ენგურის ხიდზე მოძრავ მიკროავტობუსებს, აფხაზურ საგუშაგომდე მისვლა აეკრძალათ. კერძოდ, თუ აქამდე მიკროავტობუსებს ხალხი „საზღვრამდე“ მიჰყავდა, ახლა მათ მხოლოდ ხიდის ნახევრამდე შეუძლიათ მისვლა.

როგორც DFWatch-ს გალელებმა უთხრეს, ამის შესახებ გადაწყვეტილება სოხუმში იქნა მიღებული.

„ერთ დღეს სოხუმიდან შემოწმება იყო მოსული და მას შემდეგ მიკროავტობუსები შუა ხიდამდე მოდიან. შესაბამისად, ამ შემოწმებას ვუკავშირებთ. მიკროავტობუსის შემდეგ გზა ფეხით უნდა გააგრძელო. „საზღვრამდე“ მისვლის უფლება, მხოლოდ გაერო-ს მიკროატობუსს აქვს, რომელსაც ხალხი უფასოდ დაჰყავს. ახლა ეს ერთადერთი საშუალებაა ხიდზე გადასასვლელად, რომლის სიგრძეც დაახლოებით 1 კილომეტრია. უკვე კარგა ხანია, საერთდ შეწყვიტეს მუშაობა ოთხთვალებმა, რომელსაც ასევე გადაყავდა ხალხი ენგურის ხიდზე,“ – ამბობს გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მკვიდრი ლ.ნ.

შეგახსენებთ, რომ თავის დროზე ხალხი ხიდზე ოთხთვალებს, ე.წ. „ტაჩკებს“, გადაჰყავდა. თუმცა რამდენიმე თვის წინ ბიზნესს კონკურენტად მიკროავტობუსები გამოუჩდა და ფაქტობრივად ისინი ბაზრიდან განდევნა. საზოგადოების ნაწილი მიკროავტობუსის ბიზნესს პარტიზანული დაჯგუფება „ტყიდს ძმების“ ყოფილ უფროსს, დათო შენგელიას უკავშირებდა. გალელები ეჭვობენ, რომ სოხუმის რეჟიმის გადაწყვეტილება სწორედ ამ ფაქტორს უკავშირდება.