Uncategorized

ეროვნული ბანკი მთავრობას ხარჯების შემცირებას ურჩევს

by | Jul 7, 2015

National_Bankსაქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო არასტაბილურობის თავიდან ასაცილებლად  მთავრობას მიმდინარე   ხარჯების შემცირებას და  საგადასახადო პოლიტიკის გადახედვას ურჩევს. თუმცა, მთავრობა  ამ რჩევის გათვალისწინებას არ აპირებს.

ეროვნული ბანკის  რეკომენდაციები წერილობითი სახით პარლამენტში უკვე გადაგზავნილია როგორც 2015 წლის ბიუჯეტის კორექტირებული პროექტის დასკვნა, სადაც ნათქვამია, რომ  პროექტში პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო მიმართულებები გათვალისწინებული არ არის.

“მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გამო, რამაც ყველა ძირითადი ვალუტის მიმართ  აშშ დოლარის გამყარება გამოიწვია და რეგიონში არსებული ძალიან რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო, ქვეყნის ეკონომიკა იმყოფება მნიშვნელოვანი საგარეო შოკის პირობებში. არსებულ შოკს აძლიერებს ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები,“ – ნათქვამია ეროვნული ბანკის დასკვნაში, სადაც აქცენტი იმაზეა გაკეთებული, რომ მთავრობამ ნაბიჯები სწორერედ ამ საფრთხეების საპასუხოდ  და რაც მთავარია, გარკვეული პრევენციისთვისაც უნდა გადადგას, რათა რეაგირება დროული და ნაყოფიერი აღმოჩნდეს.

„არსებული შოკების პირობებში სწორი რეაგირება იქნებოდა ეკონომიკურ ზრდაზე კონცენტრირება და გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში სოციალური და სხვა პრობლემების მიზნობრივი გადაწყვეტა,“ – ნათქვამია დასკვნაში.

იქვე ისიც არის ნათქვამი, რომ გაცვლითი კურსის ხელშეწყობისთვის „ალტერნატიული პოლიტიკის“ შემუშავებაა საჭირო, რათა „მოსახლეობის შემოსავლებს მინიმალური ზარალი მიადგეს როგორც მიმდინარე ასევე მომვალ წლებში.”

ალტერნატიული პოლიტიკა კი, „ეროვნული ბანკის“  რეკომენდაციით, გულისხმობს ბიუჯეტის ხარჯების მნიშვნელოვან შემცირებასა და არსებული საგადასახადო მექანიზმების გამოყენებას, როგორც აღნიშნული იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მთავრობასთან კონსულტაციის ფარგლებში.

ამასთან, ხარჯების შემცირება უნდა მოხდეს უპირატესად მიმდინარე ხარჯების კლებით.

„ პროექტით, ასევე არ არის დაგეგმილი ცვლილებები საგადასახადო კუთხითაც, რაც ხელს შეუწყობდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას და შედეგად გაცვლით კურსზე წნეხის შერბილებას,“ – ნათქვამია  რეკომენდაციაში.

ეროვნული ბანკი ფინანსური და სავალუტო სტაბილურობის კუთხით პრობლემებს რომ პროგნოზირებს, ამაზე წინა კვირასაც ითქვა. სწორედ ამის გამო მან რეფინანსირების განაკვეთი 50 პუნქტით გაზარდა და წლის ბოლომდე კიდევ 100-პუნქტიან ზრდას პროგნოზირებს.

მიუხედავად ამისა, მთავრობა ეროვნული ბანკის რეკომენდაციების გათვალისწინებას არ აპირებს.

ფინანსთა მინისტრმა ჟურნალისტებთან უკვე განაცადა, რომ მას „ეროვნული ბანკის არ ესმის“.

„სამწუხაროდ, ეს დასკვნა არის ურთიერთგამომრიცხავი. მაგალითად, ერთ ნაწილში წერია, რომ საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის დაფარვისთვის სახელმწიფომ უნდა გაზარდოს გადასახადები. მე, სიმართლე გითხრათ, არ მესმის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის, რომელიც თავის თავზე იღებს გადაწყვეტილებას, მთავრობას და პარლამენტს ურჩიოს გადასახადების გაზრდა,”  – აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

თუმცა, ის აქცენტს მოლოდ გადასახადების გაზრდის ნაწილზე აკეთებს, რაც ასევე  საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციაცაა და არაფერს ამბობს  ხარჯების ადეკვატურ შემცირებაზე, რაც ასევე კრიტიკის საგანი გახდა ქართველი ფინანსისტების მიერაც, რადგან მიაჩნიათ, რომ ბიუჯეტის  ხარჯები არასათანადოდ და არასწორი მიმართულებებით მცირდება.

2015 წლის ბიუჯეტი, რომელიც 8 მილიარდ ლარამდეა (დაახლ. 3,5 მილიარდი დოლარი), 140 მილიონი ლარით (62 მლნ დოლარი) მცირდება.

პარლამენტში ბიუჯეტის ცვლილებების განხილვის პროცესი დაწყებულია.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031