქართველ დევნილებს არ ეძლევათ აფხაზეთში დაბრუნების საშუალება, მაშინ, როდესაც გალის რაიონში 50 000-მდე ქართველი დევნილი დაბრუნდა“, – განაცხადა კოვალიოვმა.

„ჩემი მხრივ, მინდა პატარა ისტორია მოვუყვე დელეგატებს, რომელიც საქართველოში წინა ვიზიტის დროს შევიტყვე,“ კავკასიის საკითხებში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან ვიგენინმა. „სოფელ ხურვალეთში მოხუცი კაცი პრაქტიკულად მოწყვეტილია შვილისა და ნათესავებისგან. სოფელი ორად გაიყო მავთულხლართებით. მისი მეუღლე ავადაა და არ შეუძლია წამლების თავისუფლად მიღება. გლობალური პოლიტიკა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ მე ვფიქრობ, ადამიანების ცხოვრება უფრო მნიშვნელოვანია. არის საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც ძალიან ადვილად შეგვიძლია. რატომ არ უნდა მივცეთ ამ ადამიანებს საშუალება, სულ მცირე, გადაკვეთონ ადმინისტრაციული საზღვარი, შეხვდნენ ნათესავებს და იცხოვრონ ნორმალური ცხოვრებით?!“

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (უეთო) საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური შეკრება – „25-წლიანი საპარლამენტო თანამშრომლობა: ნდობის შენება დიალოგით“ – 1-5 ივლისს საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ მიმდინარეობს.