henri

მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი ჰენრი კერალი მიიჩნევს, რომ თუკი კანონში ცვლილება მაინც შევა და საბანკო ზედამხედველობის ფუნქცია ახალი სამსახურის ხელში გადავა, აუცილებელია მისი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.

პარლამენტმა პრეზიდენტის, ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილის წინააღმდეგობის და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების გაფრთხილების მიუხედავად ეროვნული ბანკის შესახებ ცვლილება, რომელიც მისთვის საზედამხედველო ფუნქციის ჩამოშორებას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით მიიღო. რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, არც საბოლოო დამტკიცებისთვის შეიქმნება პრობლემა.

ეროვნულ ბანკს ზედამხედველობის ფუნქცია შორდება და ის პრემიერ-მინისტრის ხელში გადადის, რადგან, ორგანო, რომელსაც ეს ფუნქცია გადაეცემა, აქამდე არ არსებობდა და ახლა საგანგებოდ იქმნება. ის მთავრობის დაქვემდებარებაში იქნება.

ვიდრე პარლამენტი ამ საკითხს კენჭისყრაზე დააყენებდა, საერთაშორისო ფინანსურმა ორგანიზაციებმა  პარლამენტის თავმჯდომარეს  და პრემიერ-მინისტრს წერილიც მისწერეს და  მოსალოდნელ საფრთხეებზე გააფრთხილეს.

მიმართვა, რომელსაც ხელს მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროპის განვითარებისა და აზიის ბანკის წარმომადგენლები აწერენ, საკმაოდ ვრცელია და დაწვრილებით არის საუბარი ამ ცვლილებისგან გამომდინარე პოტენციურ საფრთხეზე.  ამიტომ,  საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას ეწინააღმდეგებიან.

სპეციალური განცხადება გააკეთა მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, ჰენრი კერალიმაც.

“ჩვენ ერთობლივი წერილით მივმართეთ პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს, სადაც ვაცხადებთ, რომ მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა. ჩვენ ასევე ვამბობთ, რომ თუკი აუცილებელია ცვლილება კანონში, ახალი საბანკო საზედამხედველო სამსახურის დამოუკიდებლობა უნდა იქნას უზრუნველყოფილი. ეს მნიშვნელოვანია, რადგან საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, რომელიც ავალდებულებს მას უზრუნველყოს ამ დაწესებულებების დამოუკიდებლობა,” –  განუცხადა ჟურნალისტებს ჰენრი კერალიმ.

მედიასთან საუბრისას მან აღნიშნა ისიც, რომ თუკი ცვლილებები განხორციელდება, ეს სტანდარტების დაცვით უნდა მოხდეს.

საინტერესოა, რომ ამ ინიციატივასთან დაკავშირებით პრლამენტის იურიდიულ კომიტეტს უარყოფითი დასკვნა ჰქონდა იმ არგუმენტით, რომ ეს საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

მიუხედავად ამისა, პარლამენტმა ეს პროექტი მაინც მიიღი და მნიშვნელოვანია, წინააღმდეგ ხმა მისცა მხლოდ ერთმა დეპუტატმ. კენჭისყრაში ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია.

პრეზიდენტი კი  ეროვნული ბანკის შესახებ კანონზე ვეტოს დასადებად ემზადება. თუმცა, მმართველ გუნდს ეს დიდად არ ადარდებს.  ისინი ამბობენ, რომ ვეტოს დაძლევენ. მარგველაშვილი ჯერ მხოლოდ წელიწადნახევარია, რაც პრეზიდენტია და  ვეტოს უფლება უკვე ორჯერ გამოიყენა,  ორივეჯერ ფარული მიყურადების შესახებ  კანონზე. თუმცა, იმის გამო, რომ მმართველ გუნდს ვეტოს დაძლევისთვის საჭირო ხმების რაოდენობა გააჩნდა,  პრეზიდენტის აზრი არ გაითვალისწინა.