ამბები

ევროკომისარი: ევროპასთან უვიზო მიმოსვლა ოქტომბრიდან ამოქმედდება

by | Jul 14, 2016

johannes_hahnევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანი იმედოვნებს, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი ამ წლის ოქტომბერში აუცილებლად დასრულდება. ამის შესახებ ევროკომისარმა 14 ივლისს ბათუმში გამართულ კონფერენციაზე გააკეთა.

“ვაცნობიერებ, რომ ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მთავრობის მთავარ პრიორიტეტად რჩება. საქართველომ შეასრულა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება, რაც ევროკომისიამ შარშან დეკემბერში დაადასტურა. ნამდვილად, ეს არის ჭეშმარიტი წარმატება. ამ საკითხს მხარს უჭერს ქართული საზოგადოება და ყველა მთავარი პოლიტიკური პარტია. მოუთმენლად ველი, როდის შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობას. მჯერა, რომ ჩვენ ამ დღისგან დიდი დრო არ გვაშორებს. ეს პროცესი მიმდინარე წლის ოქტომბერში აუცილებლად დასრულდება“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა ბათუმში, ევროინტეგრაციის თემაზე მე-13 საერთაშორისო კონფერენციაზე “საქართველოს ევროპული გზა – სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება”. ღონისძიება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით იმართება.

საგულისხმოა, რომ ზუსტად ასეთივე დარწმუნებით ევროკავშირის ოფიციალური პირების მხრიდან ადრეც გაკეთებულა განცხადებები იმაზე, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია ზაფხულში, კონკრეტულად კი 15 ივნისისთვის დასრულდებოდა. თუმცა შექმნილი მოლოდინი არ გამართლდა და საქართველოს საკითხის განხილვა სექტემბრისთვის გადაიდო.

მაგალითად, პირველად ვიზალიბერალიზაციის საფხულში დასრულების მოლოდინი  ევროკომისარმა  მიგრაციის, შიდა საქმეებისა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსმა გააჩინა, როდესაც 9 მარტს ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე საკანონმდებლო წინადადება გადაუგზავნა და პრესკონფერენციაზე უვიზო მიმოსვლის ამოქმედების ვადად 3-4 თვე დაასახელა. ავრამოპულოსმა უვიზო მიმოსვლის ზაფხულში მიღების შესაძლებლობაზე 2 აპრილს საქართველოში ვიზიტად ყოფნის დროსაც ისაუბრა. მართალია მას მაშინ თარიღი არ დაუკონკრეტებია, მაგრამ განაცხადა, რომ საქართველოს წარმატებულად გატარებულ რეფორმებს ულოცავს და იმედოვნებს, რომ ძალინ მოკლე დროში, „უახლოეს თვეებში მოხდება პროცესის წარმატებით დასრულება“.

თუმცა მოგვიანებით ვადამ შემოდგომამდე გადაიწია. ევროპარლამენტში განხილვისას უვიზო მიმოსვლის ზაფხულში ამოქმედების წინააღმდეგ გერმანია და საფრანგეთი წავიდნენ. გერმანიის პრესამ დაწერა, რომ ბერლინის უარის მიზეზი ამ ქვეყანაში ქართველი არალეგალების უკიდურესად მოხშირებული კრიმინალი იყო. ოფიციალურ  კი მიზეზად მიგრანტთა კრიზისის გამო ევროკავშირის სიფრთხილე დასახელდა. ერთი კვირის წინ კი, საქართველოს საკითხის ევოპარლამეტში განხილვა სექტემბრისთვის, ზაფხულის შვებულების დასრულებისთვის, გადაიდო.

ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის, ვანო ჩხიკვაძის თქმით, ჩვენი საკითხის განხილვა ჩანიშნულია სექტემბერში და ახლა მთავარია  განხილვისას რაიმე ახალი დამაბრკოლებელი მიზეზები არ გაჩნდეს.

„შეიძლება ნებისმიერი სხვა რამ გამოჩნდეს რისკად. მაგალითად, 18 დეკემბერს გამოქვეყნებულია რისკების შეფასების მექანიზმი, სადაც ერთ-ერთ რისკად არის ის, რომ საქართველოზე გადის ჰეროინის სატრანზიტო გზა და უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში შეიძლება ქართველები კურიერებად ჩაერთონ. ასე რომ, ვერაფერს გამოვრიცხავთ,”- ამბობს ჩხიკვაძე, თუმცა მაინც იმედი აქვს, რომ ამჯერად მაინც მოხდება საქართველოს საკითხის დადებითად გადაწყვეტა და ოქტომბრიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031